საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება
საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩი "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოს" შორის არ შედგა. შეხვედრის გადადების გადაწყვეტილება დილით თბილისში იმ დროს და ისეთ ვითარებაში იქნა მიღებული, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ადგილზე არ გასცნობიან შექმნილ მდგომარეობას.
სამწუხაროდ, მასპინძელი კლუბის მხრიდან მატჩის ჩატარების მიზნით რეალურად არანაირი პრაქტიკული ღონისძიებები არ იქნა განხორციელებული.
"დინამო თბილისი" იმედოვნებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ობიექტურად შეისწავლის შექმნილ სიტუაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს არშემდგარი მატჩის მასპინძელი კლუბის მიმართ.
"დინამოს" პრესსამსახურის უფროსმა გიგა გვენცაძემ კი "ლელოსთან" საუბარში ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ჩვენი გუნდი იმერეთში თამაშის წინა დღეს გაემგზავრა. "ზესტაფონი"-"დინამო" კვირას, 18 საათზე უნდა დაწყებულიყო. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს მატჩის გადადების გადაწყვეტილება შეხვედრის გამართვამდე 6 საათით ადრე თბილისში, ფეხბურთის ფედერაციაში ისე, რომ ფედერაციის არც ერთი წარმომადგენელი ადგილზე არ გასცნობია არსებულ ვითარებას.
ზესტაფონის მსგავსი მეტეოპირობები, მაგრამ კარდინალურად განსხვავებული სურათი იყო მეზობელ ქუთაისში, სადაც "ტორპედო"-"მერანის" შეხვედრა 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და მატჩის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უკანასკნელ წუთამდე არავის მიუღია, თამაშის ჩატარების მცდელობა ბოლო მომენტამდე იყო.
ჩვენთვის გასაგებია, რომ "ტორპედოსთან" სათასო მატჩის შემდეგ მეტოქეს, ჩვენს გუნდთან შედარებით, ნაკლები დრო ჰქონდა პრინციპული შეხვედრისთვის მოსამზადებლად და თუ მათი მხრიდან წინასწარ იქნებოდა მცდელობა ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩის გადადების თაობაზე, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი კლუბი გაგებით მოეკიდებოდა მსგავს წინადადებას.
შეგახსენებთ, ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრის წინ ჩვენი კლუბის წარმომადგენლები ღიად ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ "დინამო" არ იქნებოდა წინააღმდეგი იმ თამაშის გადადების, ვინაიდან ევროთასებზე ასპარეზობის შემდეგ "დინამოს" ძალიან მცირე, მაგრამ მაინც უპირატესობა ჰქონდა მეტოქესთან შედარებით, რომელმაც შეხვედრა ბელგიაში გამართა და ჩვენზე ნაკლები დრო ჰქონდა მატჩისთვის მოსამზადებლად".
მიმაგრებული სურათი