ნაწყვეტი კოკაიას ინტერვიუდან:
http://worldsport.ge/Read.aspx?news=28315&lang=1- სატრანსფერო სამყაროსთან ასე ახლოს მყოფ ადამიანს, მურთაზ დაუშვილი რატომ “დაგემართათ”?
- როგორ გითხრათ, დაუშვილს ერთი წამითაც ვერ გავამტყუნებ იმაში, რომ მას საფეხბურთო გარემოს გამოცვლა უნდა და შესაძლოა, პირობებიც გაიუმჯობესოს. მაგრამ თავად მისი მიდგომა ამ საკითხისადმი, არასწორი იყო, იჩქარა და მერწმუნეთ, თვითონაც ნანობს.
გულახდილად გეტყვით იმას, რაც ვერ შევძელით ამ წლების განმავლობაში “ზესტაფონში” - ვერ გავაგებინეთ ფეხბურთელებს, რომ კლუბი მათთვის სიწმინდეა. ადგილი, სადაც თუ შეხვედი, პატივიც უნდა სცე. ის მისი ოჯახია, რომელიც მას აძლევს ყველაფერს და როცა ფეხბურთელი გამოვა და იტყვის - ამ კლუბს ყველაფერი გავუკეთეო, ე.ი. მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებას რაღაც დავაკელით.
ვკითხულობ, შენ გაუკეთე, თუ პირიქით, კლუბმა გაგიკეთა ყველაფერი? ფეხბურთელად გაგზარდა, ხელფასს გაძლევდა. ხალხი განათლების მიღებაში ფულს იხდის, შენ კი იქით გაძლევს ფულს - ეს ამაგი რამეთი არ უნდა დააფასო?
ჩემი აზრით, კლუბს ემსახურნენ უჩა ლობჟანიძე და ბექა გოცირიძე, რომლებიც წავიდნენ და ტრანსფერის შემდეგ უკან 3 მილიონი ევრო “გამოაგზავნეს”.
ჩვენ, დაუშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელიც გვყავს, რომელსაც ახლა უმთავრდება კონტრაქტი. დავიბარეთ იგი, ვკითხეთ - რას აპირებს, მანაც გვიპასუხა. პრობლემა არაა, რას ფიქრობს ფეხბურთელი - წასვლა უნდა თუ დარჩენა. მთავარია ვიცოდეთ, ჩვენ რა მოვიმოქმედოთ მომავალში.
რა ხდებოდა დაუშვილთან დაკავშირებით? ზუსტად ერთი წლის წინათ ვესაუბრეთ მას ჩვენთან კონტრაქტის შესაძლო გაგრძელებაზე. ფეხბურთელმა გვითხრა, რომ ექვს თვეში იგი თავად მოგვიტანდა ისეთ კონტრაქტს, ჩვენც კმაყოფილი ვიქნებოდით და თავადაც. გავიდა 6 თვე, მოვიდა ევროთამაშების პერიოდი და ვხედავთ, რომ ამ ბიჭმა ცოტა მოუკლო თამაშს - ნაკრებში, ჯერ ძირითადიდან 18 კაცში გადავიდა, მერე იქიდანაც ამოვარდა.
დათქმული ვადის გასვლას ისეთი პერიოდი დაემთხვა (ჩემპიონატის დასასრული და ახალი სეზონისთვის მზადების დასაწყისი), ამ დროს ფეხბურთელის შეწუხება არ გვინდოდა. ვუცდით, რომ სიტყვას შეასრულებს და თავად მოვა მომავლის გეგმებზე სალაპარაკოდ. როცა “შტურმთან” თამაშებში დაუშვილი მწვრთნელმა შეცვალა, ეს ჩემთვის უკვე სიგნალი იყო - მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა.
ეს ბიჭი არც ჩვენთან მოდის სასაუბროდ, თან თამაშს უკლო და ვგრძნობ, რომ რაღაც ხდება მის თავს. მწვრთნელთან დალაპარაკების შემდეგ, როცა გეგუჩაძემ მითხრა, რომ დაუშვილმა ვერ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები და იმიტომ შეცვალა ავსტრიელებთან ორივე შეხვედრაში (26 ივლისი და 3 აგვისტო - რედ.), დავიბარე ფეხბურთელი სასაუბროდ. პასუხად კი ვიღებ - “არ მცალია”.
მხოლოდ ასეთი პასუხის შემდეგ ვთხოვე გუნდის ხელმძღვანელობას, რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები. როგორია, ფეხბურთელს კლუბის პრეზიდენტისთვის არ სცალია!
გაირკვა, რომ პოლონეთთან საქართველოს ნაკრების ამხანაგური თამაშის (10 აგვისტო - რედ.) შემდეგ ჩასულა უკრაინაში და “კარპატთან” კონტრაქტზე ხელი მოუწერია. ჩემი ფეხბურთელი რომ მგონია, თურმე, ღამით ”კარპატის” მაისურს ჩახუტებულს სძინავს - სულ არ ანაღვლებს ”ზესტაფონი”.
სხვანაირად ვიცოდი და ეს თუ სიმართლეა, დაუშვილი მართლა ძალიან ცუდად მოქცეულა, ასე არ შეიძლება.
ასე რომ კლუბის რეაქციაც გასაგებია ჩემთვის. ერთს გაუვა და მერე სხვებიც აყვებიან. მართალია ამით ნაკრები ასე თუ ისე ზარალდება, მაგრამ კლუბს თავისი ინტერესები აქვს.