http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=29782&lang=1თბილისის “დინამო” 13 იანვარს შეკრებაზე გაემგზავრება და ესპანეთში გაფრენამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექს გარსიამ ეროვნულ სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.
ალექს გარსია: “პირველყოვლისა, გილოცავთ ახალ წელს. გუშინ პირველი ვარჯიში ჩავატარეთ ახალ ფეხბურთელებთან ერთად. გუნდიდან ზოგი მოთამაშე წავიდა, ზოგიც მოვიდა. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი წელი ახალი შემართებით დავიწყოთ”.
- როგორ დაისვენეთ?
- ოჯახთან ერთად ყოველთვის კარგად ვისვენებ. “დინამოში” რომ ჩამოვედი, ჩემი უმცროსი შვილი ჯერ ვერ დადიოდა, ახლა კი ფეხი აიდგა. საუკეთესო საახალწლო საჩუქარი გამიკეთა.
- ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატეთ – მერებაშვილი და ძარია. მათზე რას იტყვით?
- ვიდრე შვებულებაში გავიდოდით, კლუბის პრეზიდენტთან და ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად მომავალ ტრანსფერებზე ვისაუბრეთ. იმ ფეხბურთელებს შევეხეთ, რომლებიც გუნდს გააძლიერებდნენ და კონკურენციას შექმნიდნენ. ამ ფეხბურთელებს დიდი ხანია თვალს ვადევნებდით. ისინი იმას შეგვმატებენ, რაც გვაკლდა. ახალგაზრდულ შემადგენლობას გამოცდილი ფეხბურთელები დაემატნენ.
- რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით? როგორ აპირებთ “ზესტაფონთან” ჰანდიკაპის აღმოფხვრას? რისი ბრალი იყო ეს შედეგი, რომელიც შეიძლება სამარცხვინოდ ჩაითვალოს?
- ჩვენი მიზანი სტაბილურობა იყო, მაგრამ ამ დროის განმავლობაში არასტაბილურები ვიყავით.
- რამდენად რეალურია, რომ საქართველოს ჩემპიონები გახდეთ?
- ყველა თამაში თუ მოვიგეთ, გავხდებით.
- უკანა ხაზი გუნდის სუსტი წერტილი იყო? მცველების დამატებას აპირებთ?
- ჩვენს გუნდში ყველა როგორც უტევს, ისე თავს იცავს. გუნდის თამაშს თვალს თუ ადევნებთ, ჩვენი პირველი შემტევი ლორიაა. ვცდილობთ, რომ პირველი მცველები თავდამსხმელები იყვნენ.
- არასტაბილურობას რით ხსნით? საქართველოში “დინამოს” საუკეთესო პირობები აქვს, მაგრამ გუნდის თამაშის გაუმჯობესების არავითარი ნიშანი არ ჩანს...
- ჩემი აზრით, კარგი თამაშებიც გვქონდა. კონკრეტულ მომენტებში არასტაბილურობამ დიდი გავლენა მოახდინა. “ზესტაფონთან” 65 წუთი კარგად ჩავატარეთ და შეგვეძლო, წინ გავსულიყავით, მაგრამ ბოლო 30 წუთში 5 ბურთი გავუშვით.
- “დილასთან” და “მერანთან” მატჩების შემდეგ, ხან მოედნის საფარის მდგომარეობაზე აპელირებდით, ხან მსაჯებზე. “დინამოს” მწვრთნელისგან ასეთი რამ უხერხული ხომ არ არის?
- ეს თავის მართლება არ არის. უბრალოდ, ისეთი დეტალებია, რომლებიც ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, ამინდს ქმნის. როდესაც ვაგებთ, ე.ი ვაგებთ და ყველაზე მეტად პასუხისმგებელი მე ვარ.
- ჭირდება თუ არა მოედნის ცენტრში “დინამოს” შემოქმედი ფეხბურთელი, ე.წ. “ფანტაზისტა”?
- ჩემი აზრით, გუნდში კონკურენტული გარემო გვაკლდა და დღეს ამას მივაღწიეთ.
- “ზესტაფონთან” შედარებით, “დინამო” ცუდადაა დაკომპლექტებული. კლუბში სელექციაზე პასუხს ვინ აგებს?
- მე გუნდთან ერთად ვარ და ვხედავ, რა აკლია. კლუბის ხელმძღვანელობას საკმაოდ დიდი ხნის წინ გადავეცი, თუ რომელი ამპლუის ფეხბურთელები მჭირდებოდა. სელექციაზე პასუხისმგებელი სპორტული დირექტორია.
- ესპანელი ფეხბურთელებიდან “დინამოში” ყველა დარჩება?
- გაშვებით არავის გავუშვებთ. პირიქით, დავიმატებთ ერთ ესპანელს – საყრდენ ნახევარმცველ ანდრე გერაუს, რომელიც ხიხონის “სპორტინგში” თამაშობდა, ხოლო ბოლოს “ოკლენდში” იყო.
- ბოლო თამაშებში მუშაობა სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გიწევდათ, რაც განაცხადეთ კიდეც...
- საერთო ჯამში, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ, მაშინ ვთქვი, რომ საჭირო იყო მოთმინებისა და სიმშვიდის შეგრძნება. ასეთი დონის გუნდს ზეწოლა ექნება. ზეწოლა უნდა იყოს, რადგან ჩვენ მომგები გუნდი ვართ.
- “დინამო” სტუმრად უფრო სუსტად თამაშობდა, ვიდრე შინ...
- როგორც ზემოთ ავღნიშნე, სტაბილურობას ვერ მივაღწიეთ.
- რამდენად ერთსულოვანია “დინამოს” სტაფი – თქვენ, გენერალური დირექტორი, სპორტული დირექტორი?
- საუცხოო გარემოა. ყველა მუშაობს, რათა გუნდისთვის კარგი გააკეთოს.
- კიდევ რომელი ფეხბურთელის დამატებას აპირებთ?
- გოგუას თაობაზე მიდის მოლაპარაკება და საკითხი დადებითად გადაწყდება. ის შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნება. მიდის მოლაპარაკება სანდრო გურულთან და პასუხს ველით.
- თამაშს კვლავ 4-3-3 ტაქტიკით აპირებთ? მერებაშვილს სად გამოიყენებთ?
- ჩვენი სათამაშო სქემა კვლავ 4-3-3 რჩება. ამ შეკრებას იმისთვის გამოვიყენებთ, რათა მერებაშვილის სათამაშო პოზიცია განვსაზღვროთ.
- ტაქტიკის შეცვლაზე არ გიფიქრიათ?
- ევროპის ლიგის ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, ეს კითხვა ხომ აღარ გაჩნდებოდა. ევროპის ლიგის შესარჩევში ყველაზე შედეგიანი გუნდი ვიყავით. ვიტყუები რამეს? უეფას ვებგვერდზე არის სტატისტიკა.
- ამ ტაქტიკამ შედეგი საბოლოო ჯამში ვერც ევროპის ლიგაში გამოიღო და ვერც საქართველოს ჩემპიონატში. ევროპის ლიგაში მეტოქეებად ძლიერი გუნდები არ გყოლიათ...
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ აეკ-ი კარგი გუნდი არ არის? კითხვას გისვამთ – როდესაც ვიგებთ, ე.ი. მოწინააღმდეგეა ცუდი?
- უცხოელი ლეგიონერების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ გვაქვს. როგორ ფიქრობთ, როდესაც ლეგიონერი ჩამოდის, ის ერთი თავით ხომ მაინც უნდა სჯობდეს ადგილობრივ ფეხბურთელს? ესპანელი ლეგიონერების თამაშით კმაყოფილი ხართ?
- სიმართლეს გეტყვით – კმაყოფილი ვარ, მაგრამ შეიძლება უფრო კმაყოფილი ვყოფილიყავი.
- ჩისკო რჩება, დაიმატეთ მერებაშვილი და გოგუა... სამი ლიდერი გუნდში დისბალანსს ხომ არ შექმნის?
- არა. ახალი ფეხბურთელები გვჭირდებოდა და დავიმატეთ.
- “დინამოს” მიერ საქართველოს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგის შემდეგ, ბევრმა თქვენი კომპეტენცია ეჭქვეშ დააყენა. ოპონენტებს რას უპასუხებთ?
- ეს ფეხბურთის რეალობაა - როდესაც შედეგი არ გაქვს, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. რა უნდა ვქნათ? შრომა უნდა გავაორმაგოთ. მეტის გაკეთება შეიძლება. სამუშაოდ ნორმალური გარემო არის შექმნილი.
“დინამო” ბარსელონაში 13 იანვარს გამთენიისას გაემგზავრება და 23 იანვრამდე დარჩება. ამ ხნის განმავლობაში თბილისელები ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებენ. სავარაუდოდ, თბილისელთა მეტოქეები პრიმერა დივიზიონის “ესპანიოლი” და სეგუნდა B-ს “ტერასა” იქნებიან.
23 იანვარს “დინამო” ბარსელონიდან მარბელიაში გადაინაცვლებს, სადაც Impact Cup-ის გათამაშებაში ჩაერთვება. “დინამოს” პირველი მეტოქე პოლონეთის “კრაკოვია” იქნება, ხოლო დანარჩენი მეტოქეების ვინაობა ტურნირის მსვლელობისას გაირკვევა. თუმცა, გუნდი “კრაკოვიასთან” შეხვედრის შემდეგ კიდევ ორ თამაშს რომ ჩაატარებს, ეს ახლავე ცნობილია. აქვე გეტყვით, რომ “დინამოსა” და პოლონური კლუბის გარდა, Impact Cup-ზე უკრაინული კიევის “დინამო”, ბულგარული პლოვდივის “ლოკომოტივი”, შვეიცარიის “იანგ ბოიზი”, უნგრეთის “ვიდეოტონი”, ლიტვის “ეკრანასი”და ნორვეგიის “სტრიომსგოდსეტი” ითამაშებენ.
შედარებით ვრცელი ინტერვიუ დღევანდელი პრესკოსი...