ირაკლი სირბილაძე: “ნაკრების შედეგებზე მწვრთნელი აგებს პასუხს”ირაკლი სირბილაძე ფინეთის ჩემპიონატში სტაბილურად თამაშობს და მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, თითქმის ტური არ გავა, გოლი არ გაიტანოს და თავისი კარიერის განმავლობაში საუკეთესო ფორმაშია. საქართველოს ნაკრების ორი წარუმატებელი თამაშის შემდეგ მასთან საუბარი გადავწყვიტეთ.
– ირაკლი, თავდაპირველად ნაკრებზე გკითხავ როგორ ფიქრობ ფინეთთან გამარჯვებას იმსახურებდა საქართველოს ნაკრები?
– კი, ფინეთთან კარგად ვითამაშეთ და უნდა მოგვეგო, რთული თამაში იყო, მაგრამ ვიმსახურებდით მოგებას.
– შენ ფინეთის მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხარ მაშინ, როცა ეროვნულ ნაკრებს ყველაზე მეტად შეტევის ხაზში უჭირს, ყველა ველოდებოდით შენს თამაშს ფინეთთან. შენი აზრით, რატომ არ გათამაშა თემურ ქეცბაიამ?
– ნუ, მე ვერაფერს ვიტყვი. გუნდს ჰყავს მწვრთნელი და კარგად იცის თვითონ, ვინ რა დროს უნდა ათამაშოს. მთავარია, ნაკრებმა მოიგოს, შედეგი და წინსვლა ჰქონდეს.
– ეს პროფესიონალი ფეხბურთელის დიპლომატიური პასუხია და გეთანხმები, თუმცა მოლოდინი დიდი იყო, რომ ძირითადში იქნებოდი ბელორუსიასთან თუ არა ფინეთთან მაინც. ბუნებრივია, ჯგუფიდან გასვლის შანსი ნულის ტოლია და მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთ. როგორ ფიქრობ, ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი თუ მიზეზები რა უნდა იყოს?
– თემურ ქეცბაია იღებს გადაწყვეტილებს, თუ ვინ უნდა ითამაშოს და მწვრთნელი აგებს პასუხს შედეგზე. ქართველ გულშემატკივარს კი მადლობას ვუხდი გულშემატკივრობისთვის და გვერდზე დგომისთვის. ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი ალბათ შეუთამაშებლობა და გამოუცდელობის ბრალია. თემურ ქეცბაია ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ ეს ხარვეზები აღმოიფხვრას და გუნდმა კარგი შედეგი აჩვენოს.
– ფინეთზეც შეგეკითხები. ტური არ გავა, გოლი არ გაიტანო. ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სოლიდურად ლიდერობ. მოახერხებს “ტურკუ” ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებას?
– ფინეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტური დარჩა და ერთ ქულით გვისწრებს პირველ ადგილზე მყოფი “ჰიკი”. იმედი მაქვს რომ მაინც ჩვენ გავხდებით ჩემპიონები და ამასთან ერთად ბომბარდირი მინდა გავხდე, მაგრამ პირველ რიგში ჩემპიონობა და მერე ბომბარდირობა.
– წარმატებებს გისურვებთ. იმედია, თქვენი ორივე სურვილი ახდება. და ბოლოს, რას ეტყვით გულშემატკივრებს?
– დიდ მადლობას ვეტყვი ქართველ გულშემატკივარს გვერდში დგომისთვის და გუშემატკივრობისთვის. მთავარია, მოთმინება, ჩვენს ნაკრებს ისევ ისე ქომაგობა და სტადიონზე მოსვლა სჭირდება, როგორც ეს იყო ესპანეთთან და შედეგიც იქნება, ყველაფერს დრო უნდა.
– საინტერესო იყო შენთან საუბარი, იმედია მალე ისევე როგორც კლუბში, ნაკრებშიც გაგვახარებ გოლებით და ჩვენი ნაკრები სასურველ შედეგს მიაღწევს.
ედემი ელერჯია
http://fanebi.com/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83...83%94%E1%83%91/
მიმაგრებული სურათი