ირაკლი სირბილაძე – რა დასამალია და ძალიან მინდა გოლი გავიტანო25 მარტს, თბილისი დროით 20:30 საათზე, ირაკლი სირბილაძის ინტერ ტურკუ ფინეთის თასის გათამაშების მეოთხე ეტაპის შეხვედრას გამართავს. ქართველი ათიანის გუნდი ქალაქ ვალკეაკოსკში, ადგილობრივ VaKP-ს დაუპირისპირდება, რომელიც ფინეთის რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. სათასო დაპირისპირებამდე ირაკლი სირბილაძეს კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
ირაკლი სირბილაძე – ინტერ ტურკუ ფინეთის თასის გათამაშების მეოთხე ეტაპიდან იწყებს. ხვალინდელ მატჩში გაირკვევა წყვილის ბედი (ფინეთის თასის აღნიშნულ ეტაპზე ერთი მატჩი იმართება – ავტ.) ორი ფეხბურთელის გარდა, ყველანი მწყობრში ვართ და შეიძლება ითქვას, რომ ინტერი მოახლოებულ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. პირადად მე, ტრავმის შემდეგ ნელ–ნელა ფორმის აღდგენა ვცდილობ. ამ თამაშისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად შეუთამაშებლები ვართ, რაც ამხანაგურ შეხვედრებში დაფიქსირებულამ ცუდმა შედეგებმაც გვაჩვენა, მიმაჩნია, რომ ჩემს გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ მინიმუმ შარშანდელი შედეგი გაიმეოროს. იმედი მაქვს, ხვალინდელ შეხვედრაში ჩვენ გავიმარჯვებთ და სეზონის ოფიციალურ ნაწილს მოგებით დავიწყებთ. მე კი ჩემის მხრივ გუნდის წარმატებისთვის თავს არ დავზოგავ. რა დასამალია და ძალიან მინდა გოლი გავიტანო, შეიძლება ითქვას, რომ ტრავმის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან მჭირდება.
http://fanebi.com/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83...83%A1%E1%83%90/