ირაკლი სირბილაძე: "მაჯობოს ჩემზე ახალგაზრდამ და ხმას არ ამოვიღებ" ბოლო წლებში არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია ფინეთში, თუმცა ირაკლი სირბილაძე მათ შორის უდავოდ გამორჩეულია. ჯერ იყო, პირველ ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი გახდა, შემდეგ უმაღლესის "იაროში" გადავიდა და ნახევარ სეზონში 9 გოლი გაიტანა, ახლა კი ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ტურკუს "ინტერშიც" გააქვს გოლები. 29 წლის სირბილაძემ ფინეთის ლიგის თასის 5 მატჩში 3 ბურთი შეაგდო.
"მსოფლიო სპორტი" ტანმაღალ ფორვარდს ფინეთში დაუკავშირდა. სირბილაძე ბევრ საინტერესოს ამბობს – მათ შორის, თუ როგორ დატოვა 2007 წელს რუსთავის "ოლიმპი" რევაზ ძოძუაშვილის გათავკაცების შემდეგ. ასევე, საუბარი საქართველოს ნაკრებსაც შეეხო, რომელშიც სირბილაძეს არასოდეს უთამაშია:
- რამდენიმე დღის წინ, ლიგის თასზე გადამწყვეტი გოლი გაუტანეთ “ჰაკას”. გოლის ეპიზოდი გაიხსენეთ...
- ფინეთის ნაკრების ფეხბურთელმა ოიალამ კუთხური ჩააწოდა, ახლო ძელთან დასწრებაზე თავით ვითამაშე და შორეულ კუთხეში დავარტყი. ლამაზი გოლი გამოვიდა. ოიალა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია ფინეთის ჩემპიონატში, პასებით გამოირჩევა, კარგი ჩაწოდებები აქვს და ეს ჩემთვის ძალიან კარგია. თასის მეოთხედფინალში გავედით და ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
- რამდენად დიდია კონკურენცია თქვენს პოზიციაზე?
- შეტევისას 4-3-3, დაცვისას კი, 4-5-1 სისტემით ვთამაშობთ და ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი მე ვარ. კონკურენცია არის, თუმცა ჯერჯერობით, ძირითად ფორვარდად ვითვლები და დათმობას არ ვაპირებ. ჩემს მოსვლამდე ფრანგი თამაშობდა წინ, თუმცა ახლა ხან შეცვლაზე შემოდის, ხან შემტევ ნახევარმცველად აყენებენ.
- ალბათ, ჩემპიონატის ბომბარდირობას უმიზნებთ...
- უნდა ვთქვა, რომ ძალიან მეუხეშებიან. ფიზიკურად რომ ვერ მჯობნიან, ხშირად არასპორტულ ქცევებსაც არ თაკილობენ. ვუძლებ. თანაც, გვერდში მყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც პასებით კარგად მამარაგებენ და რატომაც არ უნდა ვიფიქრო ბომბარდირობაზე? ვიცი, ბევრს ჰგონია, ფინეთში გოლის გატანას რა უნდაო. ასე არაა. ვინც ამ აზრისაა, ჩამოვიდეს აქაურ უმაღლეს ლიგაში და შეაგდოს გოლები. ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვის.
- "ინტერს" ჩემპიონობის რამდენად დიდი შანსი ექნება?
- ჰიკ-ი და ჩვენ ფავორიტები ვართ. გასულ სეზონში "ინტერი" მეორე ადგილზე გავიდა და წლეულს ევროპის ლიგაში ითამაშებს. მოსამზადებელ ეტაპზეც მივხვდი, რომ "ინტერი" საკმაოდ ძლიერია. ექვსი უცხოელი წავიდა, სამნი კი მოვედით და პლუს, სარეზერვო გუნდიდან დაგვემატნენ. ეს ახალგაზრდა ბიჭები არიან და ჯერ გამოცდილება არ ჰყოფნით. თუმცა, მიზანი ჩემპიონობაა.
- "იაროში" თამაშისას, "ინტერის" კარში გოლი ხომ არ გაგიტანიათ?
- ვერ გავიტანე, თუმცა მომენტები მქონდა. ისე კი, "ინტერს" მოვუგეთ.
- ასეთი კითხვა: საქართველოს წამყვანი გუნდებიდან რომ გქონდეთ მოწვევა, წამოხვიდოდით თუ ფინეთში დარჩებოდით?
- აქ დავრჩებოდი. ფინეთში ყველა გუნდს აქვს პირობები, მინდვრები იდეალურია, ცხოვრების დონე ძალიან მაღალია, პლუს, აქედან ევროპის კარგ კლუბში მოხვედრის მეტი პერსპექტივაა.
- ასეთ ცივ ქვეყანას იდეალური მინდვრები რომ აქვს, ცოტა არ იყოს, შეგშურდება...
- უვლიან და იმიტომ. ინფრასტრუქტურა უმაღლეს დონეზეა. არა მარტო უმაღლესის, არამედ ქვედა ლიგის გუნდებსაც ხასხასა მინდვრები აქვთ. თავიდან მეც გაკვირვებული ვიყავი.
- ფინური ფეხბურთის ლეგენდა იარი ლიტმანენია. მის წინააღმდეგ მოგიწიათ თამაში?
- დიახ. შარშან ჰიკ-ს ვხვდებოდით, 40 წლის კაცმა ულამაზესი მაკრატელა დაარტყა და მე გამოვიტანე ბურთი კარის ხაზიდან. კუთხურს აწვდიდნენ და დაცვას ვეხმარებოდი. თამაშის შემდეგ გამახსენა ის მომენტი – გული დამწყდა, რომ არ გამატანინეო. როგორც ვიცი, ახლა შეეშვა თამაშს და შესაძლოა, "აიაქსში" წავიდეს. ფინურმა გაზეთებმა დაწერეს, "აიაქსის" მწვრთნელი ფრანკ დე ბური ეპატიჟება და ალბათ, ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს ჩააბარებენ, ან ხელმძღვანელობაში რომელიმე თანამდებობაზე დანიშნავენო.
- როგორც ვიცით, ქალაქ ტურკუს მეორე გუნდიც ჰყავს უმაღლეს ლიგაში...
- დიახ. ტპს, ანუ "ტურუნ პალოსეურა". ხუთეულის გუნდად ითვლება. დერბის დროს სტადიონი ივსება.
- ფინეთში ჰოკეი ნომერ პირველი სპორტია და ალბათ, ფეხბურთი ჩრდილშია...
- ასეც ვერ ვიტყვი. მართალია, ჰოკეი გაცილებით პოპულარულია, მაგრამ ფეხბურთიც საკმაოდ უყვართ. ფეხბურთელებსაც სცნობენ ქუჩაში, მათ შორის, მეც.
- ფინეთის ნაკრები საქართველოს მეტოქეა 2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში. როგორ დაახასიათებთ მიქსუ პაატელაინენის გუნდს?
- ახალგაზრდული, მებრძოლი გუნდია. თაობათა ცვლა მიდიოდა და ფაქტობრივად, ახალ ნაკრებს აკეთებენ. ფინეთი თუ საქართველო? შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.
- ამ ეტაპზე საუკეთესო ფეხბურთელი, ალბათ, "შალკეს" ფორვარდი ტეემუ პუკი ჰყავთ...
- პუკი მართლაც ძლიერია. თუმცა სხვებიც ჰყავთ. სხვათა შორის, შარშან ჰიკ-მა "შალკეს" 2:0 მოუგო, ორივე პუკიმ გაიტანა და მალევე გერმანელებმა კონტრაქტი გაუფორმეს. პუკის გარდა, იმ მატჩის შემდეგ, კიდევ ოთხი ფეხბურთელი გაიყიდა ჰიკ-იდან ევროპულ კლუბებში.
- საქართველოს ნაკრებში ჯერ არასოდეს გითამაშიათ. მზად ხართ?
- სურვილი მაქვს და ფორმაშიც ვარ. ღმერთის წყალობით, გოლები გამაქვს, ფორვარდისთვის კი ყველაზე მთავარი სწორედ ესაა. თუ გამომიძახებენ, გამიხარდება, თუ არადა, მაინც წარმატებას ვუსურვებ თემურ ქეცბაიასა და მის გუნდს. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ 29 წლის ვარ, მაგრამ არ დავბერებულვარ. მაჯობონ ჩემზე ახალგაზრდებმა, 22-23 წლისებმა და ხმას არ ამოვიღებ.
- კერძოდ, ვინ გაამახვილა ყურადღება თქვენს ასაკზე?
- მესმის ხოლმე ასეთები, 29 წლისაა და რაღა უნდა ითამაშოსო. აქ, ფინეთში პასპორტში არავინ გიყურებს. მინახავს 18-20 წლის ბიჭები, ფეხბურთისთვის თავი რომ დაუნებებიათ.
- როდესაც საქართველოში თამაშობდით, საუკეთესო სეზონი, ალბათ, 2004-2005 წლებში გქონდათ. ეს მაშინ, როცა თბილისის "ლოკომოტივმა" საქართველოს თასი მოიგო. შემდეგ ცოტა ჩრდილში მოექეცით და ფინეთში ხელახლა დაიწყეთ გოლების გატანა. რატომ იყო ის ჩავარდნა?
- ნოდარ აკობიას "ლოკომოტივი" მართლაც ძლიერი იყო და მეც გამქონდა გოლები. შემდეგ იმან იმოქმედა, რომ ხშირად მიხდებოდა კლუბის გამოცვლა. კარგი პერიოდი მქონდა რუსთავის "ოლიმპშიც", როცა გუნდს გიორგი კიკნაძე და ზაზა ზამთარაძე წვრთნიდნენ. პირველი წრის შემდეგ ლიდერები ვიყავით, მეც შედეგიანად ვთამაშობდი, თუმცა როცა კიკნაძე-ზამთარაძის დუეტი მოხსნეს და რევაზ ძოძუაშვილი დანიშნეს, გუნდიდან წამოვედი.
- რატომ?
- როგორც კი გავიგე, რომ ძოძუაშვილი ინიშნებოდა, მაშინვე წავედი. როგორ გითხრათ, არ მინდოდა მასთან მუშაობა. კიდევ იყო შემთხვევები, როცა უმადურობასა და უსამართლობას ვაწყდებოდი. ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი მწვრთნელს ჩემზე ეუბნებოდა, სულ არ მჭირდება სირბილაძის გოლები, არ მომწონს მაგის სტილი და სხვა დააყენეო. არადა, იმ პერიოდში ლამის ყველა მატჩში გამქონდა. როგორი ასატანია?
- ვინ ამბობდა?
- დრო მოვა და ვიტყვი. იყვნენ მწვრთნელები, რომელთა მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის: აკობია, ზაურ სვანაძე, ვაჟა ტოგონიძე, თემურ ჩხაიძე, სერგო გაბელაია, ფიზმომზადების მწვრთნელი ავთო ბერიძე.
- ფინეთიდან უკეთეს ჩემპიონატში წასვლა არ გსურთ?
- ჯერ არ ვგეგმავ. შარშანდელი სეზონის შემდეგ ბელგიის უმაღლესი ლიგის გუნდი მეპატიჟებოდა, თუმცა ცხრილის ქვედა ნაწილში იყო და ვიუარე. პირობები ზუსტად ისეთი მითხრეს, როგორიც აქ მაქვს. დარჩენა ვამჯობინე. სხვა ქვეყნებიდანაც იყო წინადადებები, თუმცა ზაფხულში ევროპის ლიგაში უნდა ვითამაშო და მერე ვნახოთ. ევროპის ლიგაში თავს თუ გამოვიჩენ, უფრო ძლიერი კლუბებიც გამოჩნდებიან. წეღანაც ვთქვი, "შალკესთან" მოგება და ჰიკ-ის ოთხი ფეხბურთელის გაყიდვა ერთი იყო. ასე რომ...
წყარო:
http://worldsport.ge/Read.aspx?news=32590&lang=1
მიმაგრებული სურათი