სირბილაძის მორიგი გოლი, კორღალიძის დუბლი
23.07.2012 11:20 ირაკლი სირბილაძემ მორიგი გოლი გაიტანა ფინეთის ჩემპიონატში, მისმა “ინტერმა" კი, აუტსაიდერი “კუოპიო” სტუმრად 6:0 გაანადგურა. 18 ტურის შემდეგ, ტურკუს “ინტერი” 2-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. სირბილაძე კი, სეზონში 8 გოლით მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება ბომბარდირთა შორის პირველ ადგილზე მყოფ ფეხბურთელს.
სირბილაძემ 73-ე წუთზე 8-10 მეტრიდან ფეხით გაიტანა.
მოლდოვის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა “ზიმბრუს” ნახევარმცველმა ლევან კორღალიძემ, თანაც ყოფილ გუნდთან - “დაჩიასთან”. კორღალიძემ ორივე ბურთი პენალტით შეაგდო: მე-11 და 37-ე წუთებზე. “ზიმბრუმ” ტაიმი 2:0 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ 2:3 დამარცხდა. მოლდოვაში ჯერ 2 ტურია გასული და კორღალიძის გუნდს ერთი ქულა აქვს.
უკრაინის ჩემპიონატის მე-2 ტურში კიევური დერბი შედგა: სანდრო კობახიძის “არსენალმა” “დინამოსთან” 0:1 წააგო. კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. ბოლო წუთზე სცადა შორიდან, თუმცა კარს ააცილა.
ჯაბა ლიპარტიას ‘ზორიამ” კი, დონეცკში 2:1 სძლია ‘მეტალურგს”. ჯაბამ 90 წუთი ითამაშა - გოლი, ან საგოლე პასი არ მიუთვლია. ლიპარტიას გუნდს 2 ტურში 6 ქულა აქვს, კობახიძის “არსენალს” კი, 0.
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=39317&lang=1
მიმაგრებული სურათი