“ქართული გუნდებიდან” მესამე ეტაპზე მხოლოდ “ვიტესია” არნემის “ვიტესი”, რომლის მეპატრონე მერაბ ჟორდანიაა და სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი: გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი გამოდის, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა.
პლოვდივის “ლოკომოტივთან” სტუმრად ნათამაშები ფრის (4:4) შემდეგ, ჰოლანდიელებმა საკუთარ მოედანზე მეტოქე 3:1 დაამარცხეს. არნემელებს შეუცვლელად უკაპიტნა გურამ კაშიამ, ხოლო გიორგი ჭანტურია თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო და ძირითადი დროისთვის დამატებულ პირველ წუთზე პენალტი ვერ გაიტანა. ყაზაიშვილი 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. “ვიტესს” მესამე ეტაპზე ურთიერთობის გარკვევა მახაჩყალის “ანჟისთან” მოუწევს.
ტურკუს “ინტერი”, რომლის შემადგენლობაშიც ირაკლი სირბილაძე გამოდის, პირველ მატჩში სტუმრად ჰოლანდიის “ტვენტეს” დაუზავდა (1:1) და ფინელებს მომდევნო წრეში გასვლის იმედი ჰქონდათ. თუმცა, საპასუხო მატჩში ჰოლანდიელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 5:0 დაამარცხეს. ქართველმა თავდამსხმელმა სრულად ითამაშა.
კახა ცხადაძის მიერ გაწვრთნილი ბაქოს “ინტერმა”, რომელიც ქართველი ფეხბურთელების სიმწირეს არ უჩივის, სტუმრად ბერძნულ “ასტერასთან” 1:1 ითამაშა. ვინაიდან პირველი თამაში ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში “ასტერასმა” 4:2 მოიგო. “ინტერის” რიგებში მყოფი ქართველებიდან თავიდან ბოლომდე ითამაშეს გიორგი ლომაიამ და ილია კანდელაკმა, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფი გიორგი ადამია 61-ე წუთზე შეცვალეს. 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში ბაჩანა ცხადაძე, ხოლო ვალერი აბრამიძე თადარიგში იყო. განაცხადში ვერ მოხვდა მეკარე რევაზ თევდორაძე. ცხადაძემ 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და საკუთარი შანსი პენალტების სერიაშიც გამოიყენა.
კიშინიოვის “ზიმბრუმ”, რომელშიც ლევან კორღალიძე ირჯება, პირველ თამაში შვეიცარიის “იანგ ბოიზთან” გასვლაზე (0:1) წააგო, საპასუხოს ძირითადი დროში კი, 1:0 მოიგო. დამატებით დროში გოლი ვერცერთმა გუნდმა გაიტანა, ხოლო პენალტების სერიაში შვეიცარიელებმა 4:1 გაიმარჯვეს. კორღალიძემ პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა.
სტუმრად 1:2 დამარცხების შემდეგ, კაპანის “განძასარმა” შვეიცარიულ “სერვეტთან” 1:3 წააგო. სომხური გუნდის 18-კაციან განაცხადში არ იყო გიორგი კრასოვსკი.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=39585&lang=1