ქართული ლეგიონი: სირბილაძემ დაამრგვალა, "ვიტესი" იგებსირაკლი სირბილაძემ მორიგი გოლი გაიტანა ფინეთის ჩემპიონატში. სირბილაძის "ინტერმა" შინ 2:1 სძლია "ჰონკას", ქართველმა ფორვარდმა კი 90 წუთი ითამაშა და 54-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ეს, სირბილაძის მე-10 გოლია სეზონში. ფინეთში 22 ტურია გასული და "ინტერი" 4-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.
სირბილაძე ბომბარდირებში ერთ-ერთი ლიდერია - ქართველის მსგავსად, 10 გოლი კიდევ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი.
უზბეკეთშიც გავიდა ქართული გოლი, კერძოდ, კახა მახარაძემ ტაშკენტის "ფახთაქორს" სტუმრად "ნოვბახორთან" მოაგებინა. მახარაძემ 34-ე წუთზე მატჩის ერთადერთი ბურთი მიითვალა. "ფახთაქორი" მესამე ადგილზეა.
გერმანიის თასზე ალექსანდრე იაშვილისა და ნიკა გელაშვილის "ბოხუმმა" სტუმრად 2:0 აჯობა "ჰაიდენჰაიმს". იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ერთი საგოლე პასი გაუკეთა ზლატკო დედიჩს, გელაშვილი კი 86-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. "ბოხუმი" თასის მეორე რაუნდშია.
არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ერედივიზიონის მეორე ტურში სტუმრად 1:0 აჯობა "ცვოლეს". გურამ კაშიამ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილი და გიორგი ჭანტურია კი სათადარიგონი იყვნენ. "ვიტესს" 4 ქულა აქვს.
სომხეთში შოთა ჯიქიამ გაიტანა, მისმა "ულისესმა" კი სტუმრად 2:1 აჯობა "არარატს". ჯიქიამ 77-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი შეაგდო. "ულისესში" ჯიქიას გარდა, თენგიზ უგრეხელიძეც ირიცხება. "ულისესი" მეექვსე ადგილზეა.
"კრასნოდარმა" შინ 0:0 ითამაშა "როსტოვთან". ნუკრი რევიშვილი კვლავ მინდორს მიღმა დარჩა, ხოლო ალეკო ამისულაშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი. "კრასნოდარს" 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს.
უკრაინაში ჯაბა კანკავა-უჩა ლობჟანიძის "კრივბასმა" შინ 0:0 ითამაშა "დნიპროსთან". კანკავა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შეცვალეს, ლობჟანიძემ კი ბოლომდე ითამაშა. უჩამ ყვითელი ბარათიც მიიღო ევგენი კონოპლიაკას წინააღმდეგ უხეშობისთვის. "კრივბასს" 6 ტურში 10 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.
უკრაინის დუბლების ჩემპიონატში გაიტანა 19 წლის ქართველმა გიული მანჯგალაძემ, კერძოდ, "ზორიას" ნახევარმცველმა "ტავრიას" სარეზერვოებთან (2:2) ანგარიში გახსნა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=40955&lang=1
მიმაგრებული სურათი