ირაკლი სირბილაძე – ჩვენს უკან სამშობლოა, უკან დასახევი გზა არ გვაქვს!ფინური ინტერის ქართველ ათიანს, ირაკლი სირბილაძეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, ჯვაროსანთა რიგებში უხმო. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლს ჩვენი ნაკრები თბილისში იწყებს. დინამო არენაზე 7 და 11 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები ბელორუსის და ესპანეთის გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ. პირველი ოფიციალური სანაკრებო გამოძახების შემდეგ, გასულ უქმეებზე გამართული ინტერი 3:1 იარო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულ ქართველო ჯვაროსანს ფინეთში შევეხმიანეთ.
– ეროვნულ ნაკრებში ოფიციალური შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად პირველად გამოგიძახეს…
– უზომოდ გახარებული ვარ, 30 წლის ვხდები და აქამდე არცერთ ასაკობრივ ნაკრებში ოფიციალური მატჩი არ მითამაშია. ახლა კი შესაძლოა ისეთი გუნდის წინააღმდეგ მომიწიოს თამაში, როგორიც ესპანეთის ეროვნული ნაკრებია, რომლის ძალაც თითოეულ ფეხბურთის მოყვარულს კარგად მოეხსენება.
– თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშე, როგორ შეაფასებ საკუთარ თავს და რას იტყოდი ბრძოლაში მოგებულ თამაშზე?
– რაც მთავარია გუნდმა სასურველი შედეგი აჩვენა – მოვიგეთ. ლუქსემბურგთან შეხვედრის დებიუტშივე კაცნაკლულნი დავრჩით, თუმცა მონდომებამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო. ვინც მიცნობ ყველა დამეთანხმება, საკუთარ გამოსვლაზე საუბარი არ მჩვევია. გუნდს ჰყავს მწვრთნელი და სწორედ მის კომპეტენციაში შედის ამა თუ იმ ფეხბურთელის შეფასება.
– რთული ჯგუფი გვერგო, რა იქნება ჩვენი ნაკრების მაქსიმუმი მორიგ შესარჩევ ციკლში?
– ესპანეთი და საფრანგეთი წარდგენას ნამდვილად არ საჭიროებს, იოლი არც ბელორუსთან და ფინეთთან თამაში იქნება. ყველა შეხვედრაში მაქსიმუმის გაღება მოგვიწევს, ჩვენს უკან სამშობლოა, უკან დასახევი გზა არ გვაქვს! ღირსების დასაცავად ყველაფერი უნდა დავდოთ.
– ალბათ უკვე მიიღე მილოცვები ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით…
– ნამდვილად. მეგობრები, ნაცნობები, გულშემატკივრები – ფაქტობრივად ყველამ მომილოცა. ძალიან გახარებული ვარ და ბრძოლისთვის ვარ შემართული. ჩემის მხრივ, ყველაფერს ვეცდები, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გამოვადგე და მის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. გულშემატკივარმა მინდა იცოდეს, რომ ჩემთვის მოედანზე საქართველოს ნაკრების მაისურით გასვლა, ბრძოლის ველზე გასვლის ტოლფასია – მაქსიმუმს გავიღებ და თანაგუნდელებთან ერთად გულშემატკივრისთვის გახარებას ვეცდები.
ავტორი: ირაკლი ხვედელიანი
http://fanebi.com/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83...83%9C%E1%83%A1/
მიმაგრებული სურათი