სირბილაძე: "ყოველთვის მზად ვარ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ"ფინეთის "ინტერ ტურკუში" მოთამაშე ირაკლი სირბილაძე თემურ ქეცბაიამ ბელორუსსა და ესპანეთის ნაკრებებთან გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში გამოიძახა. ფეხბურთელი პირველად ითამაშებს ოფიციალურ მატჩში, მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 15 აგვისტოს ლუქსემბურგთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. ფეხბურთელმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. ჩვენთან საუბარში ირაკლიმ განაცხადა, რომ ნაკრებში ისევ გამოძახებას არ ელოდა.
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო ნაკრებში გამოძახება. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ბატონი თემური ისევ შემიყვანდა სანაკრებო სიაში, თუმცა მზად ვიყავი. დიდი მადლობა, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ნდობისთვის, მადლობა იმისთვისაც, რომ კიდევ ერთხელ მომცა შანსი. ყოველთვის მზად ვარ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.
- ჩვენი მეტოქეები, უახლოეს ორ მატჩში, ბელორუსი და ესპანეთი არიან. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებთან მოგიწევთ დაპირისპირება.
- ასეა, ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ნებისმიერთნ ფავორიტია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთან თამაში არ შეიძლება. მწვრთნელის დავალება ზუსტად უნდა შევასრულოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ. ფეხბურთია, გამორიცხული არაფერია.
- ფინეთის ჩემპიონატში ყველა თამაშს "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ატარებ და ბომბარდირობისთვისაც იბრძვი. როგორ შეაფასებ გუნდისა და შენს ასპარეზობას?
- ჩემპიონატში პირველ ადგილზე ვართ. მეც და მთელი გუნდიც არაფერს ვზოგავთ ამისთვის. ვფიქრობ, ნორმალურ ფორმაში ვარ და არც თუ ისე ცუდ შედეგს ვაჩვენებ. შანსი მაქვს ბომბარდირი გავხდე. მხოლოდ 1 ფეხბურთელი მისწრებს 1 გოლით. შევეცდები, შემდეგ ტურებში ისევ გავიტანო.
- საქართველოს ჩემპიონატში გითამაშია. შედარება რომ გააკეთო, რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოსა და ფინეთის ჩემპიონატებს შორის?
- საქართველოში ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ფინეთში ფიზიკურ სიძლიერესა და მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ გაცილებით რთულია თამაში. რაც მთავარია, ფინეთიდან იოლია რომელიმე ევროპულ, კარგ გუნდში გადავიდეს ფეხბურთელი. ეს თითქმის ყოველ სეზონზე ხდება.
- რას ფიქრობ, შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინე თუ შეგიძლია უკეთეს გუნდში უფრო უკეთესი შედეგი აჩვენო, ფაქტია, საუკეთესო სეზონს ატარებ...
- ვფიქრობ, მაინც არ ვარ საუკეთესო ფორმაში. მიუხედავად იმისა, რომ კარგი სეზონი მაქვს, შემიძლია უკეთეს გუნდში უკეთესი შედეგი ვაჩვენო. ამისთვის არაფერს დავზოგავ. მაქსიმალურად ვეცდები უკეთეს ჩემპიონატში ვიასპარეზო.
http://geosports.ge/index.php?option=com_c...d=20:interviews
მიმაგრებული სურათი