ქართველთა კომენტარები - ხიზანიშვილი, ლორია, სირბილაძე საქართველომ გამარჯვებით დაიწყო შესარჩევი ეტაპი - 1:0 სძლია გუნდს, რომელიც რეიტინგში უფრო წინაა. მოსალოდნელიც იყო, რომ ბელარუსთან მატჩი რთული იქნებოდა, ასეც მოხდა, მაგრამ თორნიკე ოქრიაშვილის მიერ გატანილმა გოლმა საქართველოს მოაგებინა.
ოქრიაშვილთან ნაუბარი ცალკე შემოგთავაზეთ. ახლა კი, სხვა ქართველი ფეხბურთელებიც:
ზურაბ ხიზანიშვილი: 3 ქულის აღება დავგეგმეთ, მაგრამ ვიცოდით, რა ძნელი მატჩიც იქნებოდა. ბელარუსი ძლიერი გუნდია, თუმცა, მოხარული ვარ, რომ ყველაფერი საჩვენოდ დასრულდა. საგოლე მომენტები ჩვენ უფრო მეტი გვქონდა და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ.
- წინ ესპანეთთან მატჩია და ალბათ, ეს გამარჯვება დადებითად იმოქმედებს თქვენზე. მართალია, ესპანეთისა და ბელარუსის შედარებაც უხერხულია, მაგრამ მაინც.
- სწორედ ეს ვუთხარი დღეს ბიჭებს. დღევანდელი მოგება, ვფიქრობ, იმის წინაპირობა უნდა იყოს, რომ ესპანეთთან კარგად ვითამაშებთ. ვიცით, რა დონის გუნდთან მოგვიწევს თამაში, მაგრამ ბრძოლაა საჭირო.
გიორგი ლორია: - ძალიან გახარებული ვარ. ძლიერ მეტოქეს ვძლიეთ და 3 ქულით დავიწყეთ შესარჩევი ეტაპი. ამაზე კარგი რა უნდა იყოს. გაგვიჭირდა და სხვაგვარად არც ველოდით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.
- პირადად თქვენც იხსენით გუნდი.
- ბევრი "სეივი" არ გამიკეთებია, ამაზე რთული მატჩებიც მქონია.
- ყველაზე რთულად ასაღები ბურთი რომელი იყო?
- პირველ ტაიმში, როცა ბელარუსი ფორვარდი ჩვენი მცველის ფეხიდან ურტყამდა. დაბალი ტრაექტორიის ბურთი იყო. დარტყმის მომენტს ვერ ვხედავდი, მაგრამ მაინც მოვიგერიე.
ირაკლი სირბილაძე: რაც მთავარია, მოვიგეთ. რთულია ასეთ მატჩში ბოლო წუთებში მინდორზე შესვლა და ბოლომდე ჩართვა, მაგრამ 10 წუთით თამაშითაც მოხარული ვარ. ეს ქვეყნის ეროვნული ნაკრებია და დღეს ოფიციალურ მატჩში დებიუტი მქონდა.
- რა დავალება მოგცათ ქეცბაიამ?
- რაც შეიძლება მეტი მებრძოლა და უკან დავხმარებოდი გუნდს. თავზე იქნებოდა თუ ფეხზე, ბურთისთვის უნდა მებრძოლა.
- ისე, 29 წლის ფეხბურთელმა დღეს ჩაატარეთ პირველი ოფიციალური მატჩი ნაკრებში. აქამდე რთული გზა გაიარეთ ფინეთში...
- ფინეთის მე-4 ლიგაში მივედი. ის გუნდი არც იყო. შემდეგ მე-2 ლიგაში ბომბარდირი გავხდი, უმაღლესის გუნდ "იაროში" გადავედი და იქაც ბევრი გოლი გავიტანე, ხოლო წლეულს "ინტერში" ვარ, გუნდი ჩემპიონატს ლიდერობს, მე კი, საუკეთესო ბომბარდირი ვარ. რა თქმა უნდა, რთული გზა იყო, მაგრამ მოხარული ვარ, რომ დღეს ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ. ნაკრებში პარტნიორებთან შეგუება არ გამჭირვებია, ყველაფერი ნორმალურადაა.http://worldsport.ge/Read.aspx?news=41804&lang=1
მიმაგრებული სურათი