ემერიმ ანანიძე გამოაჩინა, სირბილაძის გუნდი ლიდერად დარჩა უკრაინის ჩემპიონატში შესვენება იყო, თუმცა თასის 1/16 ფინალის თამაშები გაიმართა (რაუნდი ერთმატჩიანია). შემდეგ ეტაპზე გავიდა მათე ღვინიანიძის "სევასტოპოლი", რომელმაც უჩა ლობჟანიძის "კრივბასს" 2:1 სძლია. "კრივბასის" მსგავსად, ქვედალიგელთან გავარდა ჯაბა ლიპარტიას "ზორია", კერძოდ, "ავანჰარდთან" პენალტებით წააგო. თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის "ილიჩივეცმა" სტუმრად 6:0 სძლია დნეპროძერჟინსკის "სტალს", ხოლო ლევან ყენიას "კარპატიმ" "კრიმტეპლიცას" გასვლაზე 2:0 აჯობა.
ყენიას არ უთამაშია, თუმცა მიზეზი ტრავმა არაა - მწვრთნელმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა.
მოიგო "დნიპრომაც", რომელსაც სტუმრად "ჟემჩუჟინასთან" ერთი გოლი ეყო. ხუანდე რამოსმა ამჯერად სასტარტოში დააყენა ჯაბა კანკავა და 57-ე წუთამდე ათამაშა.
და საინტერესოა, რომ "ვოლინში" პირველი გოლი გაიტანა ნიგერიელმა აბაიომი ოვონიკოკომ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვს. "ვოლინი" სტუმრად აგებდა "სლავუტიჩთან" და ოვონიკოკომ 90-ე წუთზე გაათანაბრა (1:1), რითაც დამატებით დროში გადაიყვანა თამაში, იქ კი მისმა გუნდმა 2 უპასუხო ბურთი შეაგდო და 3:1 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრემიერლიგის ბატონ-პატრონები, "შახტარი" და კიევვის "დინამო" ასე ნაადრევად, 1/16 ფინალში შეხვდნენ ერთმანეტს. მატჩი დონეცკში გაიმართა და "შახტარმა" კიეველებს შანსი არ დაუტოვა - 4:1.
ახლა სხვა ქვეყნებში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებზე: აკაკი ხუბუტიას "გაზ მეთანმა" სტუმრად 0:4 წააგო "ასტრასთან". საქართველოს ნაკრების მცველმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. 9 ტურის შემდეგ, ხუბუტიას გუნდი მე-12 ადგილზეა.
რუსულ პრემიერლიგაში კი, როგორც იქნა, უნაი ემერიმ გაიხსენა ჯანო ანანიძე. "სპარტაკმა" შინ 3:1 სძლია "როსტოვს" და ემერიმ ანანიძე 77-ე წუთზე შეიყვანა მინდორზე. 9 ტურის შემდეგ, "სპარტაკი" მეექვსე პოზიციაზეა.
უნგრეთში რატი ალექსიძის "დიორმა" სტუმრად 1:0 სძლია "ფეჰერვარს" და 8 ტურის შემდეგ, ჩემპიონატის ცხრილს ლიდერობს. ალექსიძე 66-ე წუთზე შევიდა მინდორზე, როცა ანგარიში ჯერ გაუხსნელი იყო.
ფინეთში ირაკლი სირბილაძის "ინტერს" პრინციპული მატჩი ჰქონდა ჰელსინკში ჰიკ-თან. შეხვედრა 1:1 დასრულდა და "ინტერი" 2-ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს უახლოეს მდევარს - ეს მდევარი სწორედ ჰიკ-ია. ქართველმა ფორვარდმა კვლავაც შეუცვლელად ითამაშა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ალექსანდრე იაშვილისა და ნიკა გელაშვილის "ბოხუმმა" სტუმრად 0:0 ითამაშა "დუისბურგთან". იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, გელაშვილი კი 61-ე წუთზე შეიყვანეს ზლატკო დედიჩის ნაცვლად. "იაშის" საგოლე მომენტიც ჰქონდა 82-ე წუთზე, თუმცა არეულობაში ბურთი გამოიტანეს. "ბოხუმი" მეათე ადგილზეა.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=42520&lang=1
მიმაგრებული სურათი