მალხაზი!
2003 წლის, აპრილის თვის ბოლო დღე იყო, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე რუსეთის ნაკრებს ეთამაშებოდა. ეს 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი იყო. მაშინ მოედანზე ჯვაროსნების შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ როგორებიც იყვნენ გ.ნემსაძე, შ.არველაძე, კ.კალაძე, გ. დემეტრაძე, ლ.ცქიტიშვილი... და კიდევ იყო ერთი ახალგაზრდა იმ დროს ბევრისთვის უცნობი მალხაზ ასათიანი, რომელიც საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა ივო შუშაკმა პირველად გამოიძახა და მახომაც იმედები არ გაუცრუა. იმ მატჩის ბედი სწორედ მისმა თავურმა დარტყმამ გადაწყვიტა. მას შემდეგ თითქმის 9 წელი გავიდა და ამ ხნის მანძილზე ასკა ყოველთვის ქართული ფეხბურთის იმედად ითვლებოდა. ამის თქმის უფლებას მახოს კარგი და თავდადებული თამაში გვაძლევდა.
მისი კარიერა ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყო სადაც 1999 წლიდან 2003 წლამდე ასპარეზობდა. Aამ პერიოდში მახო “ტორპედოს” წამყვანი მოთამაშე იყო. მას არ გაჰქონდა ბევრი გოლი, თუმცა ჰქონდა უნარი თავი გამოეჩინა იმ მომენტში, როცა ეს გუნდს მეტად სჭირდებოდა. სწორედ ასეთი იყო 2002 წელს თბილისის “დინამოსთან” გატანილი ბურთი, რომელმაც ქუთაისის “ტორპედოს” ზედიზედ მესამედ მოუტანა ჩემპიონობა. ნაკრებშიც, ზუსტად მსგავსი გოლების გატანის გამო ქართველი ქომაგების ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე გახდა. რუსეთთან სადებიუტო მატჩში გადამწყვეტ გოლს, რომ თავი დავანებოთ, რად ღირდა მის მიერ თურქეთთან გასვლაზე შეგდებული გამათანაბრებელი გოლი. ასკას ერთ-ერთი მთავარი პლიუსი ის არის, რომ მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, კარიერის დასაწყისში გამთამაშებლად მოიაზრებოდა, თუმცა როდესაც 2003 წელს კარიერა მოსკოვის “ლოკომოტივში” გააგრძელა “რკინიგზელთა” იმ დროინდელმა მწვრთნელმა ასკა დაცვის ცენტრში დააყენა და საკმაოდ წარმატებითაც. ნაკრებშიც ასე ხდებოდა, რომელ ადგილზეც გვიჭირდა მახო სწორედ იქ იყო და მშვენივრად უმკლავდებოდა მისთვის დავალებულ საქმეს.
2008 წლის სექტემბერში ასათიანს უთანხმოება მოუვიდა ნაკრების მაშინდელ მწვრთნელთან ექტორ რაულ კუპერთან და მას შემდეგ დროებით აღარ უთამაშია ჯვაროსნების რიგებში, რაც შეეხება საკლუბო კარიერას “ლოკომოტივიდან” განათხოვრებული იყო კივეის “დინამოში”, თუმცა იქ ფეხი მყარად ვერ მოიკიდა და კვლავ რუსეთში დაბრუნდა. ამ ხნის მანძილზე იყო ტრავმები და მისგან გამოწვეული უთამაშებლობა, თუმცა როცა ნაკრების მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაინიშნა მან კვლავ უხმო ასათიანს და გემახსოვრებათ თუ როგორ კარგად ასპარეზობდა მალხაზი ნაკრებში.
შემდეგ კი, როცა “ლოკომოტივთან” კონტრაქტი დაუმთავრდა ხელმძღვანელობამ ასათიანთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ ისურვა შესაბამისად ნაკრებშიც აღარ უძახდა ქეცბაია უგუნდოდ მყოფ ფეხბურთელს.
სხვადასხვა, სპორტულ საიტზე ხშირად ვხედავდი კომენტარებს, სადაც კითხულობდნენ ასკას ასავლ-დასავალს. სად იყო, რას გეგმავდა, რას აპირებდა, თუმცა იშვიათად თუ დაიდებოდა მის შესახებ რაიმე სიახლე. ძირითადად ერთი და იგივე იწერებოდა, რომ ის გუნდს ეძებდა და მალე კვლავ დაიწყებდა ძველებურად თამაშს... მსგავსის წაკითხვის შემდეგ კვალვ მიჩნდებოდა იმედი, რომ მახო დაგვიბრუნდებოდა, ისევ ძველებურად გაგვახარებდა მისი წარმატებული თამაშით, მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას კარიერის დასრულება გადაუწყვეტია. ამის შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა და შეიძლება უბრალოდ ჭორია, თუმცა გული დამწყდა. ღმერთმა ქნას, რომ არ იყოს მართალი. თუ უცხოეთში არ არის მსურველი არც ერთი გუნდი, რომ ასათიანთან კონტრაქტი გააფორმოს დაბრუნდეს “ტორპედოში”, დაბრუნდეს ჩვენთან.
http://www.facebook.com/photo.php?fbid=349...comment&theater