http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=31601&lang=1 * * *
“დილა”-“მეტალურგი” გადაიდო
21.02.2012 16:32
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-19 ტური, რომელიც დიდთოვლობის გამო ერთხელ უკვე გადაიდო და ფედერაციის გეგმის მიხედვით, 22 თებერვალს უნდა გაიმართოს, მატჩნაკლული იქნება. როგორც სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა ნოდარ კაკულიამ “მსოფლიო სპორტს” უთხრა, გორის “დილა” და რუსთავის “მეტალურგი” სამშაბათის ნაცვლად, 1 მარტს ითამაშებენ.
მოგეხსენებათ, გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ამის გამო, შიდაქართლური კლუბის მესვეურებმა ეროვნულ ასპარეზზე მიმდინარე სეზონში გასამართი მატჩებისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი შეარჩიეს და ფეხბურთის ფედერაციასთან (ეს ობიექტი სწორედ სფფ-ს გადასცა მართვაში სახელმწიფომ) შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმეს.
ვინაიდან 29 თებერვალს “მიხეილ მესხზე” ეროვნული ნაკრების ალბანელთა წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ტარდება, ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ “დილას” ამ არენაზე 22 თებერვალს ჩემპიონატის თამაშის გამართვაზე უარი უთხრა - დათოვლილი ბალახის საფარი სანაკრებო ტესტ-მატჩისთვის უვარგისი გახდებაო.
ამ მიზეზით, საშეჯიბრო განყოფილებამ “დილას” რუსთავის “მეტალურგთან” მე-19 ტურის მატჩი 1 მარტს დანიშნა. ცნობილია, რომ ჩემპიონატის რეგულარული ნაწილი 4 მარტისთვის უნდა დასრულდეს და გაზაფხულის პირველი კალენდარული დღე, ამ გამოტოვებული მატჩის ჩატარებისთვის ერთადერთი მისაღები ვარიანტია.
ფრიდონ კერვალიშვილი