დავით თორთლაძე: “მოთამაშეები კლუბებში უნდა გაიზარდონ და არა ნაკრებში.
დავით თორთლაძეს კალათბურთის ქართველი გულშემატკივრის წინაშე ზედმეტად წარდგენა არ სჭირდება.
სხვას რომ თავი დავანებოთ, თანაგუნდელებთან ერთად იგი ორჯერ დაუმარცხებლად გახდა საქართველოს ჩემპიონი (ჯერ “დინამოს”, შემდეგ “ვითას” შემადგენლობაში) და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩშიც (პოლონეთთან) უთამაშია. ბატონი დავითი დღესაც აქტიურადაა ჩაბმული ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ცხოვრებაში, ამიტომაც საქართველოს ნაკრების ახალი, გაფართოებული შემადგენლობა შევაფასებინეთ.
- რას იტყვით ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაზე?
- პიროვნულად არცერთი ახალი მოთამაშის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ნაკრების ამგვარი ფორმით გაახალგაზრდავებას არ მივესალმები. ადრეც, ასეთივე მდგომარეობა იყო. ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი აიყვანეს და შემდგომ მათ გაზრდას მოუნდნენ. მოთამაშეები კლუბებში უნდა გაიზარდონ და არა ნაკრებში. თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, ზაზა ფაჩულია და ყველა ძლიერი კალათბურთელი, საკმაოდ პატარა ასაკიდან უცხოეთში თამაშისას დაიხვეწნენ. შესაძლოა, თორნიკე შენგელიასნაირ ტალანტს უხმო, მაგრამ ერთბაშად ამდენი ახალბედა კალათბურთელის გამოძახება, რომლებიც ეროვნულ ჩემპიონატშიც კი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ქართული კალათბურთის შეურაცხყოფაა. ისედაც, ახალგაზრდა ნაკრები გვყავდა და შარშან ფიბას ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე რომ არ გაეზარდა, მაინც ვერ მოვხვდებოდით და წლეულს წარმატებით გადავლახავთ თუ არა საკვალიფიკაციო ბარიერს, უცნობია.
- ქვეყნის ჩემპიონ “არმიადან” ბოისას გარდა ნაკრებში აყვანას არავინ იმსახურებდა?
- ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ დავით საყვარელიძე გაფართოებულ შემადგენლობაში, მაინც უნდა მოხვედრილიყო.
- როგორ ფიქრობთ, რევაზ როგავას მაგიერ ლაშა ფარღალავას აყვანა, ხომ არ აჯობებდა?
- გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ისღა დაგვრჩენია, შედეგებს დაველოდოთ.
- რამდენად მართებულად მიიჩნევთ, 26-29 წლის კალათბურთელების ვეტერანებად მოხსენიებას?
- სამივე გაშვებული მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაში იმყოფებოდა და თითოეული მათგანი საქართველოს ნაკრებში დიდ ძალას წარმოადგენდა. გიორგი გამყრელიძეს კონკურენციას, მხოლოდ “არმიელი” ბენჯამინ ვუდსაიდი უწევდა, დანარჩენებს კი, ერთი თავით აღემატებოდა. ვლადიმერ ბოისაც ძლიერი მოთამაშეა, ხოლო ნიკა ცქიტიშვილმა ირანის საკმაოდ ძლიერი პირველობა მოიგო და დასავლეთ აზიის ჩემიონთა თასიც დაისაკუთრა და ამ კალათბურთელების არგამოძახება არ შეიძლებოდა. მითუმეტეს, რომ ნაკრებში, სწორედ გამოცდილი მოთამაშეები არიან საჭირო და მათი წლოვანების გამო დაწუნება სისულელეა. ამ კალათბურთელების დაწუნებისას უფრო კონკრეტული მიზეზი უნდა ეთქვათ.
- იმაზე, რას იტყვით, რომ იგორ კოკოშკოვი ნაკრების ახალი შემადგენლობიდან მოთამაშეების უმრავლესობას არ იცნობს?
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კოკოშკოვი აპრილიდან მოყოლებული თავისუფალია და წესით საქართველოს ნაკრების ბედი თუ აღელვებს, ყველა მოთამაშეს პირადად უნდა იცნობდეს.
- მთავარი მწვრთნელის ასისტენტებად, ისეთი თავკაცების აყვანა, ხომ არ აჯობებდა, რომლებიც კლუბებში არ მუშაობენ?
- სიმართლე გითხრათ, კვალიფიციური მწვრთნელების ნაკლებობას განვიცდით, ეს ჩემი ჩათვლით ყველას ეხება, ამიტომ, როგორც წესი, კარგი მწვრთნელები დაკავებულები არიან და თავისუფალი თავკაცის პოვნა ძნელია, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=38049&lang=1დაწრმუნებული ვარ ამ კაცის გარდა არცერთი მწვრთნელი ხმას არ ამოიღებს.