http://worldsport.ge/Read.aspx?news=33186&lang=1კვირას, ქუთაისის “ტორპედო” საკუთარ მოედანზე ქვეყნის 13-გზის ჩემპიონსა და თასის 9-გზის მფლობელ თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. შეგახსენებთ, “ტორპედოს” ხელმძღვანელთა ინიციატივით, ეროვნული პირველობის უდავოდ გამორჩეულ მატჩზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება. 25 მარტს გასამართი მატჩი “ტორპედოსა” და “დინამოს” შორის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით საიუბილეო, რიგით 50-ე იქნება.
უამინდობით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ, “ტორპედომ” ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე პირველად პარასკევს ივარჯიშა. უმნიშვნელოვანესი მატჩის ბოლოსწინა ვარჯიშისთვის განკუთვნილი დროის უმეტესი ნაწილი გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბურთთან ერთად გაატარეს. ვარჯიშს გრიგოლ დოლიძე დააკლდა, რომელსაც სიცხე აქვს. მიკროტრავმის მუხედავად, ვარჯიში არ გაუცდენია მაქსიმე ქვილითაიას. ზემოთ აღნიშნული შეხვედრის შესახებ ქუთაისური გუნდის თავკაცს ვესაუბრეთ.
გია გეგუჩაძე (“ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი): “ამ მატჩისთვის ნორმალური განწყობა გვაქვს. მიუხედავად წინა ტურში განცდილი მარცხისა, მთავარია, სწორი დასკვნები გავაკეთოთ, მიზეზებს მივაგნოთ და ამ განხრით ვიმუშაოთ. “დინამო” არის გუნდი, რომელიც პრეტენზიას პირველობაზე აცხადებს. ამრიგად, ძალიან რთული თამაშის მოლოდინში ვართ.
ასევე, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თუ დღეს ჩვენ წინა პლანზე წამოვწევთ სატურნირო მდგომარეობას, მაშინ ხვალ გუნდი არ გვეყოლება. მთავარი მიზანია გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც ხვალ პირველობისთვის პრეტენზია რეალურად ექნება.
მრავალი მიზეზის გამო, ფოთში მარცხი მაინც კანონზომიერად მიმაჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, ალბათ, სათამაშო პრაქტიკის დეფიციტია. მრავალჯერ გადადებული თამაშების გამო, ამ ეტაპზე გუნდი ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად არაა. ამ შეხვედრების ხარჯზე ვაპირებთ ფორმაში შესვლას. ამდენად, გულშემატკივრებსაც მინდა ვთხოვო, რომ გაგებით მოეკიდონ ამ საკითხს. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თითოეული თამაში, რომელზეც გუნდი მოსაგებად გადის. სხვანაირად არც შეიძლება, “ტორპედო” უნდა არსებობდეს გამარჯვებულის სულისკვეთებით. იგივეს აღვნიშნავ ფეხბურთელებთან საუბრისასაც და ყველა მათგანი ამ კონკრეტული მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
ბოლო პერიოდში ჩვენს გუნდში რამდენიმე ახალ ფეხბურთელს მივეცით თამაშის შანსი. იგივე ვალერი ბოლქვაძეს, რომელსაც ტრავმის გამო გარკვეული დრო გაუცდა და დებიუტი ჰქონდა წინა მატჩში, ნიკა ფირცხალავას, რომელმაც თავისი სადებიუტო შეხვედრა “ვიტ ჯორჯიასთან” გოლით აღნიშნა. ვნახეთ ახალგაზრდა ფანცულაიაც, ვისაც ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას. ამასთანავე, ძირითად შემადგენლობაში ადგილს იმკვიდრებენ კუხიანიძე და საბანაძე. საერთო ჯამში, ვფიქრობ, ეს ყველაფერი დადებით მომენტს გვიჩვენებს.
მივესალმები ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებას მატჩზე გულშემატკივართა უფასოდ დასწრების თაობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ცალ-ცალკე ვერ ვგულისხმობ - თუ ვლაპარაკობთ გუნდში არსებულ ვითარებაზე ან მიზნებზე, ამ ამოცანათა გადაჭრისთვის მიდგომა ერთსულოვანი უნდა იყოს, როგორც საფეხბურთო კლუბის, ისე გულშემატკივრის მხრიდან”.
უახლოესი მატჩის შესახებ კომენტარი “ტორპედოს” ნახევარმცველმა გიორგი დათუნაიშვილმაც გააკეთა:
“ამ თამაშს შესავალი არ სჭირდება, “დინამო” ჩვენი კონკურენტია და ისედაც, ამ გუნდთან მატჩის წინ ყოველთვის საბრძოლო განწყობაა. იმ ცუდი თამაშის შემდეგ, რომელიც ფოთში ჩავატარეთ, ბიჭები რეაბილიტაციისთვის ვემზადებით. ამის გასაკეთებლად კი, “დინამოსთან” მოგება ყველაზე კარგი საშუალება იქნება. მაქსიმალურად შევეცდებით, გულშემატკივრებს იმედები გავუმართლოთ და გავიმარჯვოთ”.
“ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შორის მატჩი კვირას, 18 საათზე დაიწყება. მისი პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხზეა” დაგეგმილი
ისე დინამოს კაპიტანმაც გააკეთა კომენტარი და ცუდი არ იქნებოდა საიტზე დაეწერათ