დუდა სანაძე: “უცხოეთში მხოლოდ იქ გადავალ, სადაც სათამაშო დროც სათანადოდ მექნება”ადრე თუ გვიან, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებში თაობათა ცვლა უნდა დაიწყოს. ერთ-ერთი, ვისაც მომავალში ამ ნაკრების მაისურის მორგების შანსი აქვს, 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, უკანახაზელი დუდა სანაძეა, რომელმაც 2011-12 წლების სეზონი თბილისის “დინამოში” გაატარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ, 2011-12 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად სწორედ დუდა სანაძე დაასახელა.
“მსოფლიო სპორტი” დუდა სანაძეს ესაუბრა.
- კალათბურთის ფედერაციის მხრიდან ასეთ აღიარებას რამდენად ელოდით?
- ორივე მუხლის კვირისთავის ანთების გამო, ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 70 პროცენტი თუ გამოვავლინე, მაგრამ მთლიანობაში, სეზონი მაინც კარგად ჩავატარე და არ გამკვირვებია, სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელად რომ დამასახელეს.
- ახლა როგორ გრძნობთ თავს, მუხლები კიდევ ხომ არ გაწუხებთ?
- არა, ამჟამად კარგად ვარ. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის მზადების პროცესში მყოფ 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, “დინამოს” ბაზაზე ვვარჯიშობ.
- 20-წლამდელთა ნაკრებს რა მიზნები აქვს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე?
- ძალიან ძლიერ - C ჯგუფში მოვხვდით. აქ, ჩვენთან ერთად, ესპანეთის, თურქეთისა და ლატვიის გუნდები იასპარეზებენ. ჩვენი მიზანია მოვხვდეთ პირველ სამეულში, რაც, პირველი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალებას მოგვცემს, მეოთხეადგილოსანი კი, XIII-XVI ადგილებისთვის იასპარეზებს.
- რომელ ნაკრებს თვლით უშუალო კონკურენტად?
- ესპანელებისა და თურქების დამარცხება ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენი უშუალო კონკურენტი ლატვიაა, რომელსაც პირველივე ტურში ვხვდებით. ჩემი აზრით, ამ მატჩის შემდეგ გაირკვევა, C ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული გუნდის ვინაობა.
- საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან თუ გაქვთ მოწვევა?
- არავინ დამკავშირებია. ნაკრების წევრობის კანდიდატადაც რომ დამასახელონ, მაინც გამიხარდება და ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იქნება.
- “დინამოსთან” თუ აპირებთ კონტრაქტის გაგრძელებას?
- “დინამოსთან” კონტრაქტი დამიმთავრდა და მის გაგრძელებას აღარ ვაპირებ.
- სხვა გუნდებიდან გაქვთ მოწვევა?
- საქართველოში დარჩენას არ ვაპირებ. ჩემით დაინტერესებული გუნდების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ აშშ-ის კოლეჯისა და ევროპის გუნდები მეპატიჟებიან.
- თუ გავითვალისწინებთ, რომ 2011-12 წლების სეზონში, საქართველოში საკმაოდ მაღალი დონის ლეგიონერებით (ტომასი, ვუდსაიდი, ბლერი...) და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრებით (ცინცაძე, გამყრელიძე) გაძლიერებული ჩემპიონატი ჩატარდა, უცხოურ კლუბში ჩარიცხვასა და დროის უმეტესი ნაწილის სათადარიგოთა სკამზე გატარებას, არ აჯობებდა, ისევ აქ გაგეგრძელებინათ კარიერა?
- მხოლოდ ისეთ უცხოურ კლუბში ვაპირებ კარიერის გაგრძელებას, სადაც სათამაშო დროც სათანადოდ მექნება.
როლანდ ლაბუჩიძე
http://worldsport.ge/Read.aspx?news=37676&lang=1
მიმაგრებული სურათი