სიტყვის კაცი გურული და “სალვადორა”
9.06.2012 11:30
სახალისო ამბავია: ბათუმის “დინამოს” მწვრთნელმა - გია გურულმა გუნდის ერთ-ერთ ერთგულ გულშემატკივარს, მეტსახელად “სალვადორას”, ველოსიპედი უყიდა. ველოსიპედის ყიდვას გურული “სალვადორას” იმ შემთხვევაში დაჰპირდა, თუკი ბათუმელები პლეი-აუტის ოთხეულში მოხვდებოდნენ და უმაღლეს ლიგაში გადავიდოდნენ. გურულის ხელში, ზღვისპირელებმა საგრძნობი პროგრესი განიცადეს, 8 მატჩიდან 5 მოიგეს და დასახულ მიზანს მიაღწიეს.
და მაინც, რა შუაშია ველოსიპედი? ამაზე თავად გურულმა უთხრა “მსოფლიო სპორტს”:
“ბათუმის “დინამოს” მწვრთნელი რომ გავხდი, ველოსიპედი ვიყიდე და ვარჯიშებზე იმით დავდიოდი. “სალვადორა” ჩვენი გუნდის ფანია, თილისმაა და ვარჯიშებსაც ესწრებოდა. ერთხელ მითხრა: “გია მას, რა კარგი ველოსიპედი გყავს”. მეც ვუთხარი, ოთხეულში თუ მოვხვდებით, ველოსიპედს გიყიდი-მეთქი. ბოლნისში “სიონთან” რომ წავაგეთ, “სალვადორა” მთელი გზა იძახოდა, ეჰ, რა ველოსიპედი დავკარგეო. საბედნიეროდ, არ დაკარგა. მე-2 ადგილზე გავედით და დაპირებული შევასრულე, ველოსიპედი ვუყიდე”.
ასეთია სიტყვის კაცი გურულისა და დასაჩუქრებული “სალვადორას” პატარა ისტორია.
ილია ნანობაშვილი

სგ