W-G1
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 12180
წევრი No.: 129083
რეგისტრ.: 22-March 11
|
#42390204 · 29 Sep 2014, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
(წინა პოსტს გაგრძელება) თავისი ფერი ქალაქისთვის, თუ ეს შეგრძნება დილიდან იყო გამოყოლილი ...- მთლად ნაცრისფერს მივშტერებოდი, ოღონდ ბზარ-საზღვარ გამოღმა ნაცრისფერს... საზღვარგაღმა დარჩენილი ოცნებები ნაცრისფერ აწმყოს მთლიანად გადაეფარა...
გენერლის უკან პატარა მაგიდაზე ერთადერთი ფოტო იდგა. ახალგაზრდა ბიჭი ღიმილით მიცქერდა. ...თავი მოიკლაო... - გამახსენდა სამინისტროს კულუარებში ყურმოკრული ამბავი. ჩუმად გავაპარე თვალი. ბრალდებას კითხულობდა. დაკვირვებით და გამოწვლილვით სწავლობდა თითო სიტყვას.... ყურადღებას არ მაქცევდა. სულაც ვერ ამჩნევდა მის გარდა ვინმე იყო იქ, თუ არა. სუნთქვა ჩამიცხრა. უძილოს, დაძაბულს და განერვიულებულს რული მერეოდა. ვგრძნობდი დიდი დრო გავიდა მაგრამ კედლის საათისკენ არც გამიხედავს, მეშინოდა ყურადღება არ გამეფანტა მისთვის. მაგიდაზე ხელი ფრთხილად, შეუჩნევლად ჩამოვაცურე და ზედ თავი დავადე. ჩემი მოძრაობა არც კი შეუმჩნევია... ....... ... მხარზე შეხება ვიგრძენი. თავი ავწიე და ფანჯარას შევხედე. უკვე ბნელოდა, კარგად შეღამებულიყო. - ბრალი წუხელ წაგიყენებიათ იმ "მხედრიონელისთვის" ბოლო ეპიზოდზე, უძილო ხართ? - მკითხა გენერალმა. - ცოტათი, სამ დღე-ღამეში ჩატევა ძნელია. - ჩუმად ვუპასუხე. - ეს დალიეთ, მოგიხდებათ, - პატარა ჭიქაში სითხე ჩამოასხა გენერალმა. ბლანტმა სითხემ ნელა ჩაიარა ყელი, შიგნიდან და გარედან ჰიპნოზივით იმოქმედა და ვიგრძენი დაღლილობამ ტვინიდან გულისკენ როგორ დაიწია.... ცარიელი ჭიქა მეორედ ანგარიშმიუცემლად გავიშვირე წინ, გენერალმა შეფარვით გაიღიმა და კიდევ შემივსო. - რა არის ეს? - ვიკითხე გაკვირვებულმა, ჩემმა გულუბრყვილობამ უკვე აშკარად და გულიანად გააღიმა... - ლუდია - გავიგონე მშვიდი ხმა. იმ დღეს ლუდი პირველად გავსინჯე...
გენერალი ფანჯარასთან მივიდა და ჩემგან ზურგით გაჩერდა. ორთაჭალის ციხის მხარეს იყურებოდა. მივხვდი, რაღაც უნდა ეთქვა. დღეს რატომღაც ყველა ზურგშექცევით მეუბნებოდა "მთავარს".
- გავეცანი საქმეს. აქ ისეთს ვერაფერს ვხედავ რომ თქვენზე სამსახურებრივი მოკვლევა ჩატარდეს. ვერც უკანონო პატიმრობის ელემენტს ვხედავ. ყველაფერი კანონიერია და ზუსტი, ... მეტიც, სამი ეპიზოდი გამოძიებით გაგიხსნიათ და ბოლომდეც მიგიყვანიათ, საბრალდებო დასკვნის მეტი თითქმის აღარფერი აკლია. მე სანთლით ვეძებ ასეთ შემთხვევებს, გამოძიებით გახსნილი საქმეები იშვიათია... რატომ არ მაცნობეს ? - იკითხა. - არ ვიცი. - ამოღებული ავტომანქანა სად არის ლეიტენატო? - პატრონი არ გამოუჩნდა, ძიებითაც ვერავის მივაკვლიე, ამიტომ როგორც უპატრონო ქონება, საკომისიო მაღაზიაში გავყიდე. ფული ბიუჯეტმა მიიღო. - ამოღებულ იარაღს და ტყვია-წამალს რა ბედი ეწია? - თქვენთან ინახება სამინისტროში დროებით, ბალისტიკური ექსპერტიზა დასრულდა და აქ ჩავაბარე საწყობს. - რას ფიქრობთ ლეიტენატო ამ ყველაფერზე? - მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მეგონა კარგად ვაკეთებდი. დამოუკიდებელი და შეუთანხმებელი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოეწონა ალბათ... - ვითომ ეგრე იოლადაა საქმე? - ფანჯრის მიღმა უსასრულობას გაუგზავნა კითხვა გენერალმა. კითხვა მე არ მეკუთვნოდა. ისევ დუმილი ჩამოვარდა. თვალი საათისკენ გავაპარე, ისრები საღამოს ცხრაზე გაწოლილიყვნენ. - მოხარული ვარ რომ შეგხვდით, თქვენზე რაც მსმენია - სიმართლე ყოფილა... თავისუფალი ხართ ლეიტენატო. თანაშემწე ჩემს მანქანამდე მიგაცილებთ და პირდაპირ სახლში წახვალთ, საქმე აქ დარჩება და სამინისტროს საგამოძიებო სამმართველო მიხედავს. ძალიან გართულებულა ეს საქმე და როგორც ჩანს,- თქვენი ცხოვრებაც. წადით და გამოიძინეთ. - გენერალი ისევ ზურგშექცევით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა. კართან მისულმა მოულოდნელად გავიგონე: - ქუდი დაგრჩათ „გავროშ“! - გენერალი თვალებით მიღიმოდა. ქუდს ხელი ვტაცე და ისევ კარისკენ შევბრუნდი. გენერალი ძალიან, ძალიან ხმადაბლა საუბრობდა ტელეფონით. ყურადღებას აღარ მაქცევდა. ფეხაკრეფით გამოვიძურწე მისაღებში. თანაშემწემ ხელწერილი მომცა - „საქმის გადაბარებაა" - მითხრა და ჩემი შემსუბუქებული ჩანთა მომაწოდა.
ქუდი ჩამოვიფხატე, საქმის ტომები აღარ მამძიმებდა, "ასობისტების" დერეფანი ცარიელი იყო... კედლის ნათურები ოდნავ ანათებდა კიბის საფეხურებს მოყვითალო მოთეთრო ნათებით. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მორგის დერეფანში მივდიოდი საკუთარი გვამის ამოსაცნობად. თანაშემწე უხმაუროდ და მსუბუქი ნაბიჯით ოდნავ წინ მიდიოდა, ზუსტად ასე მიაცილებენ მიცვალებულის პატრონს მორგში...
ღამის მორიგე ფეხზე წამოხტა და ჩაკეტილი კარი უხმაუროდ გააღო. სამინისტროს კარიდან ჩრდილივით გავსრიალდი. გენერლის მანქანის უკანა კარი თანაშემწემ გამიღო: - ახლა ვეღარ დაგჩაგრავენ და სახლშიც უსაფრთხოდ მიხვალ, - ჩაილაპარაკა და კარი მოხურა. მანქანას ღამის სიჩუმე არც კი დაურღვევია ისე გასრიალდა მტკვრის სანაპიროზე. მუსიკა ხმადაბლა მაგრამ მკაფიოდ უკრავდა. შოპენის ვალსი, დაჭიმულ ნერვებს ნელ-ნელა ადუნებდა. დილიდან თვალებში გაჭედილი წყვილი ცრემლი როგორც იქნა ნიკაპთან გამენასკვა... ძალიან ნელა, მაგრამ უკვე ვმშვიდდებოდი. VI.
დილით ადრე გამეღვიძა. დედა აღელვებული და შეშფოთებული მიცქერდა. - შენი თანამშრომელი ორჯერ მოვიდა გუშინ საღამოს, რა ხდება აღარ იტყვი? - როდის? - მეორედ რომ მოვიდა, უკვე გეძინა. ვეპატიჟე მაგრამ არ შემოვიდა, თქვა, ესე იგი მოგვარდაო... რა მეფიქრა აღარ ვიცოდი ... - არაფერი, ისეთი, მინისტრის მოადგილემ ლუდზე დამპატიჟა თავის კაბინეტში, - ვუთხარი ღიმილით. - ეგღა გვაკლდა - შეიცხადა დედაჩემმა. - რა უნდოდა? - იმ დიდ საქმეს გაეცნო. კარგი ადამიანია, იცი, შვილი ყოლია მკვდარი. - მოკლედ მოვუყევი დედას მომხდარი. - ესე იგი, კარგი მუშაობისთვის, ამ საახალწლოდ შენს დაჭერას აპირებდნენ შვილო ?!... - ჰო ეგრე გამოდის... - ეგენი ახლა უფრო აღარ მოგცემენ მოსვენებას შვილო, ბრძოლა მოუგე... თან როგორი ბრძოლა, უსისხლო... "ცივი ომი"... თან რა დროს, "მხედრიონი" რომ მართავს ყველაფერს... - აღარც კი ვიცი ვინ არ მომცემს მოსვენებას, ჩემი შეფები თუ ჩემი ბრალდებულები... ამაღამ ახალი წელია... - ბრალდებულების შენ არასოდეს გეშინოდა შვილო, ყველაზე საშიშები გვერდით გიზიან, სამსახურში...
დედის მზერა თვალში ჩამრჩა და სამსახურამდე მიმყვა. კიბეზე ასვლისთანავე მივხვდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. უყოყმანოდ გადავუხვიე მარცხენა ფლიგელისაგენ და „ოსკარას“ კაბინეტის კარი შევაღე. - ვაჰ, მობრძანდი, - ფეხზე წამოდგა მასპინძელი. - შეპირებული პისტოლეტი ვაზნებიანად, გადაიბარეთ ბატონო თემურ და შორს შეინახეთ - გავიღიმე. - რა მოხდა? ორგანოდან მიდიხარ ? - მიხვდა „ოსკარა“. - რა ვქნა ვერ გამოვიცვალე სისხლი, არ გამომივიდა, ჯიში არ მიწყობს ხელს - გავიცინე... - მოულოდნელი არაა ეგ ჩემთვის ... სანამ საბუთებს მოვამზადებ ნახევარი საათი მჭირდება. - ზუსტად ეგ ნახევარი საათი მჭირდება მეც, - ვუპასუხე და კადრების განყოფილების კარი შევაღე. განცხადება და სამსახურებრივი მოწმობა ერთად მივაწოდე ინსპექტორს. შრომის წიგნაკში სულ დღეებით და საათებით ჩამიწერეს რამდენი ხანი მქონდა ნამუშევარი პოლიციაში... - საუნივერსიტეტო განაწილების სავალდებულო ვადა გუშინ გაგითავდათ, - მაცნობა კადრების ინსპექტორმა. -ზუსტად მაგას ველოდი, - ხალისიანად ვუპასუხე გაკვირვებულ ინსპექტორს. - ჰო მაგრამ თქვენ, როგორც სამხედრო პირს რეზერვში გადაგიყვანენ, სრულიად თავისუფალი სამოქალაქო პირი მხოლოდ ორი თვის შემდეგ იქნებით - შემახსენა ინსპექტორმა. -დავისვენებ მაგ ორ თვეს, რაღაცეების დავიწყებაში დამეხმარება. - გავუღიმე და კარი მოვიხურე. კაბინეტში ნივთები ავალაგე. ტელეფონი აწკრიალდა. ჩემი "ნაუფროსალი" მეძებდა. სეიფის გასაღები ავიღე და კარი გამოვიკეტე. ტელეფონი გაბმულად, განუწყვეტლივ რეკავდა...
ჩაბარგებული პირდაპირ ქალაქის პროკურორს ვეახელი. - ბატონო ვალერი, დიდი მადლობა, თქვენ რომ არა, ახლა ალბათ „ქეთო“ ახლა ჩემზე იქნებოდა გამოწერილი. - მოესწრო ესე იგი ხომ? - გაეხარდა. - სულზე, - შვებით გამეცინა, - პირდაპირ ცხვირწინ ააცალეს ჩემი თავი საქმის ტომებიანად "ასობისტებს"! - ვიცი ყველაფერი..., - თვალები მოჭუტა პროკურორმა. - ახლა რას აპირებ? - მკითხა. - აწი სამოქალაქო სამართალში ვიმუშავებ, დაბადების და ქოწინების მოწმობებს გამოვწერ და სულ ბედნიერ სახეებს უნდა ვუყურო, არავითარი სისხლის სამართალი და პატიმარი - პირველად ვიხუმრე გულიანად. - არ მიხარია ეგ მე, სიმართლე რომ ვთქვა. ისე, აქ ახალს ვეღარაფერს ისწავლი. ყველა მუხლი გაქვს გამოძიებული ქვემდებარეობით. ის საქმე შეიძლება ისევ აქ დაბრუნდეს. მინისტრის მოადგილეს უკვე შესწავლილი ქონდა და... აღარ ჩაითვალა საჭიროდ „ასობის“ ჩარევა. კარგადაა გამოძიებულიო, ერთი დეტალიც არაა გაპარულიო, აფერუმ მაგ გოგოსო... აბა... ისე შენ თუ მიდიხარ, საინტერესოა ვინ დაწერს მაგ საქმეზე საბრალდებო დასკვნას?! - ხო ყავთ „მოსე მწერლები“ და „სანდო“ გამომძიებლები, - გამეღიმა მე. - ჰმ - გაეცინა პროკურორს, - მე კი მითხრეს თუ საბრალდებოს თითონ არ დაწერს, უნივერსიტეტში ვუჩივლებთო... მაგრამ ეგ ახლა უკბილო ძაღლის კბენაა ... ჰოდა ახლა ჩადი მესამეზე და ისე გაიარე იმ ფოიეში, თითქოს პოდიუმზე დადიხარ... ჰო, თვალისმომჭრელი ღიმილი და შენი ცნობილი „შორეული სალამი“ არ დაგავიწყდეს. მაგ საქმე რაც შეეხება, სასამართლოში მე თავად ვიქნები ბრალმდებელი და გპირდები რომ განაჩენი ყველა ბრალდებაზე დადგება. - მხარზე ხელი მომხვია პროკურორმა, კარებამდე გამომაცილა და ხელი ჩამომართვა. თვალებში შევხედე. მეგობრულად და თბილად მიყურებდა. არავითარ ირიბი აზრი და ხიწვი არ იყო მის მზერაში. ის კოლეგას შესცქროდა, გამარჯვებულ კოლეგას.
კადრებში დოკუმენტებს ხელი მოვაწერე. ინგას სეიფის და კაბინეტის გასაღები სამინისტროს ხელწერილთან ერთად გადავაბარე და ჩემი ლავანდისფერი პიჯაკი მოვახურე.
- ეს ჩემგან სახსოვრად გქონდეს ინგა...- ინგა გაშრა, სახტად დარჩა და დაჭყეტილი შემომაცქერდა.
პირველად ვბრუნდებოდი შინ მსუბუქი გულით. აივანზე გადმომდგარ „ოსკარას“ შორეული სალამი გავუგზავნე, "გავროში" დავიხურე და კიბეზე დავეშვი. ოცდაათი წყვილი თვალი ადევნებდა მზერას ჩემი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოძრაობას...
ისეთი დღე იყო, ახალს და განსაკუთრებულს რომ გპირდება.
ახალი წელი დგებოდა, 1995 წელი ...
This post has been edited by wit-georgia1 on 29 Sep 2014, 15:08
|