საკმაოდ დატვირთული და ემოციური დღის შემდეგ, ქართულ დელეგაციას დასასვენებლად არც 7 აგვისტოს სცალია. ლონდონის ოლიმპიადაში კიდევ 5 ჩვენი თანამემამულე ჩაებმება, რომელთაგან მედლის მოპოვების უმთავრესი შანსი მანუჩარ ცხადაიას აქვს, თეორიულად კი კვარცხლბეკისთვის შეიძლება ბერნულ-რომალური ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა სოსო ჯაბიძემაც გაიბრძოლოს.
შეგახსენებთ, რომ ცხადაია 66 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს და დღევანდელ შეჯიბრში ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. 27 წლის ქართველი მოჭიდავე მსოფლიოს ორგზის ვერცხლისმედალოსანი (2009, 2011), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (2012) და მესამე პრიზიორი (2009) გახლავთ და იქნებ, ამდენი წაგებული ფინალის შემდეგ, გაბრწყინება ოლიმპიურ თამაშებზე მოახერხოს.
მანუჩარს ისიც უწყობს ხელს, რომ კენჭისყრისას იღბალი აშკარად მის მხარეს გახლდათ. ცხადაია ბადის ზედა ნახევარში მოხვდა და პირველ რაუნდში თავისუფალია, შემდეგ (თბილისის დროით 16:18 საათზე) ძალებს ნაკლებადცნობილ შვეიცარიელ პასკალ შტრებლთან მოსინჯავს, გამარჯვების შემთხვევაში კი ეგვიპტელ აშრაფ მოჰამედ მელიგი ელღარაბლის და ეკვადორელ ვისენტე ორლანდო ჰუაკონ ალვარადოს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება.
სათქმელია, რომ ამ წონითი კატეგორიის უმთავრესი ფავორიტი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ირანელი საეიდ მორად აბდვალი, რომელმაც ოქროს მედლისთვის ბრძოლაში სწორედ ცხადაიას სძლია, ბადის ქვედა ნახევარში მოხვდა, ისევე, როგორც სამხრეთკორეელი ჰიეონ ვუ კიმი, ფრანგი სტივ ფრანსუა ფაბიენ გუენო და კუბელი პედრო ისააკ მულენს ერერა.
http://worldsport.ge/olympics2012/?id=40342&lang=1&page=news