"სალერი" პირველი ლიგის გენერალური სპონსორი გახდა
მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ზვიად სიჭინავამ და კომპანია "სალერის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში და იბერია ბიზნეს ჯგუფის პრეზიდენტმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მომავალი სეზონიდან ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის ტექნიკური სპონსორი ცნობილი გერმანული ბრენდი "სალერი" იქნება და პირველ ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდი, სწორედ ამ ბრენდის სპორტული ეკიპირებით იასპარეზებს. საუბარია 24 გუნდზე. მათ სრული ეკიპირება გადაეცემათ კომპანიისგან.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა უპრეცენდენტო პროექტი, შეძენილ იქნა პირველი ლიგის ყველა გუნდისათვის სალერის ბრენდის სათამაშო ფორმა და ეკიპირება. აღნიშნული ეკიპირება გუნდებს უახლოეს დღეებში, ჩემპიონატის დაწყებამდე საჩუქრად გადაეცემათ. 16 აგვისტოს პირველი ლიგის წილისყრა ჩატარდება, ჩემპიონატი კი 25 აგვისტოს აიღებს სტარტს. "სალერი" მიმდინარე სეზონზე პირველი ლიგის გენერალური სპონსორი იქნება.
ზვიად სიჭინავა: "25 აგვისტოს იწყება პირველი ლიგის გათამაშება. ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ კლუბებს დაეხმაროს და 24 გუნდისთვის შეიძინა სრული ეკიპირება - 40 კომპლექტი. "სალერმა" გამოთქვა სურვილი, რომ გახდეს პირველი ლიგის გენერალური სპონსორი. ჩვენ სახელმწიფოს დახმარებით შევიძინეთ აღნიშნული ეკიპირება. მოხარული ვარ, რომ სალერმა გადაწყვიტა გვერდში დაუდგეს პირველ ლიგას. 2012/13 წლების სეზონზე "სალერი" გენერალურ სპონსორობას გაუწევს პირველ ლიგას. 24 გუნდის კომპლექტების შეძენა ნახევარ მილიონ ლარამდე დაგვიჯდა. უკვე მოგახსენეთ, სახელმწიფომ გამოყო ეს თანხა. ფერები ყველა კლუბმა თავად შეარჩია. კომპლექტში შედის ყველაფერი, რაც ნორმალურ გუნდს სჭირდება - სავარჯიშო, სათამაშო ფორმა. კონტრაქტის პირობების მიხედვით, "სალერი" ვალდებულია ყველა ფორმა, რომელიც აცვიათ კლუბებს, გაყიდოს მათ მაღაზიებში, რათა გულშემატკივარს შეეძლოს საყვარელი კლუბის ფორმის შეძენა".
ტარიელ ხეჩიკაშვილი: "დიდი მადლობა სფფ-ს თანამშრომლობისთვის. ბოლო დროს სულ მიდის საუბარი, რომ მხოლოდ ნაკრებებს ეთმობა ყურადღება. ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ კომპლექსურად ვითანამშრომლოთ პირველ ლიგასთან. "სალერი" გერმანული კომპანიაა. პირველ ეტაპზე საფეხბურთო სკოლა "საბურთალოსთან" თანამშრომლობდა. ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მასშტაბი გაგვეზარდა. პირველი ლიგის გუნდებს სერიოზული დახმარება აღმოვუჩინეთ. ჩვენ ვაპირებთ აქტიურად დავუდგეთ მხარში სხვა სპორტის სახეობებსაც. ბევრს გავაკეთებთ სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებისთვის და თქვენთვისაც სიურპრიზები გვაქვს.
კონტრაქტი არ ითვალისწინებდა, მაგრამ ჩვენი ინიციატივით საჩუქარი გავუკეთეთ მსაჯებს და 100 კომპლექტი გადაეცემათ მათ. ამ საჩუქარს ვაკეთებთ ყველანაირი შეთანხმების გარეშე. გვინდა, რომ ეს გადამდები იყოს სხვა კომპანიებისთვისაც, რათა შეიქმნას კონკურენცია. ვეცდებით ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იყოს.
"სალერმა" დიღომში 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, აშენებულია სპორტული კომპლექსი, სპორტული სამოსის ცენტრი. დაახლოებით სექტემბრის ბოლოს იქნება ამ კომპლექსის პრეზენტაცია. გარდა ამისა, 5000 ათასი ლარით დავაჯილდოვებთ გამარჯვებულ გუნდებს (პირველი და მეორე ადგილი) თითო კომპლექტს კი საჩუქრად გადავცემთ".
კარგია 5000 ლარიც რომ გადაეცემათ...