ხშირად წერე ირაკლი!
მოგვხედავს ვინმე? დიდი იმედი არ მაქვს, ამ პრობლემას ვინმე რომ შეისმენდეს - ასე რომ იყოს, აქამდეც ბევრჯერ დაგვიწერია...
ავტორი
ირაკლი თავაძე
დიდი იმედი არ მაქვს, ამ პრობლემას ვინმე რომ შეისმენდეს - ასე რომ იყოს, აქამდეც ბევრჯერ დაგვიწერია და სათანადო სამსახურები ყურს შეიბერტყავდნენ, მაგრამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის ოლიმპიური სასახლის ხელმძღვანელობის თუ ვისაც ეხება, იმათი ყურადღება კიდევ ერთხელ გვინდა მივაპყროთ სპორტის ოლიმპიური სასახლის პრეს-ლოჟაში ჟურნალისტთათვის არსებულ მოუხერხებელ პირობებს. უფრო სწორად - არასამუშაო პირობებს.
ჩვენდა სამწუხაროდ, იქ სკამები იმდენადაა დაშორებული მაგიდებს, მუშაობა შეუძლებელია, ხოლო ნებისყოფის დაძაბვით მაინც თუ გასწირავ თავს, ვაი იმ მუშაობას.
ერთ რომელიმე მატჩზე დასწრება ან თუნდაც ერთი დღის იქ გატარება კიდევ ჯანდაბას (თუმცა ესეც რატომ უნდა იყოს ასე პრობლემური) - ამას როგორმე კიდევ გაუძლებ კაცი (ბოლო-ბოლო, ნათქვამია, ერთი საათით წყალში თავით ჩაკიდებული გაძლებო), მაგრამ როცა ისეთ ხანგრძლივვადიან შეჯიბრებებს ესწრები, როგორიცაა ძიუდოს გრან პრი ან ახლახან ჩატარებული „კარტოზია-ბალავაძის მემორიალი“, ანუ შეჯიბრებები, რომლებიც 3-4 დღე გრძელდება, დაღლილობისგან უკვე ყველაფერი ინტერესს კარგავს. თუმცა ეს დაღლილობა კი არა, კოშმარია - ვინც არ მეთანხმება, შეუძლია, თავად ავიდეს პრეს-ლოჟაში და პირადად დარწმუნდეს ამაში.
გვესმის, რომ ვიპ-ლოჟიდან ეს ყველაფერი არ ჩანს, მაგრამ გადამოწმება ადვილია. ასევე აუცილებელია დენის მუდმივი წყარო თითოეულ მაგიდამდე იყოს მიყვანილი, თორემ სადღაც შუაში დადგმული ერთი როზეტი უკან მიდევნებული ლამპარი და მოვალეობის მოხდა უფროა, ვიდრე - საქმის კეთება.
ისე, ეს სპორტის სასახლე იმთავითვე ბედკრული გამოდგა - ჯერ იყო და, იმდენი ადგილი განიხილეს მის ასაშენებლად, იმდენი „ათრიეს“ აქეთ-იქით, ჩიკორსაც კი თავბრუ დაეხვეოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც საბურთალოს სასაფლაოში ჩადგეს, მერე კი იმდენი ხარვეზი აღმოაჩნდა, კარგად განსწავლული დილეტანტიც არ დაუშვებდა, არათუ პროფესიონალი ინჟინერი.
გვესმის, სასაფლაოც ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ არც კულტურული სანახაობა არაა. განსაკუთრებით უხერხულია უცხოელებთან მიმართებაში, რადგან ისინი, ფაქტობრივად, სასაფლაოზე მიგვყავს და მისი გავლით შეგვყავს შენობაში. ამ უხერხულობას შიგნიდან მუქი ფარდებით ებრძვიან - ისინი მთელი დღის განმავლობაში ჩამოფარებულია. ისე, „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ მეორე მხრიდან მოიწყვეს ვიპ-შესასვლელი და მათ არ უწევთ სასაფლაოსთან შეხება.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, შენობაში თავდაპირველად პრეს-ლოჟა არც იყო გათვალისწინებული და მერე რომელიღაც შეჯიბრების წინ (მგონი, ისევ ძიუდოს ტურნირი იყო) სახელდახელოდ გადააკეთეს. იმხანად ესეც წინგადადგმულ ნაბიჯად გამოჩნდა, თუმცა მაგიდებსა და სკამებს შორის ცხენის გასაჭენებელი ადგილი რომ იყო დაშორებული, იმთავითვე ცხადად ჩანდა. ამდენი წელიწადი გავიდა ამ ლოდინში და იქნებ ახლა მაინც გადააკეთონ იქაურობა - არა გვგონია, ეს დიდი და დაუძლეველი პრობლემა იყოს. ისე კი საკითხავია - მსგავსი შეუსაბამობები ვიპ-ლოჟაში რატომ არ ხდება?
ზემოთ სხვა ხარვეზები ვახსენეთ და რამდენადაც ვიცი, ან უცხოელი მედია-ოფიცრებისგან მომისმენია, პრეს-ლოჟა და ვიპ-ლოჟა ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, მათ არ უნდა ჰქონდეთ შეხების წერტილი. მეც რაც მინახავს უცხოეთში სპორტული დარბაზები, ეს ორი სექტორი მართლაც მოპირდაპირე ტრიბუნებზეა, ჩვენთან კი პრეს-ლოჟა ვიპ-ლოჟის თავზეა.
სასახლისთვის დიდი პრობლემაა ისიც, რომ ყველაზე ქვედა სართულზე არაა მანქანის მისადგომი ადგილი, რის გამოც ორგანიზატორებს სპორტული ინვენტარის (მოგეხსენებათ, სპორტის სხვადასხვა სახეობებს განსხვავებული ინვენტარი სჭირდება) ხელით ჩატანა უწევთ პირველი სართულიდან ნულ სართულზე, უშუალოდ სპორტულ არენაზე, დასრულების შემდეგ კი იგივე გზა უკვე საპირისპირო მიმართულებით უნდა გაიარონ. კიდევ უფრო დიდი სირთულეა და ძალიან მოუხერხებელია ისიც, რომ მოსათელი დარბაზი საშეჯიბრო არენას პირდაპირ, დახურული დერეფანით არ უკავშირდება:
სპორტსმენები მოსათელ-გასახურებელი დარბაზიდან არენაზე გასასვლელთან რომ ჩავიდნენ, ლამის რამდენიმე სართულის სადარი კიბეები უნდა ჩაიარონ და მერე ეს გზა ისევ უკან უნდა ამოიარონ. თუმცა „გაჭირვება მაჩვენე, გაქცევას გაჩვენებო“ და მოგვიანებით იქვე, არენაზე გასასვლელის გვერდით, დერეფანში მოაწყვეს ამგვარი დარბაზი, თუმცა ამით მთავარი პრობლემა მაინც არ გვარდება.
თავს ვერ დავდებთ, რომ დაპროექტების პროცესში სხვა ხარვეზებიც არაა დაშვებული. გევსმის, რომ ამდენი რაღაცის გამოსწორება ახლა შეუძლებელია; მაგალითად, მოსათელი დარბაზი დაბლა რომ ჩაიტანო, ლამის ნახევარი სასახლე უნდა მიანგრ-მოანგრიო და გადააკეთო, პრეს-ლოჟაში მაგიდების ან სკამების მწკრივის ადგილმდებარეობის შეცვლა და მათი ერთმანეთთან იმგვარად დაახლოება, ჟურნალისტებმა ნორმალურად მუშაობა რომ შევძლოთ, ნამდვილად არაა ძნელი.
საქართველოში ყველანაირი ღირებულება თუ ფასეულობა გადაფასებულია, მაგრამ შეჯიბრება, უპირველესად, არის როგორც ქომაგებისა და საპატიო სტუმრებისთვის, მინიმუმ, ასევეა ჟურნალისტებისთვის, თუ უფრო მეტადაც არა.
ნათქვამის საილუსტრაციოდ ისევ გავიხსენებ წლების წინ შესწრებულ ფაქტს: მაშინ სპორტის ძველ სასახლეში ძიუდოს მაშინდელი საერთაშორისო ტურნირი ტარდებოდა, დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი შესამოწმებლად ჩამოვიდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის კომისარი, ესტონელთა ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი ინდრეკ პერტელსონი.
როცა მან სპორტის სასახლე დაათვალიერა, პრეს-ლოჟა მოიკითხა. მაშინ ამისთვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი არც იქ იყო და მასპინძლებმა ხან ერთი კუთხისკენ გაიშვირეს ხელი და ხან - მეორესკენ... აბა, ტრიბუნებზე ცენტრალურ ადგილს ხომ ვერ გაიმეტებდნენ მედიისთვის, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, ჩვენი ადგილები უცხოეთშიც ბევრგან სწორედ ასეთ კუთხეებშია და ახლახან მინსკშიც ასე იყო, მეორე ევროპულ თამაშებზე. თუმცა პერტელსონმა ერთხელ გააქნია თავი უარის ნიშნა, მეორედაც და როცა მასპინძლები მესამე კუთხისკენ მიბრუნდნენ, მაშინ კი ხმას აუწია - არა, არაო და თან ხელიც შემართა, მერე კი ეს სამი სიტყვა გაიმეორა: პრესა, როგორც ჰაერი. ანუ პრესა ჰაერივით საჭიროა შეჯიბრებისთვისო...
სამწუხაროდ, მთელი ამ წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან მსგავსი შეგნება კარგა ხანს არ დამკვიდრდება, მაგრამ ამ ხარვეზების კიდევ ერთხელ შეხსენებით გვინდა სპორტის სამინისტროს, ზოგადად ხელისუფლებას ერთი რამ შევახსენოთ: როგორც გაცხადებულია, ევროპის საკალათბურთო ჩეპიონატისთვის თბილისში სპორტის ახალი სასახლე უნდა აშენდეს.
ამბობენ, რომ ის მულტიფუნქციური იქნება ანუ კალათბურთის ან ზოგადად, სათამაშო სახეობების გარდა, სპორტის ინდივიდუალური სახეობებისთვისაც იქნება გათვალისწინებული, თუმცა ვისთვისაც უნდა იყოს, იქნებ სახელმწიფომ, დამკვეთმა თუ ვისაც ეს ევალება, ამჯერად მაინც გაითვალისწინოს ოლიმპიური სასახლის დაპროექტება-მშენებლობისას დაშვებული შეცდომები; ამჯერად მაინც მოიწვიონ პროფესიონალები და იგივე ხარვეზები ახლა მაინც აღარ გაიმეორონ. იმედია, ახალ სასახლეში აღარც ჟურნალისტებს მოგვიწევს ამგვარ პრობლემებზე წერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"