გიოს სვეტებზე და ”სარბიელზე”...
Gocha Tandarashvili on Sunday, December 30, 2012 at 12:38am ·
ივლისში, შუადღეზე, სიცხეში და ფასადების რემონტის მტვერში პლეხანოვზე ფეხებმონგრეული, ხელჯოხით და მხარზე გაფუჭებული ლეპტოპით რომ მივჩლახუნობდი, ზურაბ მეძველია წამომეწია. სათვალე რომ მოიხსნა, მერე ვიცანი. იქამდე სულ ერთხელ მყავდა ნანახი, “World Soccer”-ის პრეზენტაციაზე, თაზო მასმა გამაცნო და დანარჩენი ფეისბუქით. ჰოდა, კი შევცბი, უცებ რომ ვერ ვიცანი, მაგრამ მე, მგონი, დაღლილობას დავაბრალე, ზურამ კი სათვალეს. ცოტა ვილაპარაკეთ. რა თქმა უნდა, ”სარბიელზე”. ”სარბიელი” ისეთი რამაა, მანდ მომუშავე ჩემს ძმაკაცებსაც მოწიწებით რომ ველაპარაკები და ზურას ხომ საერთოდ...
აბა, გიოს სვეტებს როგორ არ ვახსენებდით?! და მაშინ მითხრა სრულიად გამაგიჟებელი რამ- სექტემბერში გიოს სვეტების კრებული უნდა გამოვიდესო! გამოვიდა კიდეც, გრუზინულად, დეკემბერში. განა ვინმეს ბრალია, მაგრამ ეგრე კი გამოვიდა. ჯერ ხომ კვირაში ერთხელ ის გაზეთი მესიზმრება ხოლმე და ახლა ეს მჭირდა ამდენი თვე და რაც კიდევ უარესია, ამდენი დღე. ეგრე გაგიჟებაც არ შეიძლებაო, იქნებ ვინმემ თქვას, მაგრამ ის სვეტი იყო, მე რომ გაზეთში წერა დამაწყებინა და ეს დღემდე მენატრება. ის სვეტი იყო, ინგლისი რომ უფრო შემაყვარა, ფეხბურთი უფრო შემაყვარა, ფაულერი შემაყვარა, რაგბი შემაყვარა, საქართველო მართლა (!) შემაყვარა და საერთოდ, რაღაცის სიყვარულიც შემაყვარა.
ჰოდა, რომ ჩამოვიდა წიგნები, დილიდან ვირბინე და ვიყიდე. პირველმა ვიყიდე და მართლა გამიხარდა, რომ პირველმა ვიყიდე. ვკითხულობ ახლა ამ სვეტებს და მახსენდება, რომ ამ სვეტს უნივერსიტეტის ბაღში ვკითხულობდი, ამას მარშუტკაში, ეს რამდენჯერ წავიკითხე, ამის გვერდზე რა ეწერა, ეს იმას გახსენებს, ის ამას... 90-იანები, გზის ფული, ”სარბიელის” ფული და თუ დაგრჩებოდა, ხაჭაპურის ფული...
ნეტავ გამოვიდეს... სულ სხვა რაღაცა იყო, გაზეთი სულაც არ იყო მგონი... ან ჩემთვის არ იყო. ”სარბიელი” იყო და რაღაც ბევრს სწავლობდი, ისრუტავდი, ბევრჯერ კითხულობდი... ვიღაცას რომ ათხოვებდი და თვალი სულ იქით გეჭირა, როდის დამიბრუნებსო, ის იყო. სხვანაირად რომ კეცავდნენ და ნერვები გეშლებოდა, ის იყო. ვარკეთილიდან თავისუფლებამდე ფეხით რომ წავსულვარ საყიდლად, მხოლოდ იმედით, იქნებ გამოვიდა თქო, ის იყო. ვარდისფერიც იყო და ყვითელი და კარდონივით სქელიც იყო.
ახლაც რომ გადავდივარ ბინიდან ბინაში, ტომრებით დავათრევ, რაც ვირთხებს გადაურჩა. ამ გაზაფხულზე ამოვყარე და ამოვარჩევ და ამოვჭრი რაღაცებს თქო. დავიწყე და შემეცოდა მერე. სხვა რაღაცა იყო. ”სარბიელი” ჩემთვის გიო იყო კალანდაძე, სადმე რომ მივფრინავდი ხოლმე და მიგროვებდა ყველა ნომერს, ”სარბიელი” მიშა იყო მშვილდაძე, გვერდებს რომ ვინაწილებდით ხოლმე მეტროში და ისე ვკითხულობდით, საღინაძე იყო, სულ თავისი ”სარბიელი” რომ ჰქონდა, რეზი იყო, ჭანო იყო, ოთო, მიქო, ბარაშკა, ლადო, ჩვენი ბაჩო იყო... ყველა იყო რა. სტადიონის სკამზე ვერ ვიფენდი და ზედ ვერ ვაჯდებოდი და მივეჩვიე. ახლაც ისე ვჯდები ჩვენს ტრადიციულად ჭუჭყიან სკამებზე. მერე რა მოხდა, მაინც ჯინსი მაცვია სულ. ჯინსს კიდევ უხდება სტადიონის მტვერი...
უჰ, იმდენს დავწერდი კიდევ...
ეს რა შუაშია. რა მინდოდა მეთქვა- მალე გამოვიდეს რა მეორე ტომიც და მესამეც და ბოლომდე... ცოდო ვარ რა და კიდევ არიან ეგეთები... ნეტარ არიან!