აბა, შემიფასეთ დებიუტი ჟურნალ ათიანში

კომპიუტერში აღრიცხული მუტრუკები
არ ვიცი, რა გრძნობა დაგეუფლებათ ამ წერილის წაკითხვისას – მწარედ გაგეღიმებათ, რომელიმე სიტუაცია გეცნობათ თუ იქ ნახსენებ პერსონებს ახლობლებს მოუკითხავთ. მთავარი ის არის, რომ აქ მოყვანილი თითოეული ფაქტი სრული სიმართლეა და ყოველგვარი შელამაზების გარეშე იმ ადამიანის მიერ არის აღწერილი, რომელიც ქართულ ბავშვთა ფეხბურთს უკვე ორი წელია, შიგნიდან იცნობს.
დიახ, ყოველივე ეს საქართველოში ხდება, უფრო კონკრეტულად კი იქ, სადაც ჩვენი ბავშვები მეტად არაჰუმანურ და არაჯანსაღ გარემოში ცდილობენ ან ფეხბურთელად ჩამოყალიბებას, ანაც, უბრალოდ, ფეხბურთის თამაშით ტკბობას.
საბედნიეროდ, ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში წესიერი და თავისი საქმის მაღალ დონეზე მცოდნე ხალხიც ტრიალებს, მაგრამ სისტემაა იმდენად დაჭაობებული, რომ გასაქანი, ასეთებზე მეტად, უწესო ტიპებს ეძლევათ.
გაცნობა მატჩის წინ
- რა გქვია?
- შაკო, შენ?
- მე ვანო. გაიცანი, ეს ნიკაა, ეს გიო, ეს ლუკა.
- სასიამოვნოა. თქვენც გაიცანით, ბიჭებო, ამას დათო ჰქვია, ამას – თორნიკე.
ეს დიალოგი საფეხბურთო მოედანზე მოვისმინე, ოღონდ არ გეგონოთ, რომ პატარა ფეხბურთელები ფეხბურთზე ახლად შესულ თანატოლებს ეცნობიან.
ალბათ, იფიქრეთ, რომ მატჩის წინ მეტოქე გუნდის წევრები ეუბნებიან ერთმანეთს თავის სახელს. არც ეს არის სიმართლე.
ეს გაცნობა მართლაც მატჩის წინ ხდება, მაგრამ არა მეტოქეთა, არამედ... “თანაგუნდელთა” შორის. მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრის წინ მწვრთნელი კოლეგას რამდენიმე კარგ ფეხბურთელს “ეთხოვა” და “ნათხოვარი” ბავშვები გუნდს ისე დაემატნენ, რომ “თანაგუნდელები” მანამდე ცხოვრებაში არ ენახათ. რასაკვირველია, პატარებს აზრადაც არ მოსდით, რომ გაცნობის ეს პროცედურა ვინმეს რაიმე ეჭვს აღუძრავს და ერთმანეთის სახელებს მაშინღა იგებენ, როცა გუნდები მოედანზე დგანან და მსაჯის სასტარტო სასტვენს ელიან.
სამსაჯო თემას მოგვიანებით მივუბრუნდებით, “ნათხოვარი” ფეხბურთელების პრაქტიკა კი ქართულ ბავშვთა ფეხბურთში თითქმის ისეთივე გავრცელებულია, როგორც გადაზრდილების პრობლემა.
ბავშვები და მუტრუკები
ფეხბურთის რეგიონული ფედერაციების მიერ ორგანიზებული ტურნირების აბსოლუტურ უმრავლესობაში ამ სენის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ხერხები არ არსებობს. კი, სეზონის წინ დგება ოფიციალური განაცხადი თავისი სამედიცინო ცნობითურთ და ერთი შეხედვით, ყველა პროცედურა მოწესრიგებულია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით...
ისევე, როგორც უმაღლეს და პირველ ლიგაში, ნორჩ ფეხბურთელებს აქაც აქვთ სამონაწილეო ბარათი, ეგრეთ წოდებული “კარტოჩკა”, სადაც დატანილია მისი ფოტოსურათი, აღნიშნულია კლუბი და დაბადების თარიღი. “კარტოჩკა” დამოწმებულია ტურნირის ორგანიზატორის ბეჭდით და თითქოს გადაზრდილების (ერთი კახელი სპორტული ჟურნალისტის ტერმინი რომ მოვიშველიო, მუტრუკების) პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია.
საქმე ის არის, რომ ნებისმიერ მწვრთნელს სრულიად დაუბრკოლებლად შეუძლია, ბარათში არა იქ მითითებული, არამედ სულ სხვა, უფროსი ასაკის ბავშვის ფოტო ჩააკრას და შემდეგ მთელი სეზონის განმავლობაში იგი სხვისი სახელით ათამაშოს. ანუ ვთქვათ, ბარათში წერია, რომ იგი ეკუთვნის 2000 წელს დაბადებულ ა.ა.-ს, სინამდვილეში კი იქ გამოსახულია 1998 წელს დაბადებული ბ.ბ. და სწორედ ამ ხრიკის წყალობით ეს “მუტრუკი” სრულიად “ლეგიტიმურად” ითამაშებს ორი წლით უმცროსებში.
ისე კი, მატჩამდე ან მის შემდეგ ძალიან იშვიათად მიდგება ხოლმე საქმე “კარტოჩკების” მოთხოვნამდე. როგორც წესი, მწვრთნელები საკუთარი “სიმართლის” დამტკიცებას პირჯვრის წერით ან შვილების დაფიცებით ცდილობენ, რის შემდეგაც “კარტოჩკის” მოთხოვნა ძალიან “ტეხავს”.
არადა, სამონაწილეო ბარათში მოყვანილი ინფორმაციისა და ფოტოსურათის შესაბამისობა საშუალო სკოლის მიერ რომ დამოწმდეს, გადაზრდილების პრობლემის გადაჭრისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგმება.
პენალტების სერია კალენდარულ მატჩში
...სეზონი დასასრულს უახლოვდება, ერთმანეთს ორი კონკურენტი გუნდი ხვდება და კონკრეტული მიზნის მისაღწევად (ამ შემთხვევაში, საპრიზო სამეულში მოხვედრა) ორივეს გამარჯვება სჭირდება. საყაიმო შედეგი მესამე პრეტენდენტს აძლევს ხელს.
მატჩამდე გუნდების მწვრთნელები გაცხარებით ბჭობენ. ერთი ცდილობს, მეორე დაარწმუნოს, რომ სამი ქულა მის გუნდს უფრო სჭირდება, რადგან უფრო იოლი კალენდარი აქვს დარჩენილი და მიზნის მიღწევის მეტი შანსი აქვს. მისი კოლეგა ამ აზრს არ იზიარებს და თავადაც სთხოვს მეტოქეს სამი ქულის დათმობას, სანაცვლოდ კი თავადაც მომავალ სეზონში ჰპირდება ამდენივეს ჩასესხებას. არცთუ ხანმოკლე დებატების შემდეგ კონსენსუსი ვერ მიიღწევა და მოწინააღმდეგეებს “ისღა დარჩენიათ”, გამარჯვებული ნაღდ ბრძოლაში გამოავლინონ.
ბრძოლა მართლაც შეუპოვარი გამოდგება და შეხვედრა იმ შედეგით სრულდება, რაც სულ სხვა გუნდს აძლევს ხელს – ბავშვებმა ერთმანეთს თავი შეაკლეს და ლოგიკური ფრე დაფიქსირდა.
მწვრთნელები ჯერ ერთმანეთს მეგობრულად გადაეხვევიან, შემდეგ მსაჯთან მიდიან და სთხოვენ, ძირითად დროს ათიოდე წუთი დაამატოს, რათა გამარჯვებული როგორმე გამოვლინდეს.
- რა დამატებითი დრო, ეს ხომ პლეი ოფი არ არის?! ოქმში ფრეს დავაფიქსირებ.
- თუ ძმა ხარ, ვინ რას გაიგებს, ტრიბუნაზე უცხო არავინ ზის, რომ ფედერაციაში ამბავი მიიტანოს. გაგვიგე, ფრე არც ერთს გვაწყობს.
- მერე თამაშამდე შეთანხმებულიყავით რამეზე, ახლა რა ვქნა, სხვა თამაშზე მაგვიანდება.
- კაცურად, გვიმსაჯე კიდევ ათი წუთი და ტაქსით გაგიშვებთ.
მსაჯი თანხმდება, მაგრამ იმ ათ წუთში გოლი არა და არ გადის. ამოიწურა ეს დროც და საბოლოოდ, ჩემპიონატის კალენდარული მატჩის გამარჯვებულის ვინაობას პენალტების სერია წყვეტს.
რასაკვირველია, მესამე კონკურენტი გუნდის მწვრთნელი ვერასდროს გაიგებს, რომ ამ უკანონო გარიგებამ მის ბავშვებს საპრიზო ადგილი დააკარგვინა.
მეც ხომ უნდა დამრჩეს რამე?!
- გამარჯობა, კოტე, ამხანაგური ხომ არ გვეთამაშა?
- გაგიმარჯოს, ნუგზარ (სახელები, რა თქმა უნდა, შეცვლილია). დიდი სიამოვნებით. კარგი მოედანი გაქვს და მანდ თამაში ჩემი გუნდისთვის სასარგებლო იქნება.
- შენთან მირჩევნია მოსვლა.
- ხომ იცი, ჩემი მოედანი პატარაა და უხარისხო, შენი კი ხარისხიანი და სტანდარტული ზომისაა.
- ვიცი, მაგრამ მაინც შენთან მაწყობს თამაში.
თქვენ თუ ვერ ვხვდებით, გეტყვით, რატომ ურჩევნია მწვრთნელს კოლეგის ცუდ მოედანზე თამაში. ნუგზარის უბნიდან კოტეს უბნამდე საკმაო მანძილია და რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა ბავშვებს გადაქანცავს. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მიკროავტობუსის დაქირავება. სწორედ ეს აძლევს ხელს მწვრთნელს – ბავშვებისგან იმაზე მეტ თანხას აკრებს, ვიდრე მიკროავტობუსის მძღოლი ითხოვს და ზედმეტ ფულს ჯიბეში ჩაიდებს.
ბავშვთა მწვრთნელებს საქართველოში მიზერული ხელფასი აქვთ და მათი დიდი ნაწილიც, განსაკუთრებით, ისინი, რომლებსაც სხვა სამსახური არ გააჩნიათ, დამატებითი შემოსავლების მისაღებად ამგვარ გზებს მიმართავენ. სხვათა შორის, ხშირად ამას მშობლებიც გაგებით ეკიდებიან და მწვრთნელს არ უკირკიტებენ, თუ რატომ ახდევინებს ამა თუ იმ მომსახურებაში არა, ვთქვათ, 10 ლარს, არამედ – 20-ს.
“კარგი რა, რა ამბავია, მეც ხომ უნდა დამრჩეს რამე”, - ეს ფრაზა ყოველი სეზონის დაწყების წინ ისმის რეგიონული საფეხბურთო ფედერაციების ოფისებში. ბავშვთა ლიგებში სამონაწილეო თანხა ყოველწლიურად იზრდება და შარშანდელი ზაფხულის მონაცემებით, გუნდზე სეზონში ასაკისა და ტურნირის პრესტიჟულობის მიხედვით, დაახლოებით 500-დან 1 500 ლარამდე მერყეობს.
“მეც ხომ უნდა დამრჩეს რამე”-სთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი აგვისტო-სექტემბერია, როცა რეგიონულ ფედერაციებში ახალი სეზონის განაცხადი და სამონაწილეო თანხაა შესატანი.
ვთქვათ, გუნდზე შესატანია 1 000 ლარი და მწვრთნელს ჰყავს 20 ბავშვი. მარტივი არითმეტიკაა, რომ თითოეულმა მათგანმა ლიგაზე სათამაშოდ 50 ლარი უნდა გადაიხადოს, თუმცა საქმე ასე მარტივადაც არ არის. მწვრთნელი თითო ბავშვისგან 70, 80, ან სულაც 100 ლარს მოითხოვს და ისევე, როგორც მიკროავტობუსის დაქირავების შემთხვევაში, ზედმეტი თანხა მის ჯიბეში წავა.
საბედნიეროდ, პატიოსანი მწვრთნელებიც არსებობენ...
იწყება სეზონი, ორ კვირაში ერთხელ გასვლითი მატჩია და ამ დროს მიკროავტობუსის კარგად აპრობირებული ვარიანტი მუშაობს. ზოგი არც ამით კმაყოფილდება და ყველა თამაშის წინ ბავშვებს დამატებით აკრებინებს “მსაჯის ფულს”. არადა, ეს მავნე პრაქტიკა აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით უკვე გაუქმებულია და სხვა ხარჯებთან ერთად, ესეც სეზონის წინ ფედერაციაში შეტანილ სამონაწილეო თანხებშია გაწერილი.
დამატებითი შემოსავლის წყაროა ასევე ფორმებიდან “მოტეხილი” ფული.
მაისური (კარგი ხარისხით, ორიგინალური დიზაინით, კლუბის ლოგოთი, ნომრით და ფეხბურთელის გვარით) 25, მაქსიმუმ 30 ლარი, შორტი – 5 ლარი, გეტრი – 5 ლარი.
მშობლებო, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის ფორმის კომპლექტი ამაზე მეტი არ ჯდება და თუ მწვრთნელი ამაში არა 35-40, არამედ, მაგალითად, 60 ან 70 ლარს გთხოვთ, იცოდეთ, რომ იგი, უბრალოდ, გატყუებთ და თქვენი გადასაწყვეტია, გსურთ თუ არა მისთვის ამ სახით ფულის ჩუქება.
და უკვდავი “ზბორების” თემა – აქ უკეთური მწვრთნელის “ნიჭი” და “ფანტაზია” უკვე მთელი თავისი გაქანებით ერთვება და უმეტეს შემთხვევებში, მშობელი ძალიან ცუდი პირობების სანაცვლოდ იხდის ძალიან სოლიდური თანხას. ხშირად მწვრთნელის უნამუსობა ყოველგვარ საზღვარს სცილდება და დაპირებული სასტუმროს ნაცვლად, ბავშვები საკუთარ სოფელში, მამაპაპისეულ სახლში მიჰყავს, რაც, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი “მაყუთის მოტეხვის” საშუალებას აძლევს.
მადლობა ღმერთს, გამონაკლისებს აქაც ვხვდებით.
ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ როგორც წესი, ბავშვების მოზრდილ ნაწილს შეკრებაზე წასვლის საშუალება არ აქვს და სწორედ ამ დროს ივლება მკაფიო ხაზი შეძლებულებსა და გაჭირვებულებს შორის. სწორედ ამ დროს უყალიბდება მოკრძალებული შეძლების ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც უმეტეს შემთხვევებში ფეხბურთისთვის თავის დანებებით სრულდება. სწორედ “ზბორზე” წასვლა-არწასვლა განსაზღვრავს უკეთური მწვრთნელის შემდგომ პრიორიტეტებს. მან უკვე ზუსტად იცის, რომელი ბავშვის “სასტავში” გამწესება მოუტანს მშობლის “პატივისცემას”.
“რა ჩემ ყ..-ედ მინდა ისეთი ბავშვი, რომელსაც მშობელი ზბორზე ვერ გამოუშვებს”, - მადლობა ღმერთს, ამას მწვრთნელთა უმრავლესობა ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ მერწმუნეთ, ამ საზარელი სიტყვების მთქმელებიც არსებობენ...
აბა, ამ ყველაფრის შემდეგ რაღა სახსენებელია, რომ ბევრი მწვრთნელი ბავშვს თამაშის დროს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და არც ხელით შეხებაა იშვიათი, ის ხომ მთლად “წვრილმანია”, რჩევა-დარიგებების მიცემის დროს მწვრთნელი ბავშვებს სახეში სიგარეტს ბოლს რომ ახრჩოლებს და თუ ფურცელზე გუნდისთვის დავალების დახაზვა დასჭირდა, ანთებულ სიგარეტს ცოტა ხნით ერთ-ერთ შეგირდს მიაწვდის.
ან ის რაღა მოსატანია, არაერთ გუნდში ულიცენზიო მწვრთნელი რომ მოღვაწეობს, რომლებსაც ისიც კი არ უნდათ, რომ ცოდნის ამაღლებისა და საკუთარი საქმიანობის გაოფიციალურებისთვის 400 ლარი (სწორედ ამდენი ღირს საწყისი, ჩ ლიცენზიის კურსებზე სიარული) გაიმეტონ და რამდენიმე კვირით თავი კონსპექტებში ჩარგონ.
პოლიტრაში ჩაქსოვილი პროფესიონალიზმი
თბილისის ერთ-ერთი გარეუბანი. იქაური არცთუ ურიგო გუნდი შედარებით უკეთესს მასპინძლობს და აქვს შანსი, შინაური კედლებისა და არცთუ მცირერიცხოვანი გულშემატკივრების ხარჯზე, მისი წინააღმდეგობა დაძლიოს.
თამაში მასპინძელთა უპირატესობით იწყება, თუმცა საგოლე მომენტების სიმრავლის მიუხედავად, ანგარიში არა და არ იხსნება. ერთ ეპიზოდში სტუმართა მცველს საჯარიმოში ბურთი ხელზე ხვდება, მაგრამ მსაჯის სასტვენი დუმს.
მასპინძელი ბავშვების მწვრთნელი და მშობლები (რომელთა შორისაც მსგავს შემთხვევებში ხშირად “დამრტყმელ ძალას” მანდილოსნები წარმოადგენენ) არბიტრს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ, მაგრამ ამას ჯერ “მორცხვად” და დაბალ ტონალობაში აკეთებენ. ამის მიუხედავად, მსაჯი საშიშროებას მაინც გრძნობს, შეცდომას “ანაზღაურებს” და სულ მალე სტუმართა კარში მეტად საეჭვო თერთმეტმეტრიანს ნიშნავს.
მასპინძლები წინ გადიან და მალე მშვენიერი კომბინაციით ანგარიშს ორამდეც ზრდიან. პუბლიკა კმაყოფილია, ძლიერი სტუმრის დამარცხება თითქოს გარდაუვალი ჩანს და მსაჯიც მათთვის უკვე “ჯიგარია”.
თუმცა მეორე ტაიმში უკვე სტუმრებმა “აიწყვიტეს” და მასპინძლებს დროის დაახლოებით თხუთმეტწუთიან მონაკვეთში ოთხჯერ გაუტანეს. მასპინძელთა მშობლებს მაინცდამაინც ახლა ახსენდებათ მსაჯის მიერ პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომა და მოედანზე შერბიან. განსაკუთრებით ერთი მათგანი აქტიურობს, რომელიც ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანია, თავს ტაბელური იარაღით იწონებს და მსაჯს განყოფილებაში წათრევით ემუქრება.
მასპინძელთა მწვრთნელი მშობლების დაშოშმინების ნაცვლად, მათ აქეზებს. მაგანაც რა ქნას, მარცხის ცუდი მსაჯობით “გაპრავებას” ცდილობს.
სიტყვამ მოიტანა და საქართველოში არის მწვრთნელთა ერთი კატეგორია, რომელიც არასდროს აღიარებს, რომ სხვას მასზე უკეთესი გუნდი ჰყავს და ყველა წაგებას ან მსაჯს აბრალებს, ან საკუთარ აღსაზრდელებს.
ასეთი მწვრთნელები თავისი მახინჯი მენტალიტეტით ბავშვებსაც რყვნიან, რომლებიც ერთი გოლის მიღებისთანავე მორალურად ტყდებიან და მთელი ბრაზი და ენერგია არა თამაშის გაუმჯობესებასა და მატჩის სათავისოდ შემოტრიალებაზე, არამედ მსაჯებზე, მეტოქეზე და ხშირად ერთმანეთზე გადააქვთ და ყოველი წაგებული თამაშის შემდეგ ღრმად სწამთ, რომ “სუდიამ დაწვათ”. ცხადია, ისინი ვერ ხვდებიან, რა განზრახვით არის “ჩათლახი სუდიის” თემა “ტრენერის” მიერ “შემოგდებული”.
მოკლედ, ამ შემთხვევაში “სუდია” ცემას გადაურჩა, მაგრამ სიტყვიერ დამცირებას – ვერა. მსაჯი შეუძლოდ გახდა და თამაში ნაადრევად შეწყდა. ტურნირის ორგანიზატორ დაწესებულებაში მან მოვლენები შერბილებულად აღწერა, რის გამოც მასპინძელი გუნდი მხოლოდ და მხოლოდ იმით დაისაჯა, რომ 2:4-ის ნაცვლად, ტექნიკური 0:3 მიესაჯა.
სხვათა შორის, ბავშვთა შეხვედრებზე მხოლოდ სუსტი გულის მსაჯები როდი არიან მივლენილნი. ერთხელ ახალგაზრდა ლაინსმენმა მის შემგინებელ მწვრთნელს მიაძახა, მე სულ სუდია კი არ ვყოფილვარ, ჩემი დედა მოვ...ანო არანაკლებ ძველბიჭურ ყაიდაზე მოსაუბრე “ტრენერს” ალმის ხის ტარი თავზე გადაამტვრია.
სამართლიანობისთვის აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ რომ მრავლად არიან 20-25 წლის ბიჭები, რომლებიც სამსაჯო კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამენ და ბავშვთა ლიგებში პრაქტიკისთვის არიან მივლენილნი. ისინი საკუთარ სახელსა და ავტორიტეტს თვალისჩინივით უფრთხილდებიან და მათი მხრიდან ყოველგვარი მიკერძოება გამორიცხულია. თუ ამ კატეგორიის მსაჯმა რაიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ეს უბრალოდ, შეცდომაა და მეტი არაფერი.
ასაკოვანი და პირტიტველა, კულტურული და მოძველბიჭო მსაჯების გარდა, თვალშისაცემია “შავოსანთა” კიდევ ერთი “გაერთიანება” – ალკოჰოლთან დამეგობრებულები. ასეთები ყოველნაირად ცდილობენ, ტურნირის ორგანიზატორს თავი იმ მატჩზე დაანიშნინონ, სადაც ამავე მიდრეკილებების მქონე მწვრთნელი ეგულებათ. თუკი ყველაფერი კარგად წარიმართა და თამაში ასეთი მწვრთნელის გუნდმა მოიგო, მამაპაპური “მესამე ტაიმი” გარანტირებულია! სწორად მიხვდით, ბახუსის მოყვარული მსაჯი მთელ თავის “პროფესიონალიზმს” ჩააქსოვს იმ შედეგის დაფიქსირებაში, რომელიც “მესამე ტაიმზე” ამოაყოფინებს თავს.
ზოგჯერ, როცა მწვრთნელის ჯიბე სტადიონთან ახლომდებარე სახინკლეს ვერ სწვდება, “კოჰაბიტაცია” გასახდელშივე შედგება, სადაც “შავი დღისთვის” “პოლიტრა” ყოველთვის არის გადანახული, “ზაკუსკას” კი მწვრთნელსა და მსაჯს რომელიმე მადლიერი მშობელი არ დაამადლის.
ზემოთ ნახსენები გარეუბნის გუნდის ქომაგები გაკვირვებულები კითხულობდნენ, ჩვენს თამაშზე სულ იმ კაი კაცს ნიშნავენ და ეს ყ.. რამ გამოაგზავნინათო.
ცნობისთვის, “ის კაი კაცი” ერთი საკმაოდ ცნობილი ვეტერანი ქართველი მსაჯია, რომელიც კარიერის ბოლო წლებს ბავშვთა ფეხბურთში ატარებს და გარეუბნის გუნდის თითქმის არც ერთ საშინაო თამაშს არ აცდენს, რადგან “კოჰაბიტაცია” (მინიმუმ გასახდელში) ყოველთვის გარანტირებული აქვს.
ისეც ხშირად ხდება, რომ მსაჯის ტრანსპორტირებას სტუმარი გუნდი უზრუნველყოფს და მგზავრობის დროს არის შესაძლებელი მისი მოთაფლვა. ასე რომ, არბიტრთან “საერთო ენის გამონახვის” შანსი მხოლოდ “სტუმართმოყვარე” მასპინძლებს კი არა, სტუმრებსაც ეძლევათ. მოკლედ, “სამართლიანობის პრინციპი” აქაც დაცულია.
შედეგი არის, მაგრამ არ არის
ბავშვთა ფეხბურთში მთავარი არა მატჩისა და ტურნირის შედეგი, არამედ ბავშვების დაოსტატება და მათთვის ფეხბურთის თამაშით სიამოვმების მინიჭებაა – ეს აქსიომა ძალიან ბევრ მწვრთნელს არ ესმის, ზოგსაც ესმის, მაგრამ გარემოების მძევალია. სწორედ ამიტომ მიმართავენ ისინი ყველა შესაძლო მეთოდს შედეგის მისაღწევად. გამარჯვებული გუნდი მეტ ახალ ბავშვს მოიზიდავს, გამარჯვებული გუნდის მწვრთნელსა თუ მესვეურს შეუძლია, ყოველთვიური გადასახადი გაზარდოს. ხოლო რა იქნება წლების შემდეგ და მისი რამდენი აღსაზრდელი შეაღებს დიდი ფეხბურთის კარს, ამას დღეს ვინ დაეძებს.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგს განსაკუთრებით დიდ ყურადღებას რეგიონებში აქცევენ. თბილისური ბავშვთა კლუბებისგან განსხვავებით, რეგიონულების დიდი ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გარკვეულ დაფინანსებას იღებს, რისი საშუალებითაც მწვრთნელებს ხელფასი ენიშნებათ, ხოლო ბავშვები გადასახადისა და მგზავრობის ხარჯებისგან თავისუფლდებიან.
რაც უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში, მით უფრო თამამად შეაღებს მწვრთნელი გამგებლის კაბინეტის კარს და მას ან დაფინანსების შენარჩუნებაზე დაიყოლიებს, ან სულაც, გუნდის ბიუჯეტს გააზრდევინებს. რასაკვირველია, გამგებელს ბავშვთა ფეხბურთის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპის შესახებ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და ბიუჯეტის განსაზღვრისას გუნდის შედეგით ხელმძღვანელობს.
მწვრთნელსაც ისღა დარჩენია, ამ შედეგის მისაღწევად ენერგია არ დაიშუროს და სწორედ ამიტომაა, გადაზრდილთა სიმრავლე ყველაზე მეტად რეგიონულ კლუბებში რომ არის შესამჩნევი. თუ ძირითად შემადგენლობაში გამწესებული “მუტრუკების” რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა, მწვრთნელი გადაზრდილებს თამაშის დროს ეტაპობრივად ამატებს. ამ მეთოდს ასეთი მწვრთნელები, რა თქმა უნდა, შინაურ კედლებში უფრო თამამად მიმართავენ, გასვლებზე კი შედარებით თავშეკავებულნი არიან.
“რამდენი წლის ხარ, შვილო?”, - ჰკითხა ერთხელ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ნიჭიერ, მაგრამ აშკარად “მუტრუკ” ფეხბურთელს.
“ათის”, - უპასუხა ბავშვმა.
“ყოჩაღ შენ, ათი წლისა თუ ასეთი მაგარი ხარ, ოცის რაღა იქნები”, - ირონიულად უთხრა მწვრთნელმა.
მსგავს დიალოგებს ჩვენს საფეხბურთო მოედნებზე ხშირად შეხვდებით.
რაც შეეხება ბავშვთა გუნდის მთავარ შედეგს, ფეხბურთელის გაზრდას, ამაზე ვერაფერს გეტყვით – ბავშვთა ლიგებში წამყვან პოზიციებზე ბევრი ისეთი ქალაქის გუნდია, საიდანაც დიდი ფეხბურთი აქამდე თითქმის არავის უთამაშია. ღმერთმა ქნას, ეს ვითარება ახლო მომავალში უკეთესობისკენ შეიცვალოს.
***
გამოსავალი? ბევრჯერ თქმულა და კიდევ უნდა გავიმეოროთ – ქმედითი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება. ამ საქმეს კი მილიონები და ამ მილიონების მკაცრად გაკონტროლება სჭირდება.
ვიდრე ბავშვისთვის ფეხბურთზე სიარული უფასო არ გახდება, ვიდრე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით არ გამოსწორდება, ვიდრე მწვრთნელს ღირსეული ანაზღაურება არ ექნება და ვიდრე საფეხბურთო სკოლები უკანონო შემოსავლების მოყვარული მწვრთნელებისგან არ გაიწმინდება, ჭაობი ჭაობად დარჩება.
ლევან ჯანეზაშვილი