არ დაიშუროთ კომენტარები, ჩემი სტატია ბავშვთა ფეხბურთზე ათიანიდან

:
ვისთვის ძვირი სიამოვნება, ვისთვის - აუხდენელი ოცნება
“ათიანის” წინა ნომერში ქართულ ბავშვთა ფეხბურთში არსებულ მდგომარეობას შევეხეთ და იქ მრავლად დაგროვილი ნაკლოვანებები მიმოვიხილეთ. სანამ ეს მძიმე სურათი უკეთესობისკენ შეიცვლებოდეს, ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღე, გვინდა თუ არ გვინდა, სწორედ ამ რეალობაში ყალიბდება. იმასაც გავუსვით ხაზი, რომ ჩვენს ბავშვებს პატარ-პატარა ოაზისებიც აქვთ ნორმალურად მომუშავე საფეხბურთო სკოლების, კლუბებისა თუ მწვრთნელების სახით.
უამრავ პრობლემათაგან, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსების მწვავე ნაკლებობაა. ამის გამო, ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი ვერ ახერხებს ფეხბურთზე სიარულს, ან თუ ახერხებს, არ აქვს შეკრების, სრულფასოვანი კვებისა თუ ინვენტარის შეძენის საშუალება, რაც, რა თქმა უნდა, მის განვითარებას აფერხებს.
განსაკუთრებით ნიჭიერთათვის არსებობს გამონაკლისები და რამდენიმე საფეხბურთო სკოლა ასეთებს უსასყიდლოდ ავარჯიშებს. ეს ცალსახად დადებითი მომენტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ზოგ ნიჭიერს ტერიტორიული სიშორის გამო არ შეუძლია ამ შეღავათით სარგებლობა, ზოგსაც, მწვრთნელთა შეფასებით, უფასოთა კატეგორიაში მოხვედრილებზე ნაკლები ტალანტი აქვს, არადა, ბავშვებში პროგრესიცა და რეგრესიც ძალიან ჩვეულებრივი რამ არის და სულაც არ არის გამორიცხული, დღევანდელმა უნიჭიერესმა ხვალ ზრდა შეაჩეროს, მასზე ნაკლები მონაცემების მქონემ კი დიდი ფეხბურთი ითამაშოს.
თბილისის “დინამოს” ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბრწყინვალე კომპლექსია. იქ ყველაფერია, რაც ბავშვის ზრდა-განვითარებას სჭირდება – მაღალი დონის ხელოვნურსაფარიანი მოედნებით დაწყებული, სასადილოთი და საცხოვრებელი კომპლექსით დასრულებული. აკადემიაში, რომელიც ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა (თუმცა, რეალურად, მანამდეც ფუნქციონირებდა), მწვრთნელებმა სინჯების შედეგად 160 ბავშვი შეარჩიეს და მათთვის ფეხბურთზე სიარულიცა და საფეხბურთო ინვენტარიც უფასოა. მეტიც, მათ ნაწილს აკადემია ანაზღაურებითაც ახალისებს. აკადემიის აღსაზრდელთა ნაწილი იქვე ცხოვრობს.
“დინამოს” საფეხბურთო სკოლაში კი დაახლოებით 300 ბავშვი ვარჯიშობს, რომელთა ყოველთვიური გადასახადიც 100 ლარია. აკადემიისგან განსხვავებით, აქ მიღება თავისუფალია – “დინამოს” მაისურის მორგება ნებისმიერი მონაცემის მქონე ბავშვს შეუძლია. თუმცა ნიჭიერები აქაც არიან და ვისი პროგრესიც თვალში საცემი იქნება, მწვრთნელები უმალ გადაიყვანენ აკადემიაში. მსგავსი პრეცენდენტები უკვე ყოფილა. სოლიდური გადასახადის მიუხედავად, მსურველთა რაოდენობა საკმაოდ დიდია და ახალი სასწავლო წლიდან “დინამოს” სკოლაში სოლიდური მატებაა მოსალოდნელი.
“დინამოს” აკადემიის უპირველესი კონკურენტი “საბურთალოს” საფეხბურთო სკოლაა, რომელსაც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის მიწოდებული ფეხბურთელების რაოდენობითაც შეუძლია თავის მოწონება და ბავშვთა ლიგაში მიღწეული შედეგებითაც. მართალია, ბავშვთა ფეხბურთში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, მაგრამ სატურნირო მდგომარეობა მაინც გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ამა თუ იმ სკოლის საქმიანობის ავ-კარგზე.
ბავშვთა ყველაზე ძლიერი და პრესტიჟული გათამაშების, ელიტლიგის გასული სეზონის შედეგები რომ შევაჯამოთ, ყველაზე წარმატებული “დინამოს” აკადემიაა, რომელსაც კვალში “საბურთალო” უდგას.
“საბურთალო” მეორე ადგილზეა გადასახადის მხრივაც. აქ მშობელს ყოველთვიურად 80 ლარის გაღება უწევს. თუმცა შეღავათები “საბურთალოსაც” აქვს დაწესებული და განსაკუთრებით ნიჭიერები სულაც გადასახადისგან ჰყავს გათავისუფლებული. აღარაფერს ვამბობთ მოზრდილებზე, რომლებსაც სკოლისგან ხელფასი აქვთ დანიშნული. ახალი სეზონიდან “საბურთალომ” ძალები პირველ ლიგაშიც მოსინჯა, სადაც კლუბის აღზრდილების მხარდამხარ ორი გამოცდილი ფეხბურთელი, ზურაბ მენთეშაშვილი და რევაზ გოცირიძე თამაშობს.
“ლოკომოტივი”, “ავაზა” (იგივე “ტორპედო”), “ნორჩი დინამო”, 35-ე საფეხბურთო სკოლა, “ოლიმპი”, “ოლიმპიკი”, სულაქველიძის აკადემია, “მერანი” – ამ და სხვა თბილისურ საფეხბურთო სკოლებში ყოველთვიური გადასახადის ოდენობა 50-დან 70 ლარამდე მერყეობს. “დინამოსა” და “საბურთალოს” მსგავსად, სხვადასხვა სახის შეღავათები ამ სკოლებშიც მოქმედებს.
თუ ნიჭიერი ბავშვი არის დევნილი, მრავალშვილიანი ან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, უფრო დიდი შანსი აქვს, რომ გადასახადი შეუმცირდეს ან სულაც უსასყიდლოდ მიეცეს ვარჯიშის საშუალება.
ბავშვის ფეხბურთზე შეყვანა 50 ლარზე დაბალ ფასადაც არის შესაძლებელი. ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მოზარდი ნაკლებად კვალიფიციური მწვრთნელის ხელში, ან სუსტ გუნდში მოხვდება, უბრალოდ, უფრო ცუდი ხარისხის მოედანზე მოუწევს ვარჯიში.
დევნილი ბავშვები ვახსენეთ და მათზე მეტნაკლებად ზრუნავს აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომლის რეგლამენტის მიხედვითაც, გუნდს, რომლის განაცხადში შეყვანილი ფეხბურთელებიდან ნახევარზე მეტი დევნილია, საშეჯიბრო გადასახადი უნახევრდება.
განსხვავებული ვითარებაა რეგიონებში, რომელთაგანაც რამდენიმეში ბავშვთა გუნდებს ნაწილობრივ ან მთლიანად აფინანსებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი. ზოგან ბავშვები ყოველთვიური გადასახადისგან არიან თავისუფალნი, ზოგან კი მშობლები არც სატურნირო და სხვა საორგანიზაციო თანხებს იხდიან. ცხადია, მწვრთნელები უსასყიდლოდ არ მუშაობენ. მათ გამგეობები ხელფასს უხდიან - როგორც წესი, მოკრძალებულს, 200-300 ლარის ფარგლებში. მსგავსი პრაქტიკაა დანერგილი, მაგალითად, დუშეთში, საგარეჯოში, ახმეტაში, დმანისში, გორში, ხაშურში, ბორჯომსა და სხვა ქალაქებში.
იყო დრო, ამ ქალაქების გუნდები უმაღლეს და პირველ ლიგაში ასპარეზობდნენ (საბედნიეროდ, გორის “დილა” გამონაკლისია), დღეს კი იქაურ სტადიონებზე მხოლოდ ბავშვები ვარჯიშობენ. რაღა თქმა უნდა, მოედნის საფარი თითქმის ყველგან ძალიან ცუდი ხარისხისაა, მაგრამ ზოგ თბილისურ გაცვეთილ-აოხრებულ და ჯანმრთელობისთვის საშიშ ხელოვნურ მოედანს ისევ რეგიონული ბუნებრივი საფარი სჯობს.
გაცილებით კომფორტულ მდგომარეობაში არიან საჩხერის რაიონში მცხოვრები ნორჩი ფეხბურთელები, რომლებიც საფეხბურთო მონაცემებისდა მიუხედავად, “ჩიხურას” ბავშვთა აკადემიაში უფასოდ ვარჯიშობენ და ჩინებული პირობებიც აქვთYშექმნილი. გამორჩეულებს კი უფრო დიდი შეღავათები აქვთ, მათYშორის, აკადემიაში ცხოვრება და სრულფასოვანი კვება. მიხვდებოდით, ვისი სახსრებით იმყოფებიან საჩხერელი ბავშვები საფეხბურთო ოაზისში. Y
ყოველთვიური გადასახადის, შეკრებისა და ტრანსპორტირების ხარჯის გარდა, მნიშვნელოვანი გასავალი, რომელიც მშობელს აწევს კისერზე, საშეჯიბრო თანხაა.
თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ელიტლიგის 2013-14 წლების სეზონში ასაკების მიხედვით გუნდის ხარჯი ასეთია:
1997, 1998, 1999, 2000 წლებში დაბადებულები: 1 460 ლარი;
2001, 2002 წლებში დაბადებულები: 750 ლარი;
2003 წელს დაბადებულები: 700 ლარი;
2004 წელს დაბადებულები: 650 ლარი
2005 წელს დაბადებულები: 600 ლარი.
ზედა ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ელიტლიგის მატჩებს სამი მსაჯი ემსახურება და თამაშებზე დამკვირვებელსაც აგსავნიან.
თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ნაკლებად ძლიერ თბილისის ლიგასაც ატარებს, სადაც, უმეტესად, საფეხბურთო სკოლების მეორე-მესამე გუნდები და ახლად ჩამოყალიბებული კლუბები ასპარეზობენ. იქ ყველა ასაკში შესატანი 200-300 ლარით ნაკლებია.
თუ ელიტლიგის თითო გუნდში საშუალოდ 20 ფეხბურთელს მოვიაზრებთ, თითოეულ ბავშვზე წლიური სატურნირო შესატანი ასეთი გამოვა:
1997, 1998, 1999, 2000 წლებში დაბადებულები: 73 ლარი;
2001, 2002 წლებში დაბადებულები: 37,5 ლარი;
2003 წელს დაბადებულები: 35 ლარი;
2004 წელს დაბადებულები: 32,5 ლარი;
2005 წელს დაბადებულები: 30 ლარი.
“ათიანის” წინა ნომერშიც აღვნიშნეთ, რომ ძალიან იშვიათია, ბავშვებს მწვრთნელმა ლიგაში სათამაშოდ სწორედ ეს ოდენობა მოსთხოვოს. როგორც წესი, მშობელს უფრო მეტის გადახდა უწევს და ზედმეტი თანხა მწვრთნელს რჩება, ზოგ შემთხვევაში კი იგი ფულს ზემდგომსაც უნაწილებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით ბავშვთა ლიგებს თბილისის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ფედერაციები ატარებენ, დასავლეთში კი შესაბამისად – დასავლეთის რეგიონული ფედერაციები.
აი, ასეთია ფინანსებთან დაკავშირებული სურათი ქართულ ბავშვთა ფეხბურთში. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ბავშვისთვის ფეხბურთზე სიარული აუხდენელი ოცნებაა და ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ტრაგედიაა. აქსიომაა - ხარისხი რაოდენობიდან მიიღება, მით უფრო, ისეთ ქვეყნებში, სადაც ნიჭიერი ბავშვები მრავლად იზრდებიან. საქართველო კი ამ კატეგორიას უდავოდ მიეკუთვნება.
მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამასა და მშობლის გადასახადისგან გათავისუფლებას კვლავაც ამაოდ ველით, უამისოდ კი ათასობით ქართველ ბავშვს საფეხბურთო ოცნების ახდენის, ქართულ ფეხბურთს კი ბევრად უკეთესი ხვალინდელი დღის შანსი ესპობა.
მშობლის წლიური ხარჯის დაახლოებითი გაანგარიშება
ყოველთვიური გადასახადი: 50 ლარი (არცთუ წამყვან საფეხბურთო სკოლებში); წელიწადში 10 თვე (ივლის-აგვისტოს გარდა), წელიწადში 500 ლარი;
ლიგაზე საასპარეზო თანხა: წელიწადში 100 ლარი;
სამედიცინო შემოწმება (წელიწადში ერთხელ): 20 ლარი;
ხანმოკლე ტურნირები (დაახლოებით 3 წელიწადში): 10X3 = 30 ლარი;
სათამაშო ფორმა (მაისური, შორტი, გეტრი, წელიწადში 1 კომპლექტი): 60 ლარი;L
სავარჯიშო ფორმა (მაისურები, შორტები, გეტრები, სპორტული შარვლები, სპორტული ქურთუკები): 150 ლარი;
ბუცი (საჭიროა ორგვარი, ქაცვიანი და უქაცვო, ვთქვათ, წელიწადში ორ-ორი, საშუალო ხარისხისა და ფასის): 60X4 = 240 ლარი;
ბურთი (წელიწადში ორი, საშუალო ხარისხისა და ფასის): 50X2 = 100 ლარი;
ვარჯიშებზე მგზავრობისა და კვების თანხა (თუ ბავშვი მოედანთან ახლოს არ ცხოვრობს): კვირაში 3 ვარჯიში, თვეში 12, 10 თვეში – 120 ვარჯიში. თუ თითო ვარჯიშზე მშობელი ბავშვს 3 ლარს გაატანს, წელიწადში მივიღებთ 360 ლარს;
გუნდთან ერთად გასვლით მატჩებზე მგზავრობის თანხა (წელიწადში დაახლოებით 10 გასვლა დედაქალაქს გარეთ): 15X10 = 150 ლარი;
შეკრების თანხა (წელიწადში ორი, ზამთარ-ზაფხულში): 350X2 = 700 ლარი;
ჯამი: 2410 ლარი
ლევან ჯანეზაშვილი
This post has been edited by bebeto on 20 Dec 2013, 13:55