გორგოძე

რატომ "მოტეხა" ჟურნალისტები სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ?
გაზეთ "ლელოს" დღევანდელ (27/01/2014) ნომერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით, 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და გუნდების ნომინაციებია წარმოდგენილი. ნომინაციაში დასახელებულ გუნდებთან და სპორტსმენებთან არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო, მეტიც ჟურნალისტებმაც და გულშემატკივრებმაც ყველა მათგანით უნდა ვიამაყოთ.
...მაგრამ საქმე იმაშია, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით გამართულ გამოკითხვაში, მონაწილეობა არ მიუღია არცერთი ტელეკომპანიის სპორტულ ჟურნალისტს, ასევე სპორტული ვებგვერდებისა და რადიოში სპორტის თემაზე მომუშავე ჟურნალისტთა ნაწილის. უფრო უკეთესი იქნება თუ ვიტყვით, ვინ მიიღო ამ გამოკითხვაში მონაწილეობა. ესენი არიან: გაზეთი "ლელო", რადიო "ჯაკო", საზოგადოებრივი "რადიო 1" და ჟურნალი "ათიანი", რომლის რედაქტორიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ.
ცხადია, არცერთი ზემოთჩამოთვლილი მედიასაშუალების მიმართ არანაირი გართულება არ მაქვს, მეტიც მათ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ეს გამოცემები საკმაოდ წარმატებული და ავტორიტეტულნიც არიან, მაგრამ ატარებდე გამოკითხვას სპორტული ჟურნალისტების სახელით და აზრს ეკითხებოდე მხოლოდ ოთხ ადამიანს, ეს დანარჩენი ჟურნალისტების შეურაცხყოფაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ შეურაცხყოფაა იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ჟურნალისტების ინტერესებს უნდა იცავდეს და პოპულარიზაციას უნდა უწევდეს ამ სფეროს წარმომადგენლებს. თუ არასწორად და დაუმსახურებლად თავად ეს ორგანიზაცია მოექცევა ჟურნალისტებს, რა პრეტენზია უნდა გვქონდეს ნებისმიერ სხვა ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომელიც ჟურნალისტებს ალმაცერად უყურებს.
ყველასთვის გასაგები და ნათელი რომ გახდეს ის, რაზეც ვსაუბრობ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩაატარა გამოკითხვა, სადაც სპორტული ჟურნალისტები (გარდა ოთხი მედიასაშუალებისა) გამოკუთხულნი არ არიან (ტელევიზია, რადიო, სპორტული ვებგვერდები).
ანუ შედეგები, რომელიც სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჟურნალისტების სახელით გაავრცელა, რბილად რომ ვთქვათ, არალეგიტიმურია, რადგან თუ სპორტის შესახებ გამოკითხვას ატარებ ისე, რომ სპორტულ ჟურნალისტებს არაფერს ეკითხები, ეს დაახლოებით იგივეა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა უეფასა და ფიფას ნაცვლად, ორმა-სამმა კაცმა თავისი ნება-სურვილით რომ გადაწყვიტოს.
საინტერესოა, რას ფიქრობდნენ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებმაც, რბილად რომ ვთქვათ, სპორტული ჟურნალისტების 95% "მოტეხეს" და მათი აზრი არ გაითვალისწინეს. მითუმეტეს, თუ განვიხილავთ სპორტსმენთა ათეულს, ძალიან მარტივად დავინახავთ, რომ სია აშკარად ტენდენციურია და არანაირი კავშირი არ აქვს ობიექტურობასთან. თუნდაც არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო. საუკეთესო 10 სპორტსმენში ვერ მოხვდა საქართველოს 2013 წლის საუკეთესო ლეგიონერი და საუკეთესო ფხბურთელი გურამ კაშია.
შეთქმულების თეორიებს არ მოვყვები და არც მაქვს უფლება რაიმე ისეთი ვთქვა, რაც დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება აშკარად წააგავს ფეხბურთის ფედერაციის დისკრიმინაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. ყველასთვის ცნობილია, რომ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წარმომადგენლები და განსაკუთრებით გიორგი გორგოძე ფეხბურთის მმართველი ორგანოს დღევანდელი მმართველებს ღიად უპირისპირდება. შესაბამისად, მისი ორგანიზაციის მიერ "ჩატარებულ გამოკითხვაში" ფეხბურთი საერთოდ არ ფიგურირებს და მეტიც, არ ფიგურირებს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და ქართველებს დიდი სიხარული მიანიჭა. ქართული სპორტი და განსაკუთრებით ფეხბურთი, ისეთი ვიწრო წრისგან შედგება, რომ ის რასაც მე ახლა ვწერ, მკითხველისთვისაც კი არ იქნება უცნობი და გაუგებარი.
კარგად მახსოვს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტად არჩევისთანავე გიორგი გორგოძემ ეს სიტვები რომ წარმოთთქვა: "თქვენგან მივიღე დავალება. იცოდეთ, რომ უთქვენოდ არაფერი გადაწყდება. ჩემი მიზანია, რომ ხშირი შეხვედრები გვქონდეს, თანაც ისეთი, რომ სპონსორები აქეთ შეგვეხვეწონ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობას, - პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. - ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება, ჩვენი უფლებების დაცვა".
ერთი წლის წინ გაკეთებულ ამ განცხადებაში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია თავისი დღევანდელი საქციელით აშკარად ეწინააღმდეგება ბატონ გიორგი გორგოძის წარმოთქმულ სიტყვებს, რომელიც მან პირველ წინადადებაში განაცხადა.
"იცოდეთ, რომ უთქვენოდ არაფერი გადაწყდება" - სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მინდა მივმართო, რომ უჩვენოდ, ანუ ჟურნალისტების გარეშე გადაწყდა საქართველოს 2013 წლის სპორტსმენებისა და გუნდების დასახელება.
სამწუხაროა, მაგრამ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეს გადაწყვეტილება უფრო იმ კატეგორიას შეგვიძლია მივაკუთნოთ, რომლის მიხედვით უფრო "არაფერი გვეშველება", ვიდრე - პირიქით.