თრილერი მცხეთა-პარკზე
"ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონის" მატჩი კი აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყოთ. ჩვენს ჩემპიონატში ძალიან ცოტაა ასეთი შინაარსიანი და სანახაობრივი შეხვედრები. არადა, მათი რაოდენობა შედარებით მეტი რომ იყოს, ტრიბუნებზე ხალხის რაოდენობა მცირედით მაინც მოიმატებდა.
მცხეთაში გამართულ მატჩში მარცხისთვის მასპინძელიც დაგვენანებოდა და სტუმარიც. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ საწადელს "ზესტაფონმა" მიაღწია.
ყველაზე საინტერესო ამბები მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა, როცა ჯერ ვიტელმა ბესიკ ჩიმაკაძემ გაათანაბრა ანგარიში და დუბლი გაიფორმა, მეოთხე დამატებულ წუთზე კი გამარჯვების გოლი ფეროელთა ფორვარდმა რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანა, რომელმაც ასევე დუბლი შეასრულა.
"ვიტ ჯორჯიასთვის" ქულაც არ იქნებოდა ურიგო შედეგი, არასტაბილურად მოასპარეზე "ზესტაფონს" კი ამ გამარჯვებამ სულზე მოუსწრო - წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ამჟამინდელ სატურნირო ცხრილში ზეექვსეულს მიღმა იქნებოდა.
ეს მატჩი, რასაკვირველია, განსაკუთრებით გამორჩეული პირადად წინამძღვრიშვილისთვის იყო. შეგახსენებთ, რატიმ "ზესტაფონი" ზაფხულში დატოვა, გუნდს სულ ახლახან დაუბრუნდა და მიმდინარე სეზონში ეს მისი პირველი გოლებია.
აშკარაა, რომ დღეისთვის "ზესტაფონს" ყველაზე დიდი პრობლემები წინა ხაზში აქვს და თუ წინამძღვრიშვილი სტაბილურად ათამაშდა, ეს საკითხი ნაწილობრივ მაინც გადაიჭრება.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...ri-nakrebi.html