საქართველოში ჩამოსული ესპანელი ჟურნალისტიც კი გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ თბილისში გასამართი საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე ბევრი ქართველი გულშემატკივარი ესპანეთის ნაკრების საგულშემატკივროდ აპირებს მისვლას. ვის გულში რა ცეცხლი ანთია, რა ჩვენი საქმეა, მაგრამ უაზრობა და მეტიც – გოიმობა მგონია, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში შენი ქვეყნის, თუნდაც სუსტ ნაკრებთან მატჩში უგულშემატკივრო მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ გუნდს მხოლოდ იმიტომ, რომ ”ჩვენების არ გჯერა” და ”ესპანელები ლაღ ფეხბურთს თამაშობენ”.
შეიძლება, ზოგს ეწყინოს, როდესაც ქართველი ქომაგის მხრიდან, თბილისში ესპანელების გულშემატკივრობას ”გოიმობას” ვუწოდებ, მაგრამ სხვა ეპითეტის გამოძებნა ნამდვილად მიჭირს. ესპანეთს ხომ ჩვენი პლანეტის კიდით-კიდემდე უამრავი ადამიანი ქომაგობს და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზეც ესპანეთის ეროვნული გუნდის მაისური, დღეს ყველაზე მეტად იყიდება. ჩვენ, ქართველებიც ბევრჯერ მოვხიბლულვართ ესპანელი ფეხბურთელების კარგი თამაშით (ახლაც ვერავის დავუშლით, ესპანელთა თამაშით სიამოვნების მიღებას) და მათი დიდულვაშა მწვრთნელიც ჭკვიან კაცად მიგვაჩნია, მაგრამ როდესაც თბილისში ესპანეთის თამაშზე ქართველი ქომაგი ესპანეთის ნაკრების მაისურით მიდის და პირინეელებს გულშემატკივრობს, სხვების (თუნდაც ესპანელების) თვალში, ირონიული ღიმილის მეტს არაფერს დაიმსახურებს.
მოდით, ესპანელი ქომაგებისა და ფეხბურთელების თვალით შევხედოთ ამ ყველაფერს. წარმოიდგინეთ, ხალხი ჩამოდის კავკასიის ერთ-ერთ ნაკლებადცნობილ ქვეყანაში, სადაც უეჭველი გამარჯვება აქვთ მიზნად დასახული. იციან, რომ ადგილობრივი ნაკრები მათ გუნდზე ბევრად სუსტია. მატჩის დროს კი ხედავენ, რომ ადგილობრივი ქომაგების ნაწილიც კი, მათ მხარესაა და საკუთარი გუნდი ბოდიშით და ფეხებზე ჰკიდიათ. რა შთაბეჭდილება დარჩებათ ამ ხალხს საქართველოსა და ქართველებზე? არ იტყვიან: ”ესენი რა ქვეყნის შექმნელები არიან, როცა საკუთარი ქვეყნის ნაკრები არაფრად უღირთო?!”
ხომ გინახავთ ისეთი ადამიანები, მუდამჟამს იმის ცდაში რომ არიან, ცნობილ და პოპულარულ ადამიანებთან იმეგობრონ და არაფრად აგდებენ ნამდვილ მეგობრებს, რომლებიც რამე რომ იყოს, ყოველთვის მხარში უდგანან... გაიხსენეთ ხომ ასეთი ხალხი? თუ გაიხსენეთ, ალბათ, იმასაც გაიხსენებთ, რომ როგორც წესი, ცნობილ ადამიანებთან ”დამეგობრების” მსურველები ”პირში ჩალაგამოვლებულები” რჩებიან, რადგან ერთ დღესაც აღმოაჩენენ, რომ ”ცნობილებს” საერთოდ არაფრად უღირთ ეს უკანასკნელნი. ასე ჰკარგავენ ადამიანები ჭეშმარიტ მეგობრებს და ბოლოს სულ მარტონი რჩებიან.
რაღა შორს წავიდეთ, აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის შესანიშნავი პოემა ”ღამურა” ყველაზე ნათლად წარმოაჩენს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ”სხვად გახდომის” და ”შენიანების უარყოფის” სურვილმა. მით უმეტეს, რომ ”შენიანებს”, ათასობით ადამიანის წინ, სტადიონის ტრიბუნაზე მჯდომი, დღისით-მზისით, წითელ-ყვითელი მაისურში გამოწყობილი უარყოფ...
სამშობლოს ღალატში ბრალს არავის ვდებ. რა სისულელეა... ასეა თუ ისეა, ფეხბურთი ფეხბურთია და ვერავის დავაძალებთ, იმ გუნდს უგულშემატკივროს, რაც არ უნდა და არ მოსწონს. მაგრამ, მინდა გავიხსენო წლების წინათ, თბილისში 0:0 დასრულებული საქართველოსა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრა, როდესაც იტალიის ნაკრების მაისურებში გამოწყობილი ჩვენი თანამემამულეები, სხვა ქართველების სიხარულის ფონზე, როგორი დარცხვენით ტოვებდნენ ეროვნულ სტადიონს. იმედი მაქვს, საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგაც სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვნახავთ მხოლოდ ”ჩავინიესტას” და არა ფეხბურთის სანახავად სტადიონზე მისულ ქართველობას.
ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან ფრის მიღწევის და მით უმეტეს, გამარჯვების, მიზერული შანსი აქვს. ესპანეთი დღესდღეობით არის გუნდი, რომელსაც ”გასაღები” ვერც გერმანელებმა მოუძებნეს, ვერც ჰოლანდიელებმა და ვერც ჭკვიანმა და კრეატიულმა ჩეზარე პრანდელიმ. ისიც ცხადია, რომ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი თბილისში საბრძოლო შემადგენლობით ჩამოდის და ეს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ქართველი ქომაგების იმედებსა და ოცნებებს. მაგრამ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ფეხბურთის ისტორიას სხვა, ამაზე არანაკლები ”ძლევაი საკვირველი” ახსოვს და ვინ იცის, იქნებ სწორედ ეს თამაში გახდეს დიდი ევროპული სენსაციის მესაფუძვლე?! ეს ხომ ის ესპანელი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მაშინ ჯერ კიდევ ყაზანის ”რუბინში” მოთამაშე ლაშა სალუქვაძემ გამოუყვანა წირვა. მე არაფერს ვამტკიცებ. შანსები ვის როგორი გვაქვს, ეს ჩემზე კარგად იცით. უბრალოდ, თუკი თბილისში ესპანეთმა ვერ გაიმარჯვა, სიამოვნებით ვნახავდი მათ სახეებსა და თვალებს, რომლებიც ალბათ ყველა სუფრაზე ”ჩვენი ცაფირუზხმელეთოვანი სამშობლოს” სადღეგრძელოებს სვამენ, მაგრამ როცა საქმე-საქმეზე მიდგება და საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობა დასჭირდება, ”ლაღ ესპანურ ფეხბურთს” ეტრფიან. საქართველოს ასეთები ბევრი უნახავს...
http://worldsport.ge/Read.aspx?news=41876&lang=1ეს წაიკითხეთ თავიდან ბოლომდე.
რა საქართველო,რის დამოუკიდებლობა.
მაგარი გოიმები ვართ და ტყიურები.
შუქი გვაქვს გვიკვირს,გზებია გვიკვირს.
გადაგვარებისკენ მივდივართ და აღარც სამშობლოა ამათთვის და აღარც რამე წმინდა.