
განმუხურის სტადიონი ახალი სეზონისთვის მზად იქნება
განმუხურის სტადიონზე, გასული წლის ზაფხულში ახალი მინდვრის საფარი მთლიანად გამოიცვალა, თუმცა სათამაშოდ მოედანი გასულ წელს სისრულეში ვერ იქნა მოყვანილი. გარდა ამისა, აღნიშნულ სტადიონს შიდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაუტარდა. მთლიანად გამოიცვალა საშხაპეები, სველი წერტილები და შიდა ინტერიერი შეკეთდა.
განმუხურის სტადიონი, შპს „ანაკლია - განმუხური“-ს რესორტის დაქვემდებარებაშია და ამავე სტადიონზე სამუშაოები აღნიშნულმა შპს-მ გასწია. „ანაკლია-განმუხური“-ს რესორტმა დღეს, სტადიონზე სამუშაოები განაახლა და მოედანზე მძიმე ტექნიკა გადაატარეს. ამის შემდეგ კი, მინდორზე სხვა ტექნიკური სამუშაოები დაიწყება, მოხდება ქვიშის შეტანა და სპეციალური ტექნიკით, მინდვრის საფარი კიდევ უფრო მოწესრიგდება.
„ანაკლია - განმუხური“-ს რესორტის წარმომადგენელთა განცხადებით, მიმდინარე წლის საფეხბურთო სეზონის დაწყებას, განმუხურის სტადიონი სრულიად მომზადებული ხვდება.
ჩვენის მხრივ დავძენთ, რომ განმუხურის სტადიონზე სადრენაჟე და სარწყავი სისტემაც სრულად გამართულია და უამინდობის მიუხედავად, დღეს ამავე მინდვრის საფარზე წყლის კვალიც კი არ იყო.
ფეხბურთის ქომაგებს კი შევახსენებთ, რომ ახალი საფეხბურთო ჩემპიონატი, მიმდინარე წლის მარტში განახლდება, ხოლო ეროვნული ლიგა 3-ში მოასპარეზე გუნდები, პირველ ოფიციალურ ტურს 5 მარტს გამართავენ.