ნიკოლოზ ბასილაშვილი - ისევ დაპირებებითა და იმედებით
ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ორჯერ შეიცვალა ფედერაცია - შარშანწინ რუსეთს მიაშურა, შარშან კი სამშობლოში დაბრუნდა.
სწორედ ამ წასვლა-წამოსვლის მიზეზებზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ 20 წლის ქართველ ჩოგბურთელთან.
- რუსეთში გადასვლამდეც სამი წლის განმავლობაში იქაური ჩოგბურთის ფედერაცია მაფინანსებდა, რაშიც მენეჯერი მეხმარებოდა.
სწორედ მისი მოთხოვნა იყო, მოსკოვში გადავსულიყავი. ეს უსიამოვნო პროცესი რამდენჯერმე გადავავადე, სანამ ალტერნატივის წინაშე არ დავდექი: ან რუსეთში გადავსულიყავი, ან ჩოგბურთის თამაშისთვის თავი დამენებებინა, რადგან საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ვერ მეხმარებოდა, მშობლები კი უსახსრობის გამო ვეღარ მაფინანსებდნენ.
ცხადია, მეც პირველი ვარჩიე. 11 თვე გამოვდიოდი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების სახელით.
- უკან დაბრუნება რა მიზეზით მოხდა?
- შარშან, აგვისტოში, თბილისის ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის დაწყებამდე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტ ლეილა მესხს შევხვდი. მან მირჩია სამშობლოში დაბრუნება, თანადგომასაც შემპირდა და მეც ბევრი არ მიფიქრია.
თბილისის ორივე ტურნირში ჩვენი ქვეყნის სახელით ვიასპარეზე. მერე ტიუმენში გავემგზავრე. იქ პირველი წრე გავიარე. მეორეში საუკეთესო ასეულის წევრ ილია მარჩენკოს დავუპირისპირდი. ტურნირის დაწყებამდე გავცივდი და იმ დღეს კორტზე მაღალი სიცხით გავედი.
სამწუხაროდ, პირველი სეტის ჩამთავრებაც ვერ შევძელი. კრემლის თასის საკვალიფიკაციოშიც მხოლოდ ერთ მეტოქეს ვძლიე. სამაგიეროდ, ანტალიაში ზედიზედ ორი 10 000-იანი ტურნირი მოვიგე. მსოფლიო რეიტინგშიც 16 საფეხურით დავწინაურდი და ახლა 264-ე ვარ. ხელშეწყობა რომ მქონოდა, მეტის მიღწევა შემეძლო.
- კი მაგრამ, ფედერაცია ხომ შეგპირდა დახმარებას?
- არ ვიცი, რა მიზეზით, შეპირება, სამწუხაროდ, შეპირებად დარჩა. ერთადერთი, ამჟამინდელი სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დამიდგა გვერდით - გამომიძებნა ორგანიზაცია, რომელიც ერთჯერადი დახმარებით შემეწია.
- ალექსანდრე მეტრეველის ჩოგბურთის აღორძინების ფონდი?
- ბატონმა ალექსანდრე მეტრეველმა-უფროსმა დახმარებაზე უარი მითხრა - რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება გაკავშირებს და მისი ვალიც გაქვსო.
ეს არ არის მართალი. რუსეთის ფედერაციიდან ნახევარი წელიწადია, წამოვედი. ვალი რომ მქონოდა, ამ ხნის განმავლობაში ვინმე შემეხმიანებოდა, ვინ შემარჩენდა.
ჩვენს ფედერაციას ჯერ ახალი ბიუჯეტი არ დაუმტკიცებია, ამიტომ კონკრეტულს ვერაფერს მეუბნებიან. ისე, ახალ პრეზიდენტს - ალექსანდრე მეტრეველ-უმცროსს სურს, დამეხმაროს. მეც მისი იმედი მაქვს.
- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
- ორი კვირაა, "ოლიმპიკის" კორტებზე ინტენსიურად ვემზადები იტალიური ბერგამოს ვაჟთა 50 000-იანი საერთაშორისო ტურნირისთვის, რომელიც 2 თებერვალს დაიწყება.
ორიოდე დღეში გაირკვევა, ძირითად ბადეში ვითამაშებ თუ საკვალიფიკაციოში. აპენინებიდან ამერიკაში გავემგზავრები "ინდიან-უელსის" ტურნირზე. ოკეანის გაღმა ოთხ ჩელენჯერის ტურნირში მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენს დრო და ფინანსები გვიჩვენებს.
http://sportall.ambebi.ge/sport/individual...-imedebith.html