
დღეს 13 მაისია: ...32 წლის შემდეგ
...ზუსტად არ მახსოვს რამდენი წლის ვიყავი. ალბათ რვის ან ცხრის. შინ ვთამაშობდი, მამაჩემის წიგნებში ვიქექებოდი. ძალიან მიყვარდა უფროსების ნივთების თვალიერება და მაშინაც ამით ვერთობოდი.
ფეხბურთზე ცოტა რამ მესმოდა. მამას სტადიონზე დავყავდი და ვიცოდი, რომ ტაიმებს შორის ლატარეა თამაშდებოდა. და რადგან რამდენიმე მოთამაშის სახელი გაგონილიც მქონდა, თაროდან გადმოვარდნილმა ერთმა ალბომმა, რომელზეც ახალგაზრდა კაცის ფოტო იყო წარწერით „ვიტალი დარასელია", უმალ მიიპყრო ჩემი ყურადღება.
გადავათვალიერე და წიგნში თბილისის დინამოს რამდენიმე გუნდური ფოტოც აღმოვაჩინე. უმალ მაკრატელი მოვიმარჯვე და ფოტოები ამოვჭერი. „საქმეს" რომ მოვრჩი, მერეღა წავიკითხე - ვიტალი დარასელიას გოლს ჩვენი დინამოსთვის რაღაც თასი მოუტანია.
ძალიან გავოცდი, როცა მომდევნო ალბომი, თაროდან რომ გადმოვიღე და რომელსაც „დიუსელდორფის რაინშტადიონზე" ერქვა, სწორედ იმ დიდ გამარჯვებას ეძღვნებოდა, რომლის მნიშვნელობა მაშინ, ცხადია, არ მესმოდა. ის წიგნიც, ბევრი საინტერესო ფოტოს გამო, ჩემს მაკრატელს ემსხვერპლა...
როცა გავიზარდე და დიუსელდორფში მოგებული თასის მნიშვნელობას მივხვდი, ვინანე კიდეც, რომ შინ ორი, მართლაც ისტორიული ალბომი აღარ მქონდა. კი ვეძებდი, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისის თბილისში იმ ორი ფოტოალბომის პოვნა ამაოდ ვცადე.
1993 წელს დინამო ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთო. პირველად 1979 წლის შემდეგ და პირველად საქართველოს სახელით. ჩრდილოირლანდიურ ლინფილდთან მატჩის წინ ტელევიზიით ლივერპულთან, ვესტ ჰემ იუნაიტედთან, ფეიენოორდთან და კარლ ცაისთან ბრწყინვალე გამარჯვებების ვიდეოჩანაწერები აჩვენეს. მაშინ კიდევ ერთხელ ვინანე ბავშვური ანცობის გამო.
დღეს, დიუსელდორფის ტრიუმფიდან 32 წლის შემდეგ, ორივე ალბომი მაქვს, მაგრამ მათ თვალიერებას თავს ვარიდებ. ვიცი, გადავშლი და გული სევდით ამევსება: ის დიდი დინამო აღარაა, ჩვენს შორის არც ნოდარ ახალკაცია, არც ვიტალი დარასელია, დათო ყიფიანი, რამაზ შენგელია...
ამ ალბომების ცქერისას ეჭვიც კი მიპყრობს, ვიყავით კი ასე ძლიერნი, რომ ევროთასი მოვიგეთ? ახლა, როცა ევროპის გრანდთა მატჩებს ვუცქერ, ვერ ვიჯერებ, რომ წლების წინ დინამო მათი დონისა იყო, ტოლ-სწორად ეთამაშებოდა მადრიდის რეალს და ლივერპულს, მილანის ინტერს და როტერდამის ფეიენოორდს, გადიოდა ევროთასის ფინალში და...
დღეს მეშინია, რომ დინამო ევროპაში ვერასდროს გასცდება რამდენიმე ეტაპს და 32 წლის წინ, იმ დალოცვილ 13 მაისს მოგებული თასთა თასიც ყველაზე დიდ გამარჯვებად დაგვირჩება არათუ კლუბის, საერთოდ, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში.
არადა, ძველებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ის შედეგები შემთხვევითი არ იყო. ის დინამო მართლა ძალიან ძლიერი იყო!
ის, რაც 1981 წლის 13 მაისს თბილისელებმა დიუსელდორფის რაინშტადიონზე მოახერხეს, ბევრმა დიდმა კლუბმა ვერ შეძლო. უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშება ისე დასრულდა, ამ ჯილდოს მოგება ისეთმა გრანდებმა ვერ მოახერხეს, მადრიდის რეალი, ლივერპული და მილანის ინტერი რომ არიან.
ჩვენმა დინამომ კი შეძლო.
მოახერხა იმიტომ, რომ ძლიერი გუნდი იყო: შესანიშნავი ფეხბურთელები, გონიერი მწვრთნელი და... ლაღი ფეხბურთი.
ის დინამოელები ვარსკვლავები იყვნენ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ალექსანდრე ჩივაძეს, რამაზ შენგელიას, თენგიზ სულაქველიძეს, ვლადიმერ გუცაევს, ვიტალი დარასელიას თუ სხვა დიდებულ მოთამაშეებს თავისთან გადასვლას სთავაზობდნენ იტალიის, ესპანეთის და საფრანგეთის წამყვანი კლუბები, დიდ ათიანზე, დათო ყიფიანზე კი ყველაზე კარგად ვესტ ჰემ იუნაიტედი-დინამოს ლონდონური თამაშის ოფიციალურ პროგრამაში ეწერა: „ის, რომ დასავლეთის რომელიმე კლუბში თამაშობდეს, სუპერვარსკვლავი იქნებოდა"...
1981 წლის 13 მაისს თბილისის დინამომ შეუძლებელი შეძლო - თასების მფლობელთა თასის მოგებით ჩვენი ფეხბურთელები სამუდამოდ შევიდნენ არამარტო ქართული, ზოგადად, ფეხბურთის ისტორიაში.
თუ 1964 წელს დინამომ პირველად დაიპყრო საკავშირო ფეხბურთის ოლიმპი, 1981 წელს გუნდმა ევროპული მწვერვალი დალაშქრა, მსგავსი წარმატებით კი კავშირის საფეხბურთო ფლაგმანები მოსკოვის სპარტაკი და დინამოც ვერ დაიკვეხნიდნენ. ეს, რა თქმა უნდა, ორმაგად სასიხარულო იყო!
დინამო ევროთასების ისტორიაში დღემდე ყველაზე აღმოსავლური გუნდია, საკლუბო თასის გათამაშება რომ მოუგია. დღეს ალბათ, ესღაა სასიამოვნო...
1980 წლის 5 ნოემბერს დინამომ თასების მფლობელთა თასის გათამაშების მერვედფინალში ადვილად დაამარცხა ირლანდიის უოტერფორდი - 4:0 - და შემდეგ წრეში. დინამოელებმა პირველად გააღწიეს ევროთასების საგაზაფხულო ეტაპზე. წილისყრამ ახალკაცის ბიჭებს ინგლისის ვესტ ჰემ იუნაიტედი არგუნა.
თბილისელებს ფეხბურთის სამშობლოში დიდი გამოცდა ელოდათ, შედეგმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. აპტონ პარკზე დინამოელთა თამაშმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა, საშა ჩივაძის დიდებულმა გოლმა, შენგელიას დუბლმა და ყიფიანის უზადო ტექნიკამ, განსაკუთრებით კი მატჩის მიწურულს მოხდენილმა საოცრებამ - თითქმის 60-მეტრიანმა პასმა, რასაც რამაზის მეორე გოლი მოჰყვა - დინამოს ნახევარფინალში გაუკვალა გზა.
ინგლისელთა შემდეგ იყო როტერდამის ფეიენოორდი, სახელგანთქმული ჰოლანდიური კლუბი ბრიტანელებზე დიდი ამბიციით.
8 აპრილს დინამო თბილისში დაუხვდა მეტოქეს და 3:0 სძლია. თენგიზ სულაქველიძის შეჩერება ჰოლანდიელებმა ვერ მოახერხეს და საერთოდ, იმ დღეს ახალკაცის გუნდი შეუდარებელი იყო. ფეიენოორდი, რომელიც თბილისურ მატჩში იშვიათად გადადიოდა მოედნის ცენტრს, საპასუხო შეხვედრაში ყველანაირად ეცადა დინამოს დამარცხებას, ავსტრიელი მსაჯიც „დაიხმარა", მაგრამ დიუსელდორფში, გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება დინამომ მოიპოვა. ეს არნახული წარმატება იყო!
მაგრამ ჩვენ ფინალისტობაზე დიდი სიხარული გველოდა წინ: 1981 წლის 13 მაისის საღამო.
გახსოვთ?
წუთი წუთს მისდევს, დრო გადის და ფინალიც ახლოვდება...
მეგობრებთან იკრიბებით ან ისინი მოდიან თქვენთან...
ქალაქი ირინდება, თქვენ კი სულ უფრო ნერვიულობთ...
ვერც კი ამჩნევთ, რომ დროებით ყველაფერი დავიწყებას ეძლევა. დღეს ფინალია, თასთა თასის ფინალი!
აივანზე გადიხართ და სიგარეტს აბოლებთ...
სავარძელში მოკალათებული ტელეეკრანს უცქერთ და დინამოელების დანახვაზე გრძნობთ, როგორ მატულობს მაჯისცემა...
თვალებს ხუჭავთ და ოცნებობთ, რომ ტანჯვა მალე დამთავრდეს, ოღონდ დასრულდეს ისე, როგორც თქვენ გსურთ, მამას, დედას, შვილებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს უნდათ, ყველას, ვისაც ქართველი ჰქვია და დინამოს გულშემატკივრობს.
გაისმის იტალიელი მსაჯის რიკარდო ლატანცის სასტვენის ხმა და ბრძოლა იწყება:
დინამო თუ კარლ ცაისი?
ჩვენ თუ ისინი?
ცხონებული კოტე მახარაძე აუღელვებლად, დინჯად საუბრობს, მეტოქეთა შემადგენლობას ჩვეული არტისტიზმით გვამცნობს...
არა, ოღონდ ეს არა - უსიამოვნო ფიქრებს უკუაგდებთ. რჩებით თქვენ, ტელეეკრანი და თამაში, რომელიც თავისთავად ხდება ისტორიის კუთვნილება.
დინამომ უნდა მოიგოს! ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ! სხვანაირად არც შეიძლება! ეს გამარჯვება ძალიან გვჭირდება!
პირველი ტაიმი უგოლოდ მთავრდება...
კვლავ აივანი და ვინ მოთვლის მერამდენე სიგარეტი. მეზობელიც იქვეა, ისიც სიგარეტით და ისიც თქვენსავით უტყვი...
თხუთმეტი წუთი სწრაფად გარბის და ისევ თავიდან იწყება ყველაფერი: გულისცემა მატულობს, ნერვიულობა და ეს ოხერი სიგარეტი, სიგარეტი, სიგარეტი...
63-ე წუთზე ოთარ გაბელიას კარში გოლი გადის: კარლ ცაისის შეტევას ჩვენს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, იქ კი ჰოპემ ყველას აჯობა და...
ზუსტად 4 წუთში ვოვა გუცაევი, ჩვენი მოუღლელი გარემარბი რამაზ შენგელიას პასს უფასებს - უძლიერესი დარტყმა და 1:1!
საქართველოში, მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ყველგან, სადაც ქართველია, ათასობით ფანჯარა იღება და ქომაგთა გულებში დაგუბებული ემოცია ქუჩებში იღვრება:
გოოოოოოოოოოოოოოოლ!
გული მკერდიდან ამოვარდნას ლამობს!
დინამოს უპირატესობა მატულობს - ბიჭები იენელებს უტევენ...
დრო იწურება, ტაბლოზე კი კვლავ 1:1-ია...
და მაშინ, როცა თქვენც და ყველა დამატებით დროზე ფიქრობდა, დათომ ბურთი ვიტალის დაუგორა, დარასელია ერთს გასცდა, მეორეც მოხდენილად მოატყუა და დაარტყა...
გოლია!
გესმით, გოლია!
ჩვენ გავიტანეთ!
ისევ გაიღო ფანჯრები, ისევ აივსო ქუჩები ემოციით, ისევ გაივსო გულები უზომო სიხარულით და ულევი სიყვარულით!
ჩვენი ვტირით, ვიცინით, ვყვირით, ვღრიალებთ, გვინდა ბოლომდე დავიცალოთ ემოციისგან, მაგრამ ის უსასრულოა!
თბილისი ფეთქდება!
სამ წუთში ლატანცი თამაშს... თუმცა რა თამაშს? ეს ხომ ფინალი, ეს ხომ ოქროს, საუკუნის მატჩია!
2:1 და თასების მფლობელთა თასი!
გაბიტაშვილი და მოპარული ბურთი...
ხიზანიშვილის ჰაეროვანი კოცნა...
ემოციისგან დაცლილი, ფერდაკარგული ფარსადანოვიჩი...
უეფას პრეზიდენტი არტემიო ფრანკი და საშა ჩივაძე თასების თასით...
ზღვა ემოციის, ზღვა სიხარულის...
ცრემლები, ცრემლები, ცრემლები...
ზეიმი თბილისში და გათენებული 14 მაისი...
გადაჭედილი აეროპორტი და „სალამი ლომკაცებს"...
ოთარი, საშა, ნოდარი, გია, ვიტალი, თენგიზი, რამაზი, ვოვა, დათო...
ყველა, ვინც გვახსოვს და ვინც ჩვენს გულშია...
როგორც არასდროს, ჩვენ ბედნიერები ვიყავით!
...მას შემდეგ ზუსტად 32 წელი გავიდა.
ლაშა გოდუაძე


დღეს 13 მაისია: დინამო იყო...
დინამო იყო, დინამო იყო...
მაგრამ თქვენ არ იცით, რა იყო ჩემი ასანთის კოლოფი, რომლის ამბავსაც ახლა მოგახსენებთ.
იმ წელიწადს, დინამომ თასების თასი რომ მოიგო, მე სკოლა დავამთავრე, რაც იმას ნიშნავს, რომ სიგარეტის მოწევა ახალი დაწყებული მქონდა. ნუ, ახლა როგორ... ზოგმა მერვეში დაიწყო, ზოგმა მეცხრეში, ზოგმა მეათეში. მე მეცხრეში დავიწყე, მეათეში უფრო დავოსტატდი, თუმცა სახლში, ცხადია, არ იცოდნენ და კოსმოსის თუ მტკვრის ღერებს და ხანდახან მთელ კოლოფსაც საფოსტო ყუთში ვმალავდი.
ახლა ეს სიგარეტი რატომ გამახსენდა: იქნებოდა დაახლოებით თებერვლის ბოლო, როდესაც ჯიბიდან ჩვეულებრივი ასანთის კოლოფი ამოვიღე, გავხსენი და ვნახე, რომ შიგ ბოლო ღერი დარჩენილიყო. იმ ბოლო ღერით სიგარეტს კი მოვუკიდე, მაგრამ კოლოფი არ გადამიგდია. რაღაც ჯანდაბამ ჩამათქმევინა, თუ ამ კოლოფს არ გადააგდებ, დინამო თასს აიღებსო, ეს კი ჩემთვის იმხანად სკოლის დამთავრებაზე მნიშვნელოვანიც იყო და ინსტიტუში მოწყობაზეც. ერთი სიტყვით, სადღაც ასანთის ღერები დავითრიე, ჩემს კოლოფში ჩავაწყვე და განვაგრძე ცხოვრება.
ვცხოვრობდით იმ გაზაფხულს მე და ჩემი ასანთის კოლოფი ასე: ის იცლებოდა, მე ახალი ღერებით ვავსებდი. მაგრამ ეს არაფერი, მთავარია, რომ ამ ჩვენს ურთიერთობას მთელი სერიოზულობით აჰყვა დინამო: ჯერ ვესტ ჰემს მოუგო, მერე ფეიენოორდს და ჰა, მიდგა ჯერი კარლ ცაისზე.
როგორც გითხარით, იმ გაზაფხულზე დამწყები მწეველი ვიყავი და შესაბამისად, ბევრსაც არ ვეწეოდი. თან, ვიმეორებ, შინ ვმალავდი ამ ამბავს. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ უფრო ნათლად წარმოიდგინოთ ასანთის კოლოფის სასწაული: ის უკანასკნელად 1981 წლის 13 მაისის საღამოს რვა თუ ცხრა საათზე დაიცალა, მათემატიკის რეპეტიტორიდან რომ დავბრუნდი, მაშინ. სხვა სიტყვებით, სახლში შესვლის წინ ბოლო ღერი მოვწიე და კოლოფიც გაცარიელდა...
თამაშის ანგარიში კარგად იცით: რიკარდო ლატანცის საფინალო სასტვენის ხმაზე მთელი ქვეყანა დინამოს სტადიონისკენ დაიძრა. ცხადია, მეც იქით გავეშურე, მოედანზე შევედი, ზუსტად ცენტრიდან ბალახი მოვწიწკნე და ასანთის ცარიელ კოლოფში შევინახე...
ილია ბაბუნაშვილი
გაზეთი სარბიელი (07.12.2005)
This post has been edited by guriaaa on 13 May 2013, 13:09