დაძველდა =
ზუსტად ექვსი წლის წინ (30 ივნ 2007)
გამოქვეყნებულა "ოლიმპში" და
ბევრად ძველ რამეებს ეხება
ნაყინიდან ყინულამდეანუ სთენლის თასის ტრადიციები და კურიოზებითუმც თქმულა, ჯერ მწარე ჭამე, მერე კი ტკბილიო, ჩვენ მაინც პირუკუ მოვიქცევით და ჰოკეის უმთავრეს ჯილდოზე, სთენლის თასზე თხრობას სწორედ რომ ჩაროზით დავიწყებთ, რაღაი ამ პაპანაქებაში ქიშმიშიანი ნა-ყინ-ით მალიმალ ვიკოკლოზინებთ ყელს და ძალაუნებურად იმ ქვეყნებს შევნატრით, სადაც ყინ-ულზე ყვანჯობა საკადრის პატივშია.
სთენლის თასის წლევანდელი გათამაშება 6 ივნისს დასრულდა. ჯილდოს ახალი მფლობელი კალიფორნიის კლუბი, ანაჰაიმ დაქსია. ტრადიციის თანახმად, მის წევრებს თითო დღით შინ მიაქვთ ჯილდო და ახლობლებს ახარებენ.
მართალია, ჰაქი (გინდაც ხაკეი) ჩვენში ეს უკვე მესამედ (!) სულ ახლახანს დაინერგა, მაგრამ ბურთაობისა და ბრძოლის ისეთი ნიჭი მოგვდევს, რომ არ გაგვიკვირდება, თუ ოც (!) წელში თასი ჩვენთანაც ჩამოვა და ვერაზე, დოდო აბაშიძის სკვერში გამოიფინება.
ვიდრე სთენლის თასის ვოიაჟებსა და კურიოზებზე გადავიდოდეთ, ჯერ მცირედი ფორმალობა მოვითავოთ. ნარკვევთა წყაროა ფარლექსის ინტერნეთული ენციკლოპედია =
ახლანდელი ვიკიპედია = და თავად ნჰლ-ის საითი, ჯილდოზე წერას კი შაბათობით ვაპირებთ, რათა დაკვირვებულ მკითხველს მონაყოლის გასააზრებლად ორი დღე ჰქონდეს.
ყველა რომ გაკოტრდა ჯილდო 1892 წელს, შეფილდში, 10 გინეად დაამზადებინა სთენლის ლორდმა და ლონდონიდან კანადაში ჩაატანინა, რაღაი თავად იმხანად ამ დომინიონის გენერალ-გუბერნატორად იღვწოდა და მთელი ოჯახიც - ცოლი, ვაჟები და ასული - თამაშზე გადარეოდა.
ჯილდოს თავიდან "დომინიონის გარდამავალი თასი" ერქვა და იმ წესით თამაშდებოდა, როგორც რომ უკვე მეორედ მივიწყებული ქართული რაგბის სინი (ბოდიში არა-ოლიმპიური სპორტის ხსენებისა გამო!)
მერე და მერე, რამდენიმე მოშუღარი ლიგა რომ შეიქმნა, 1915 წლიდან სთენლის თასზე ცილობა მათმა ჩემპიონებმა გააჩაღეს, მაგრამ 1927 წელს ნჰლ-ის გარდა ყველა გაკოტრდა და ჯილდო კლარენს ქემპბელის ამალის საკუთრება "დე ფაქტო" გახდა, ოცი წლის შემდეგ კი, რწმუნებულებთან გარიგების შედეგად, "დე იურეც".
თასი ზომასა და მოყვანილობას პერიოდულად იცვლიდა! ჩვენს დროში მისი სიმაღლე 90 სანტიმეტრია, წონა კი 15 კილო.
თასი სამ ცალად არსებობს; პირველი, ოდინდელი, ტორონტოში, ჰოკეის "დიდების დარბაზშია" დავანებული; მეორე, ნაღდი გამოიფინება შეჯიბრისა და პრომოციების დროს და მისითვე ჯილდოვდება ჩემპიონი; მესამე, სამარქაფო კი დიდების დარბაზში მაშინ იდება, როცა ნაღდი ადგილზე არაა.
მფლობელები ეტვიფრება სხვა სპორტებს ნუ ეწყინებათ; ტელე-რეიტინგებიც იქეთ იყოს და სთენლის თასი ჩრდილო ამერიკაში ყველაზე დაფასებულია.
ერთი იმად, რომ უძველესია! მეორე იმად, რომ კალათბურთის, ბეისბოლისა და ბურთაობის ჯილდოთაგან განსხვავებით, ყოველ წელს ახალი არა მზადდება, ანუ ხელიდან ხელში, უფრო სწორად კი, გუნდიდან გუნდში გადადის და მას სამარადისოდ ვერავინ ეპატრონება.
მერე კიდევ, ჯილდოს ზედ ეტვიფრება ყოველი მფლობელის ვინაობა. სწორედ ამითაა თასი უნიკალური. ამ მიზეზითვე იცვლიდა ჯილდო ზომას, რაღაი სხვაფრივ ახლები თასზე ვერ დაეტეოდნენ.
სთენლი 1927 წლიდან სხვებზე მეტად, 22-ჯერ მოუგია "მონრეალ კანადიანსს". ამავე კლუბის წევრები არიან პირადი რეკორცმენებიც: ანრი "ჯიბის რაკეტა" რიშარი თასზე 11-ჯერაა ამოტვიფრული, ჟან ბელივო და ივონ კურნუაიე კი, ათ-ათჯერ.
მეგობარს ააწევინა გადავიდეთ კავკასიელთათვის ეგზომ საყვარელ ტრადიციებზე. მათგან უძველესსა და ყველაზე ბუნებრივს, თასიდან შამპანურის შესმას, 1896 წელს ჩაუყარა საფუძველი "ვინიპეგ ვიკტორიასმა".
შემდეგი, თასის ყინულზე ჩაბარება და მისით ზეიმი შედარებით ახალია - ოდენ ნახევარ საუკუნეს ითვლის. "დეტროიტ რედ ვინგზმა" 1950 წელს რომ მოიგო ჯილდო, კაპიტანი ტედ ლინდსი შეიქნა პირველი ყოჩი, ვინც სთენლი ორი ხელით თავს ზემოთ აღმართა და საციგურაოს წრე დაარტყა, შემდეგ კი რიტუალი გუნდის ყველა წევრმა სათითაოდ გაიმეორა.
ამ წესიდან საგულისხმო გამონაკლისი 2001 წელს მოხდა. "ბოსტონ ბრუინზის" დედაბოძი, მცველი რეი ბურკე 22-წლიან კარიერას კოლორადოს კვართში გამოწყობილი იმად ასრულებდა, რომ თასის შემართვა ღირსებოდა. ჰოდა, ვეტერანმა ნატვრა რომ აიხდინა, "ავალანშის" კაპიტანმა ჯო საკიკმა ჯილდო ჯერ მეგობარს მისცა და თავად მერეღა შეასრულა კუთვნილი წრე.
წლიური მარაგი თასს ცრუ-რწმენა თან მრავლადა სდევს. მათგან მთავარი ისაა, რომ თუ ჯილდოს მოპოვებამდე შეეხები, მისი დამსახურებულად აწევა ვეღარ გეღირსება!
მეტიც, თურმე საკმარისია კონფერენციის ჩემპიონის სარგო ჯილდოს გაეკარო, რომ იმ სეზონში სთენლის თასის მოგება აღარ გიწერია, რაღაი ეს ჯილდოა მთავარი და მასზე კნინთან შეხებით ყისმათის წლიური მარაგი ამოგეწურება!
ეს თეორია მთლად უსაფუძვლო რომ არაა, 2004 წელს დამტკიცდა. აღმოსავლეთის ჯილა "ტამპა ბეი ლაითნინგი" შეიქნა, მაგრამ ამისმა ყოჩმა, დეივ ანდრეიჩუკმა "უელსის უფლისწულის თასს" ხელიც არ ახლო. სამაგიეროდ, დასავლეთის ფალავნის, "კალგარი ფლეიმზის" კაპიტანმა, ჯარომ იგინლამ აიტაცა "კლარენს ქემფბელის თასი".
ჰოდა, სთენლი ლაითნინგს ერგო და არა ფლეიმზს!
ლონდონში შევლაც ეღირსა გაგიკვირდებათ და თასის შინ წაღება თურმე სულ ახალი წესია. იგი ნჰლ-ის აწ უკვე ექს-მეოხის, ტელე-არხ "იესპიენის" მოგონილია. 1995 წელი იდგა, პირველი, მოკლე, ნახევარ-სეზონიანი ლოკაუტის შემდეგ ჯილდო "ნიუ ჯერზი დევილზმა" რომ მოიგო და არხმაც კამერა აადევნა ჩემპიონებს, აბა, შინ ვინ როგორ იზეიმებს და ახალს რას მოიგონებსო.
მას აქეთ თასს ზაფხულობით მოსვენება არა აქვს და მოგზაურობს. თავად ნჰლ-ის შეფასებით, ჯილდომ ბოლო ხუთ სეზონში 640 ათასი კილომეტრი დაფარა. თასი სად აღარ ყოფილა: გამოიფინა ბაზრობებზე, დაიპყრო მწვერვალები, მოიხილა ჰოლივუდი, ლუნა პარკები, შუშის ქარხანა და ტელე-სტუდიები.
სთენლი ევროპაში პირველმა შვედმა პეტერ ფორსბერგმა ჩაიტანა 1996 წელს. ჯილდო რუსებს მოსკოვში მიუტანიათ წითელ მოედანზე, ურალში კი, ევროპა - აზიის საზღვარზე. თეთრ სახლში თასს შტატების ოთხი პრეზიდენტი შეგებებია.
სთენლი ნამყოფია ესკიმოთა იგლუში, ანუ თოვლ-ყინულის ქოხში; ფინეთში მრავალგზის ჩახურებულა საუნაში; შვეულმფრენში ჯვრის წერას შესწრებია, კანადაში ჩატანიდან 113 წლის თავზე კი შინ, ლონდონში შევლაც ეღირსა პროპაგანდისტულ ტურნეზე (სურათზე).
ხელუხლებელი დახვდათ თასი უხმარიათ ემბაზად და შიგ თოთო ბავშვი მოუნათლავთ, სხვაფრივ კი ჯილდოს არცა მთლად წმინდა მისიაც ხშირად დაკისრებია. ერთი სიტყვით, დროა გადავიდეთ წინამდებარე ნარკვევის თვალზე - ფათერაკებზე; სხვათა მიერ მისხალ-მისხალ ნაგროვი ქრონოლოგიურად ჩამოვარაკრაკოთ და ვიცინოთ.
1905 წელს "ოტავა სილვერ სევენის" მავანმა წევრმა იმხანად ჯერაც მოკრძალებული თასი არეკნით (კიდევ რაგბი!) დაარტყა, მაგრამ რიდოს არხის იქეთ ნაპირს ვერ მიაწვდინა; ბედად, წყალი გაყინული იყო და სთენლი შემდეგ დღეს ამოიღეს.
1906 წელს "მონრეალ ვონდერერზს" ჯილდო ფოტო-ატელიეში დარჩა და რამდენიმე კვირის შემდეგ რომ მიაკითხა, აღმოაჩინა, რომ ფოტოგრაფის დედას იგი მიწით აევსო და შიგ ყვავილებიც ჩაერგო.
1924 წელს კანადიანსი მეპატრონესთან საქეიფოდ რომ მიდიოდა, საბურავი დაეშვა; ბიჭებს თასი გზის პირად დარჩათ და უკან რომ მიბრუნდნენ, იქვე ხელუხლებელი დახვდათ.
54 წლით დაითარსნენ 1925 წელს "ვიკტორია კუგარზის" მენეჯერის შვილებმა, ლინ და მაზ პატრიკებმა თასს სახლის სარდაფში მიაგნეს და ზედ თავიანთი სახელები ლურსმნით ამოკაწრეს. 15 წლის შემდეგ ბიჭებმა "ნიუ იორკ რეინჯერზის" შემადგენლობაში მართლა მოიგეს ჯილდო, მაგრამ სახელი იმით გაუტყდათ, რომ გუნდელებთან ერთად შიგ აფსამდნენ.
ამავე 1940 წელს "რეინჯერზმა" არენის, "მედისონ სქვერ გარდენის" გირაო ბოლოსდაბოლოს რომ გაისტუმრა, საძულველი ფურცელი თასში საჯაროდ დაწვა, მაგრამ ამით ჯილდო ისე დათარსა, რომ კლუბმა მისი მოგება 54 წელი (!) ვეღარ შეძლო.
1957 წელს ზემოთ ხსენებული ანრი რიშარის ძმამ, მორისმა თასიდან ისე შესვა შამპანური, რომ წინა კბილები მოიტეხა, 1962 წელს კი "ტორონტო მეიფლ ლივზმა" ქეიფზე კოცონში ჩააგდო ჯილდო და მერე ლიგამ შეკეთების ხარჯი აკისრებინა.
1964 წელს თასში ჩასმულმა ტორონტოელი რედ ქელის თოთო შვილმა ჩაისველა, რის შემდეგაც მამა ოხუნჯობის იშტაზე მოდის, როცაკი სხვები იქედან სასმელს ხვრეპენ.
არა ტივტივებსო "ნიუ იორკ აილენდერზის" ფორვარდმა ბრაიან ტროტიემ აღიარა, ჯილდოსთან ერთად მეძინაო, მისი გუნდელი კლარკ ჟილი კი გამოტყდა, თასიდან ძაღლს ვაჭამეო.
1987 წელს "ედმონტონ ოილერზს" ქეიფში ისე შემოელანძღა ჯილდო, რომ მეორე დღეს ავტო-პროფილაქტიკაში შეაკეთებინა, 1991 და 1993 წლებში კი პიტსბურგმა მარიო ლემიეს, ხოლო მონრეალმა პატრიკ რუას აუზში გასინჯა თასი, ესაო და ჩაიძირება თუ არაო.
ექსპერიმენტიდან მონრეალის მაშინდელმა კაპიტანმა, აწ კი გურუმ, გი კარბონომ დაასკვნა, სთენლი არა ტივტივებსო!
1994 წელს რეინჯერებმა თასი შვრიით აავსეს და კენტუკის დარბის გამარჯვებულ ცხენს, "გოუ ფორ ჯინს" მიართვეს, 2003 წელს კი ნიუ ჯერზის გოულმა, მარტენ ბროდერმა ისე გემრიელად ისადილა თასიდან, რომ კარაქი და მარილის ნალექი რვა დღის შემდეგ მოწმინდა ჯემი ლანგენბრუნერმა.
ჰოდა, ამეების წაკითხვის მერე ნუღარ დაიტრაბახებენ სხვა სპორტთა მიმდევრები, ჩვენი ჯილდო ჯობს თქვენს სთენლის თასსო.
@
ზაქრო ფირსოვი, ვალიკო სტარშინოვი This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 30 Jun 2013, 19:41