"მაგენი" უშველიან ქართულ კალათბურთს?
ქართულ კალათბურთში ბოლო დროს ლეგიონერები ძალიან მომრავლდნენ, მხოლოდ "ბათუმი", თსსუ და სტუ არიან ისეთი გუნდები, სადაც უკლებლივ ყველა ქართველია, ეგეც იმიტომ, რომ ფინანსურად უჭირთ ხსენებულ გუნდებს. ამ სამ გუნდს ბოლო პერიოდში შეუერთდა ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "არმია", თუმცა დაარსების მეორე წლიდან "არმია" ძირითად აქცენტს სწორედ ლეგიონერებზე აკეთებდა. არიან ისეთი ლეგიონერებიც, რომლებსაც ლეგიონერს აღარ ეძახიან, მეტიც ოლივერ ტუჯანი "ტალბა" სულაც "რუსთავის" კაპიტანია და უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში თამაშობს.
მეორე კალათბურთელი კი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელი, ზაურ ფაშაევი გახლავთ, რომელიც უკვე წლებია ქართულ გუნდებში თამაშობს. არ გეგონოთ, რომ რამე საწინააღმდეგო მაქვს ლეგიონერების ჩამოყვანის, მაგრამ არის ერთი მაგრამ... რად გვინდა ლეგიონერები, როდესაც ევროპულ ასპარეზე ვერაფერს ვაღწევთ და ჯგუფიდანაც კი ვერ გავდივართ? მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნის ჩემპიონი გახდე? რეალურად შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატი არც ისეთი მაღალი დონის არის, რომ არსებული რესურსებით საჩემპიონო გუნდი ვერ ჩამოაყალიბო, თავისი პერსპექტიული ახალგაზრდა ქართველებით. ბოლო წლებში რაც ლეგიონერებში ფული დაიხარჯა, ეგ ფული ბავშვთა აკადემიებს რომ მოხმარებოდა, 2-3 წელიწადში უკვე პირველ ნაკადსაც ვიხილავდით, რომლებიც მაღალ დონეზე ითამაშებდნენ და გაყიდვის შემთხვევაში, მასზე დახარჯულ თანხებს ერთი-ორად დაუბრუნებდნენ კლუბს და ზოგადად, ამ შემთხვევაში ქართული კალათბურთის მთლიანი დონე მაღლა აიწევდა.
კი, კარგი საყურებელია, როგორ აგდებს 49 ქულას ნეით ბოუი, როგორ ხსნის ფარიდან ასხლეტილ ბურთს კირკ არჩიბექი, როგორი ლამაზი გდებით ათავსებდა ბურთს კალათში ჯასტინ ტაბსი, მაგრამ მერწმუნეთ ქართველ მაყურებელს ის უფრო სიამოვნებს, ამ ყველაფერს ქართველი რომ აკეთებს. მე, როგორც ერთ-ერთ რიგით ქართველს, ის უფრო მსიამოვნებდა, გიორგი შერმადინი როგორ აგდებდა 70 ქულას, ვიდრე ის, როგორ აგდებს ნეით ბოუი 49 ქულას.
ნაკრების თემასაც შევეხოთ, ნაკრებში ყოველთვის პრობლემა იყო და ახლაც ასეა გამთამაშებლის საქმე. ყოველ წელიწადს ახლის ძიებაში ვართ, ყოველ წელიწადს ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ჩამოგვყავს, მაგრამ მათი დონე არ შეესაბამება ევროპული მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის სტანდარტებს, გარდა შენონ უილიამსისა, რომელიც მართლაც მაღალი დონის მოთამაშე იყო. ჩამოგვყავს ნატურალიზებული კალათბურთელი, ვახარჯავთ ფულს და რისთვის? იმისთვის, რომ ჯო მაკალებმა მარტომ მოგვიგოს თამაში და ჩვენი მოთამაშე ბავშვს გავდეს მასთან შედარებით? მესმის, ჩამოიყვანო ისეთი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ჯო მაკალებს, ბობი ბრაუნს და მსგავსი კალიბრის მოთამაშეებს, მაგრამ ჩამოგვყავს საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშეები, ვუხდით მაღალ ხელფასს, თუმცა სულ ტყუილად.
ვაღიაროთ, გვყავს იმ კალიბრის გუნდი, რომ ნატურალიზებული კალათბურთელის გარეშე გავიდეთ ევროასპარეზზე. იქ მაინც ვაგებთ და თუ წაგებაა, არ ჯობს კალათბურთის მესვეურებმა 30 წუთი ქართველ გიორგი ცინცაძეს უყურონ, ვიდრე ერთ-ერთ რიგით ამერიკელს? პრობლემა აქაც ბავშვებშია. რატო არ შეიძლება გავზარდოთ იმ დონის მოთამაშე, რომ ნატურალიზებული კალათბურთელის ხსენებაზე უბრალოდ გვეცინებოდეს? ძნელია? თუ ძნელია, როგორ გავზარდეთ ზაზა ფაჩულია? ნიკოლოზ ცქიტიშვილი? ვიქტორ სანიკიძე? მანუჩარ მარკოიშვილი? თორნიკე შენგელია? თუ ქართველმა მწვრთნელებმა არ იციან, როგორ გაზარდონ მაღალი დონის გამთამაშებელი? ძალიან მეეჭვება ასე იყოს და თუ ასეა, ჩამოვიყვანოთ უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ბავშვებსაც ასწავლის, ქართველ მწვრთნელებსაც და ნატურალიზებულ კალათბურთელზე ათჯერ მცირე ხელფასსაც დასჯერდება.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ლეგიონერების, კი ბატონო, ჩამოიყვანონ, მაგრამ ჩამოიყვანონ მაღალი დონის ლეგიონერები და თანაც მაშინ, როდესაც შიდა სამზარეულო მოწესრიგებული იქნება, თორე ასე არაფერი გვეშველება, უცხოელები მოვლენ და წავლენ, ქართველი კი უნდა დარჩეს და სწორედ მას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
http://geosports.ge/index.php?option=com_c...-03-05-10-17-18