ვისოლი ქუთაისის “ტორპედოს” სახელმწიფოს უბრუნებს
2014-04-11 16:09:06
commersant.ge
„ვისოლი“ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ დაფინანსებაზე უარს ამბობს, თუმცა კონკრეტულად როდის მოხდება ეს და, კლუბის გარდა, რა ბედი ელის ქუთაისში არსებულ სპორტულ ობიექტებს – ცენტრალურ სტადიონს, ბაზასა და კორტებს, ამ დრომდე უცნობია.
„ვისოლისგან“ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ველოდებით.
ასევე ვერ მივიღეთ პასუხი კლუბის დირექტორ გოგა პაპიაშვილისგან.
იმის შესახებ, რომ „ვისოლი“ ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ დაფინანსებაზე უარს ამბობს, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი.
მაშინ „ტორპედოს“ წარმომადგენლები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ შოთა მურღულიასაც შეხვდნენ და "ტორპედოს" გადარჩენა სთხოვეს.
მურღულიას თქმით, ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და "ტორპედოს" საჭიროების გათვალისწინება ვერ მოხდებოდა. თუმცა კლუბის დახმარების მზადყოფნას გამოთქვამდა.
დღეს კლუბში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ ამ დრომდე „ვისოლის“ დაფინანსებით მუშაობენ. „კომერსანტის“ ინფორმაციით, კომპანიას კლუბის ბიუჯეტი მაისის ბოლომდე აქვს დამტკიცებული. რა ბედი ელის „ტორპედოს“ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ამის შესახებ ინფორმაცია ვერც ქუთაისის მერიისგან და ვერც „ვისოლ ჯგუფისგან“ ვერ მივიღეთ.
„ვისოლ ჯგუფმა“ 2010 წელს სახელმწიფოსგან საინვესტიციო ვალდებულებებით საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ბაზა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო.
ინვესტირების ვალდებულება ჯგუფს 7 წელზე აქვს გაწერილი, თუმცა, თავად კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საბოლოო ჯამში „ვისოლი“ „ტორპედოში“ იმაზე მეტ ინვესტიციას ჩადებდნენ, ვიდრე დაგეგმილი იყო და ინვესტიციის სახით 25 მილიონის ჩადება მოხდებოდა.
„ტორპედოს“ პრეზიდენტი და „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე გასული წლის ზაფხულში „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სწორად მართვის შემთხვევაში ეს სფერო კომპანიისთვის შემოსავლიანი იქნებოდა.
„აქ არ არის მხოლოდ მატერიალურ დივიდენდებზე ლაპარაკი იმიტომ, რომ კლუბის ფლობა არის საკმაოდ დიდი იმიჯი და რეპუტაცია განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ფეხბურთი მაღალი პოპულარობით სარგებლობს. საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი იმიტომ, რომ ფეხბურთის სიყვარულის ძალიან დიდი ისტორია გვაქვს და ვფიქრობ, რომ საქართველოშიც ძალიან მალე უნდა მოვიდეს ის დრო, როდესაც საფეხბურთო კლუბის პატრონაჟი და მისი ფლობა იქნება დიდი პრესტიჟისა და წინსვლის გარანტი,“ – აცხადებდა ფხაკაძე.
„კომერსანტი“ ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითო დეტალების მოძიებას ცდილობს და მათ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
http://commersant.ge/?page=news&id=7905