ნიკა ძალამიძე: "ტრიბუნიდან პირველ ტაიმს ვუყურე და მეტი ვერ შევძელი"როგორც იცით, პოლონური "იაგელონიას" ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე ტრავმირებულია. მან თებერვლის ბოლოს, მოსამზადებელი ეტაპისას მუხლის მყესები გაიწყვიტა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. სავარაუდოდ, ნიკა აგვისტოში დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს.
ძალამიძემ თებერვალშივე გაიკეთა ოპერაცია, ხოლო ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის.
"პოზნანში გამიკეთეს ოპერაცია და იქვე ვმკურნალობდი. ახლა კი ცოტა დასვენება მჭირდება. მძიმე პროცესი იყო, ორჯერადი ვარჯიშები და აუზიც. ამასწინათ სტადიონზე ვიყავი, ტრიბუნიდან ვუყურე პირველ ტაიმს და წავედი. მეტი არ შემეძლო. რთულია, როცა შენ არ შეგიძლია თამაში და სხვებს უყურებ", - თქვა ძალამიძემ.
ნიკას იმედი აქვს, რომ "იაგელონია" მესამე ადგილზე გავა და ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს. დღეს მისი გუნდი სწორედ პოზნანის კლუბ "ლეხს" მასპინძლობს. "ლეხი" მეორე ადგილზეა, "იაგელონია" კი მეშვიდეზე.
"ამჟამად 4 ქულით ვართ დაშორებულები მესამე პოზიციიდან, მაგრამ "ლეხს" თუ მოვუგებთ, ერთი ქულაღა იქნება სხვაობა. იმედია, "იაგელონია" გაიმარჯვებს".
ილია ნანობაშვილი
http://worldsport.ge/ge/page/nika-dzalamid...i-ver-shevdzeli