http://www.worldsport.ge/ge/page/hufnageli...i-surt#commentsჰუფნაგელი გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში სურთ
ლუკამ უარი თქვა
კრისტიან ციგემ ჰუფნაგელს 19-წლამდელთა ნაკრებში დაუძახა
გერმანულმა Sueddeutsche-მ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა: 19 წლის ლუკა ჰუფნაგელი, რომელსაც ქართული პასპორტი აქვს და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში აქვს ნათამაშები, გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
როგორც იცით, ცენტრალური ნახევარმცველი ლუკა ამჟამად გერმანიის მესამე ლიგის “უნტერჰახინგში” თამაშობს და ძირითად გუნდში დებიუტიც ჰქონდა, თანაც, ლიდერ “კარლსრუესთან” შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს.
გერმანულ საიტზე “უნტერჰახინგის” პრეზიდენტის, მანფრედ შვაბლის სიტყვები წერია:
“ქართველ ქომაგებს ძალიან ეწყინებათ, თუმცა იმედია, გაგებით მოეკიდებიან. ჰუფნაგელს გერმანიის ნაკრებში თამაშის პერსპექტივა აქვს”.
ცნობისთვის, შვაბლი თავად თამაშობდა გფრ-ის ნაკრებში, 4 მატჩი აქვს ჩატარებული 1987-1988 წლებში.
გერმანიის 19-წლამდელთა ნაკრებს ახლო წარსულში ცნობილი მარცხენაფლანგელი, ევროპის 1996 წლის ჩემპიონი კრისტიან ციგე თავკაცობს.
ბუნებრივია, დავინტერესდით, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე ლუკა? “მსოფლიო სპორტი” ფეხბურთელის დედას, ფიქრია აფციაურს მიუნხენში დაუკავშირდა და მისგან შევიტყვეთ, რომ ლუკას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში თამაში სურს.
აფციაურმა ასევე გვითხრა, რომ ციგემ პირადად გაუგზავნა მოწვევა ლუკას, თუმცა ფეხბურთელი გია ცეცაძის გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებს ბელგიაში გასამართ ელიტ-რაუნდზე მიჰყვება. ელიტ-რაუნდი მაისის ბოლოს დაიწყება.
ლუკას არჩევანს მოვუწონებთ. “უნტერჰახინგის” პრეზიდენტის წადილი კი გასაგებია: გერმანიის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელისგან უფრო დიდ დივიდენდებს მიიღებს. ლუკას აგენტიც დაინტერესებულია, რომ მისმა ფეხბურთელმა გერმანიის ნაკრები აირჩიოს.
ლუკას “უნტერჰახინგთან” 1+1 კონტრაქტი აქვს, ანუ ამ ზაფხულს უმთავრდება და შემდეგ უკვე მხარეების მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა.
ილია ნანობაშვილი
შესაშურად იასპარეზა ჭეშმარიტმა ოსტატმა მაიკლ ჯორდანმა...