U19-ის ევროპული დღიური - უხვგოლიანი ტესტი „სკონტოს“ დუბლებთან
11 ივლისს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა დაგეგმილი ტესტ-მატჩი გამართა რიგის „სკონტოს“ დუბლშემადგენლობასთან და დიდი ანგარიშით, მშვიდად და აუღელვებლად - 6:0 გაიმარჯვა.
გია ცეცაძემ თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო:
თებიძე, მთივლიშვილი, გურეშიძე, გეგეჭკორი, უბილავა, ცნობილაძე, სამუშია, ენდელაძე, მარკოზაშვილი, არაბული, ფანცულაია
სხვადასხვა დროს, შეცვლაზე შევიდნენ - მეკარე ბაჩო მიქავა, ნიკა კაჭარავა და ლუკა ზარანდია.
პირველ ტაიმში, ანგარიში ლევან გეგეჭკორმა გახსნა. საჯარიმოს ხაზთან, თემურ მარკოზაშვილის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა და არბიტრმა საჯარიმო დარტყმა დანიშნა. ჯარიმა გურამ სამუშიამ გაათამაშა და ლევან გეგეჭკორს დაუგორა. ამ უკანასკნელის დარტყმა კი, ძლიერი, ზუსტი და აუღებელი გამოდგა - 1:0. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დამთავრდა.
მეორე ტაიმიდან კი, ჩვენი ნაკრები საოცრად ლაღად ათამაშდა. ჯერ თემურ მარკოზაშვილის ჩაწოდების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ გაზარდა ანგარიში ორამდე თავური დარტყმით; შემდეგ კი, ფანცულაია-სამუშიას დუეტის დრო დადგა.
მესამე გოლი კაჭარავა-მთივლიშვილის კომბინაციის შემდეგ გავიდა. ნაკრების განაპირა მცველმა, ბურთი მეკარის ბაქანზე ჩააწოდა, სადაც დასწრებაზე ყველას გიორგი ფანცულაიამ აჯობა და 3:0.
ამის შემდეგ, ნიკა კაჭარავა უკვე გურამ სამუშიას ასისტენტად მოგვევლინა და მოხდენილი მოძრაობით სამუშიას ბურთი საჯარიმოში შეაყოლა. სამუშია ზუსტი იყო - 4:0.
მეხუთე გოლი კონტრშეტევიდან გავიტანეთ, როცა მოედნის ცენტრიდან წამოღებული ბურთი სამუშიამ ფანცულაიას გაატანა და ნაკრების ფორვარდმაც დუბლი მიითვალა - 5:0.
მეექვსე გოლზე კი, სამუშია საგოლე გადაცემით კვლავ ნიკა კაჭარავამ მოამარაგა და ნაკრების 7 ნომერიც დუბლის ავტორი გახდა.
თამაშის შემდეგ, ნაკრები ისვენებს. ხვალიდან, გია ცეცაძე ორჯერად ვარჯიშებს გააგრძელებს. თან, უკვე გუნთან ერთად იქნებიან ლაშა დვალი, ნიკა სანდოხაძე და ნიკა ჭანტურია. 19-წლამდე ნაკრები მომდევნო ტესტ-მატჩს 16 ივლისის დილას, ლიტვაში გამგზავრებამდე ჩაატარებს. მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.
სფფ-ის პრესსამსახური
რიგა, ლატვია
http://gff.ge/u19.aspx?newid=2874