"დინამოში" გყავთ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც დუბლშემადგენლობაში თამაშობენ. როგორ გადაწყდება მათი საკითხი?- ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს - შინდაგორიძე, პაპავა, გველესიანი, ხოჭოლავა, ჯიღაური... ხოლო ის პრობლემა, რაც აწუხებს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს, ჩემი პრობლემა ვერ იქნება. ჩემს გუნდს უნდა მივხედო.
მე არ გახლავართ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, რომ ძირითად შემადგენლობაში თერთმეტი გამოუცდელი ფეხბურთელი გავამწესო. ასე რომ ვქნა, ევროთასებზე წარმატების შანსი ნულის ტოლი იქნება.
"დინამოში" შანსი ყველა ახალგაზრდას მივეცით. ეს შანსი ზოგმა გამოიყენა, ზოგმა კი - ვერა. ვინც ვერ გამოიყენა, მათ სხვა კლუბებში გავანათხოვრებთ.
- ზამთარში "დინამომ" მილხრაუმი, ტატანაშვილი და მენდი დაიმატა, ზაფხულში კი მათზე უარი თქვა. ეს ფეხბურთელები თქვენი სურვილით მოიყვანეთ თუ კლუბის ხელმძღვანელობის ინიციატივა იყო?- ვიტყოდი, რომ 50/50-ზე. მესმის თქვენი შეკითხვის არსი. ყოველთვის ვცდილობ, აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გავაკეთო, რადგან მათ თამაშს საქართველოს ჩემპიონატში ვადევნებ თვალს და მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ. მაგალითად, მილხრაუმის საჭიროება უცებ გაჩნდა, რადგან "დინამო" რეხვიაშვილმა დატოვა.
მე ნახევარი წლით ფეხბურთელების მოყვანას ტრანსფერს ვერც ვუწოდებ. ზოგადად კი, მთავარია, კლუბს წარმატება ჰქონდეს და ევროპაში კლუბის ხელმძღვანელი არ დაეძებს, ამ წარმატებას ადგილობრივი ფეხბურთელები მოუტანენ თუ ლეგიონერები.
უკეთესი შედეგები თუ გვინდა, უკეთესი მოთამაშეების ყიდვაც უნდა შეგვეძლოს. თუკი მაგალითად, პრაღის "სპარტა" 1-2 მილიონად ღირებულ ფეხბურთელებს ყიდულობს, საქართველოში ნახევარი მილიონისა და 200 ათასის გადახდაც პრობლემაა.
თუმცა გამონაკლისებიც არსებობს - ასე მაგალითად, ჯაბა დვალის სანაცვლოდ "დინამომ" "ზესტაფონს" სოლიდური თანხა ჩაურიცხა.
- რეხვიაშვილი "დინამოს" დაუბრუნდება?- არა, არ დაუბრუნდება და ამის მიზეზსაც გეტყვით. იგი ვარჯიშებზე არაკონცენტრირებული იყო. ჩემი არაერთი შენიშვნის მიუხედავად, მაინც იგივეს იმეორებდა, მხოლოდ მცირე დროით ახერხებდა თავის ხელში აყვანას და შემდეგ მაინც თავისას აგრძელებდა.
მე შემიძლია, ფეხბურთელს რაღაცაზე მივუთითო ერთხელ, ორჯერ და სამჯერ, მაგრამ არა - ათჯერ. ამდენი დრო არ მაქვს.
დემოკრატია იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ ის აკეთოს, რასაც მოისურვებს. არსებობს წესები და კანონები, რომლებსაც მწვრთნელებიც უნდა დაემორჩილონ და ფეხბურთელებიც.
- საინტერესოა, რატომ თქვით კოტოზე უარი.- ყველაფრის თავი და თავი არის მაღალი ხელფასი, რაც მისგან მოტანილ სარგებელს არ შეესაბამებოდა. მის პოზიციაზე ქუთაისის "ტორპედოდან" ელგუჯა გრიგალაშვილის დამატება გვინდა.
- ახალი ტრანსფერების შესახებ სხვა არაფერია ცნობილი?- ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ რუსთავის "მეტალურგის" წევრ მიქაბერიძეს ვაკვირდებით, თუმცა მისი სინჯებზე მოყვანა ჩემი ინიციატივა არ ყოფილა.
- მილან ბაროშის ტრანსფერზე საუბარიც არ ყოფილა?- ვერ გეტყვით, რატომ დაირხა ხმები, თითქოს ბაროშის დამატებას ვაპირებდეთ. ახლა იგი მშობლიური კლუბის, ოსტრავის "ბანიკის" ღირსებას იცავს, იქ უხელფასოდ თამაშობს და მეტიც, კლუბს ფინანსურადაც ეხმარება, სულ მალე კი, სავარაუდოდ, რომელიმე არაბულ კლუბს მიაშურებს, სადაც წლიური ხელფასი 1,5-2 მილიონი ევრო ექნება.
- არის თუ არა "დინამო" მზად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად და თუ არ არის, როდისთვის იქნება შესაძლებელი ამ მიზნისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება?- ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ჩვენი წარმატება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უდიდესი მნიშვნელობა აქვს წილისყრის შედეგებსაც და რა თქმა უნდა, ტრანსფერებსაც. თუმცა ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ასე მაგალითად, ჩემს გუნდს ორი მატჩის ჯამში მარსელის "ოლიმპიკი" დაუმარცხებია, რომლის ღირსებასაც ფრანკ რიბერი იცავდა.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...eti-gaqvth.html