- მეორე-მესამე ადგილებისთვის ვიბრძოლებთო, თქვით. ფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრები მეტ-ნაკლებად ირლანდიის, პოლონეთისა და შოტლანდიის დონის გუნდია?
- ამათი დონის გუნდი რომ ვიყოთ, მეხუთე კალათაში არ ვიქნებოდით და, ალბათ, უფრო სუსტი მეტოქეები შეგვხვდებოდა. ისე კი, საქართველომ უკვე დაამტკიცა, რომ ყველა მეტოქესთან შეუძლია თამაში და წინასწარ განწირული არ არის. ძალიან რთული მატჩები გველის - შოტლანდია, ირლანდია და პოლონეთიც მებრძოლი გუნდები არიან...
მოკლედ, ვნახოთ, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და იმედია, ამ ბრძოლაში წარმატება ჩვენ დაგვრჩება.
- ადრე ბრძანეთ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტს მაშინვე დავტოვებ, როგორც კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს დავკარგავთო... წილისყრის შემდეგაც ძალაშია თქვენი სიტყვები? წლეულს საქართველოს ნაკრებს ოთხი ოფიციალური მატჩი ელის...
- რა თქმა უნდა, ძალაშია! თუ გნებავთ, გავიმეორებ კიდეც, რომ როცა ნაკრები საფრანგეთში გამგზავრების შანსს დაკარგავს, პოსტს მაშინვე დავტოვებ. ეს კი არა, მეტსაც გეტყვით - შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც წავიდე, თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის პერსპექტივა გვექნება.
- ეს როგორ გავიგოთ?
- როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. შესაძლოა, რამდენიმე თამაში მოვიგოთ და ევროპის ჩემპიონატზე წასვლის შანსი მოგვეცეს, მაგრამ მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ და თანამდებობა დავტოვო.
- თუ ნაკრები თამაშებს მოიგებს, უკმაყოფილო ვინ დარჩება და რატომ?
- რა ვიცი, ყველაფერი ხდება...
რაღაცეებს მიედებ-მოედება
- ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ თქვა - წლეულს გასამართ ოთხ თამაშში 7 ქულის მოპოვება შეიძლებაო. ეთანხმებით მას?
- დიახ, შესაძლებელია, რომ მართლაც ავიღოთ 7 ქულა. არა მგონია, შინ ირლანდიისა და გიბრალტარის დამარცხება წარმოუდგენელი იყოს, ისევე, როგორც პოლონეთში ან შოტლანდიაში, თუ მეტის არა, ქულის მოპოვება მაინც.