არ გაგახსენდათ არავის ?
გენია იყო დუმბაძე და დინამოს დიდი ფანი
- ჩვენი “დინამო”, გიორგი ჩემო, წელს კარგ ფორმაშია შეიძლება პირველი ადგილიც გავირტყათ.
- ვერ ივარგეთ თორემ თქვენ შარშანაც კი უნდა აგეღოთ პირველი ადგილი, - ამოიხვნეშა ღმერთმა.
- შე კაი კაცი, შენ არ იყავი, ბოლო წუთებში რო გვიღალატე?
- იმ თამაშს სულაც არ დავსწრებივარ, - თვალი ამარიდა ღმერთმა.
- არ დასწრებიხარ, ჩემო ძმაო, და კინაღამ დავიღუპეთ. ღმერთი ააშენებს კოტრიკაძის ოჯახს, იმან გადაგვარჩინა.
- არ გადამრიო! – შეიცხადა ღმერთმა.
- კი, შენ ნუ მომიკვდები.
- ჩემი ბრალია, არ უნდა გამეჩინა ბურთი მრგვალი, - თავისთვის ჩაილაპარაკა მამაზეციერმა.
- ისე ლაპარაკობ, დალოცვილო, თითქოს მარტო ბურთია შენი გაჩენილი.
ღმერთმა მუდარის თვალით გადმომხედა: თუ ძმა ხარ, ამ ანგელოზთან ნუ მიჯავრდები და შენობით ნუ მელაპარაკები, თორემ მერე სულ თავზე დამაჯდებაო.
მე ხელად თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.
- ჩვენი ღმერთივით ბიჭები რას შვებიან? - მკითხა ღმერთმა.
- რომელს კითხულობთ, ბატონო?
- მესხი, ბარქაია, იამანიძე, ჩოხელი, კოტრიკაძე, კალოევი, რომელი ერთი ჩამოგითვალო, - აღარ ეყო თითები ღმერთს.
- გმადლობთ, კარგად არიან. მოგიკითხათ ყველამ. ძალიან ენატრებით, მაგრამ...
- გადაეცი ჩემგან: ცოტა ღვინის სმას მოუკლონ და საათში ოცი კილომეტრზე მეტი სიჩქარით ნუ დადიან თორემ... კიროვის ბაღის ბიჭების ბრავილი და კისრის ძარღვების ბერვა ვეღარ უშველით, - წარბი შეიკრა ღმერთმა. – მანქანა რომ კარგი იყოს, მაგენი მომასწრებდნენ მე მანქანის ყიდვას, ამ ხნის კაცი ფეხით რომ დავეთრევი? არც ღვინო მიყვარს სხვაზე ნაკლებად, მაგრამ ხომ ხედავ? – ღმერთმა ფხვნილის რძე გამოიღო მაცივრიდან და მოსვა.
- ასეა, ბაბაია. ახლა წადი და გადაეცი იმ ბიჭებს, რაც დაგაბარე!
- გადავცემ, ბატონო, მაგრამ მათ მდგომარეობაშიც უნდა შეხვიდეთ ხანდახან. ახლა რამდენიმე სათხოვარი მაქვს თქვენთან. მაღალო ღმერთო, ნუ გამაწბილებთ! დავეღრიჯე და მუხლებზე დავეცი.
- მთხოვე, შე კაცო! – გამამხნევა ღმერთმა.
- ხომ ხარ, ღმერთო, ღმერთი? – ვკითხე.
- ახლა ვარ ღმერთი, რომ გაგიჭირდა?
- ოღონდ წელს პირველი ადგილი აგვაღებინე, ღმერთო, და...
- რა ვქნა, გენაცვალე, - ჩამომართვა სიტყვა ღმერთმა. – იაკუშინი მთხოვეთ? ჩამოგიყვანეთ. მეტრეველს მეხვეწებოდით? მაგასაც შეგისრულებთ. კარგი ბიჭები გინდოდათ? ეს სიჭინავები და ხურცილავები ვისი გაჩენილი გგონიათ? ჰოდა, ცოტა თქვენც გაანძრიეთ ფეხი. ისღა მაკლია, ამ ხნის კაცი გამოვარდე მინდორში საცვლის ამარა და თქვენს მაგივრად ვითამაშო, - ანერვიულდა ღმერთი.