გორელები ავსტრიაში – რევანშის მოლოდინში
ქართული ფეხბურთის ერთგულ ქომაგს ძალიან კარგად ემახსოვრება 2007/08 წლების უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც თბილისის ‘დინამო’ პირწმინდად დამარცხდა ვენის ‘რაპიდთან’. სწორად ეს ავსტიული გუნდი გახლავთ დღევანდელი გორის ‘დილას’ მეტოქე. აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშნელოვანია. თუ ვენის ‘რაპიდი’ უკანაკნსელი სამი სეზონი ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის წევრია, ‘დილასთვის’ ეს პირველი შემთხვევა იქნება, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე (‘დინამო’ 04/05 წლების სეზონი)
ავსტრიის ბუნდესლიგაში 5 ტურია გასული და ‘რაპიდი’ მეოთხე პოზიციას უკავებს. ამ 5 ტურიდან 2 მატჩის გამორჩევა შეიძლება, რამეთუ დღევანდელი შეხვედრის მასპინძლების მეტოქეები ჯერ ‘შტურმი’, ხოლო შემდეგ ავსტრიის მოქმედი ჩემპიონი – ვენის ‘აუსტრია’ გახლავთ. თუ ‘შტურმთან’ გასვლით შეხვედრაში ‘რაპიდმა’ 2:4 იმარჯვა და თამაშის მრავალ ასპექტში დაჩაგრა მეტოქე, ‘აუსტრიასთან’ შინაურ შეხვედრაში იგრძნობოდა სტუმრების უმნიშნელო უპირატესობა, რის შედეგადაც შეხვედრა ნულოვან ფრედ დასრულდა. ევროპის ლიგის პლეი-ოფამდე ‘რაპიდმა’ ბერძნული ‘ასტერასი’ გამოთიშა ასპარეზობიდან. სტუმრად ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, ავსტრიელებმა შინ 3:1 იმარჯვეს.
ტრანსფერების მხრივ, უნდა ითქვას, რომ ასე თუ ისე ‘რაპიდმა’ შეძლო შემადგენლობის შენარჩუნება. გუნდი ძირითადი შემადგენლობის სამმა ფეხბურთელმა დატოვა. ესენი არიან მარცხენა მცველი მარკუს კაცერი (‘ადმირა’) და ორი საყრდენი ნახევარმაცველი მარკუს ჰაიკინენი (‘სტარტი’) და შტეფან კულოვიტსი (‘სანდჰაუზენი’). გუნდში მივიდა ახალი მწვრთნელი, 43 წლის ავსტრიელი სპეციალისტი ზორან ბარიშიჩი. ეს უკანასკნელი არ გამოირჩევა დიდი გამოცდილებით. აქამდე, მას ‘რაპიდის’ გარდა არსად უმუშავია; ჯერ იყო და გუნდის ინდივიდუალური მწვრთნელი იყო, შემდეგ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, 11/12 სეზონში ჩაიბარა ‘რაპიდის’ მეორე გუნდი და ამა წლის 17 აპრილიდან მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა. მისი ხელძღვანელობით გუნდმა 15 მატჩი ჩაატარა, საიდან 6 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, ხოლო 4 დათმო. ბარიშიჩის საყვარელი ტაქტიკა გახლავთ 4-3-3 (დაცვითი სტილი). ახალი მწვრთნელი, გუნდის განვითარების პერსპექტივას შემადგენლობის გაახალგაზრდობაში ხედავს. ეს ნათლად ჩანს განხორციელებული ტრანსფერებიდანაც. გუნდიდან წასული ფეხბურთელების საშუალო ასაკი შეადგენს 25,8 წელს, ხოლო ახალწვეულების – 21,8. თანოს პეტსოსი (‘ფიურტი’), მეკარე სამუელ რადლინგერი (‘ჰანოვერი’) და ცენტრალური მცველი ქრისტოფერ დიბონი (‘ზალცბურგი’) არიან ‘რაპიდის’ ის შენაძენები, რომლის გამორჩევაც შეიძლება.
საკადრო პრობლემების მხრივ ‘რაპიდში’ სერიოზული პრობლემებია. გუნდი დღევანდელ შეხვედრას, პრაქტიკულად, თავდამსხმელის გარეშე ხვდება. საქმე იმაშია, რომ გასული წლის ორი საუკეთესო ბომბარდირი – ავსტრიელი დენი ალარი და ამერიკელი ტერენს ბოიდი ტრავმირებულები არიან. ლაზარეტის სიას აგრძელებენ გუნდის ძირითადი შემადგენლობის მარჯვენა მცველი მიხაელ შიმპელსბერგერი. მას არ ჩამორჩებიან ცენტრალური ნახევარმცველი დომინიკ ვიდრა და სათადარიგო ფორვარდი დომინიკ შტარკლი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდით, ბაროშიჩი წინა ხაზზე ავსტრიელ გუიდო ბურგშტალერს დააყენებს.
გიორგი დევდარიანის მიერ 2 თვეში შეკრულმა გუნდმა სრულიად ევროპის გაოცება უკვე მოახერხა. ყველაფერი დაიწყო ‘ოლბორგთან’ თბილისის ‘ლოკომოტივის’ სტადიონზე მოპოვებული შტამბეჭდავი 3-ბურთიანი გამარჯვებით. შემდეგ იყო სტრატეგიულად სწორად ნათამაშები ნულოვანი ფრე, საპასუხო მატჩში, იმავე ‘ოლბორგთან’ ოღონდ უკვე დანიაში. ‘ოლბორგს’ მოჰყვა ხორვატიული ‘ჰაიდუკი’, რომელმაც ბევრი სცადა თუ ცოტა – ვერ მოახერხა ნუკრი რევიშვილის კარის აღება. ხორვატიაში გორელებმა ილურიძის გოლით 1:0 იმარჯვეს, ხოლო სახლში ბრწყინვალე თამაშის და სწორად ნათამაშები ფეხბურთის წყალობით შანსი არ დაუტოვეს სტუმრებს ხორვატიიდან და იმავე ანგარიშით – 1:0 მოიგეს. საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში, ირაკლი მოდებაძის გარეშე დარჩენილმა გორის ‘დილამ’ ბრწყინვალედ იასპარეზა თბილისის ‘დინამოს’ წინაამღდეგ და რომ არა მსაჯის მიერ დაშვებული შეცდომები არავინ იცის რა შედეგით დასრულდებოდა შეხვედრა.
წინა სეზონთან შედარებით გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა. გუნდიდან წავიდა ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი, საქართველოს ნაკრების წევრი – მათე ვაწაძე (‘ორჰუსი’). მათესთან ერთად კლუბი დატოვეს გიორგი კახელიშვილი, ლაშა თოთაძე (ორივე ბოლნისის ‘სიონი’), ნათან ჟუნიორი (‘სკა-ენერგია’), ლეონარდო (‘სკა-ენერგია’), ზურაბ მამალაძე (‘ბაია’). რომან ახალკაცი და გიორგი ონიანი უგუნდოდ დარჩნენ. მაგრამ, საპირისპიროდ გუნდში საკმაოდ სერიოზული ფეხბურთელები მივიდნენ. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ საქართველოს ნაკრების მეკარემ ,ნუკრი რევიშვილმა, ‘კრასნოდარიდან’ მხოლოდ იმიტომ წამოვიდა, რომ გორელებს ევროთასებზე დახმარებოდა. თბილისის ‘დინამოდან’ შეუერთდა გამოცდილი ოთარ ხიზანეიშვილი, ‘ზესტაფონიდან’ თეიმურაზ ღონღაძე, უნგრეთის ‘გიორიდან’ სამშობლოში დაბრუნდა ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი – რატი ალექსიძე. გიორგი გურული გადმოვიდა ‘ტორპედოდან’, ხოლო დავით ბოლქვაძე ‘ჩიხურადან’ გადმობარგდა. და ბოლოს, უკანაკნსელ შეხვედრაში ბრწყინვალედ მოასპარეზე 30 წლის გრიგოლ დოლიძე ქუთაისის ‘ტორპედოდან’ შეუერთდა გუნდს.
‘დილასთვის’ ერთად ერთი უსიამოვნო ამბავი არის ის, რომ დღევანდელ შეხვედრაში ტვინის შერყევის გამო ვერ დაეხმარება გუნდის კაპიტანი და მთავარი გოლეადორი ირაკლი მოდებაძე. სხვა ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია.
უეფას ეგიდით ჩატარებულ სხვედრებში ქართულ-ავსტრიულ საკლუბო დაპირისპირებებში ავსტრიელებს საგრძნობი უპირატესობა აქვთ. 9 ჩატარებული შეხვედრიდან მათ 6 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 1 დათმეს. როგორც უკვე ვახსენეთ, 2007/08 წლების სეზონში ვენის ‘რაპიდმა’ თბილისში 0:3 იმარჯვა, ხოლო შინ 5:0 დაამარცხა თბილისის ‘დინამო’. უკანასკნელად ქართულ-ავსტრიული დაპირისპირება იყო 11/12 წლების ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ ‘ზესტაფონი’ გრაცის ‘შტურმს’ შეხვდა და შინ ნათამაშები 1:1 ფრის შემდეგ, სტუმრად იმერლები მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ – 1:0.


წყარო:
http://preview.ge/?p=198