
ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე: "გურიას, როგორც" ბიზნესს არ ვუყურებ
კოვალევსკი და შუმეიკო უკვე ლანჩხუთში არიან
ინტერვიუ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან
თქვენთვის როგორც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოსული ადამიანისთვის, რა არის ფეხბურთი - ჰობი თუ ბიზნესი?
- ყოველ შემთხვევაში ბიზნესი არ არის, ლანჩხუთის ,,გურიას“ ბიზნესის კუთხით ნამდვილად არ ვუყურებ, ,,გურია“ ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასია. ჩემი უახლოესი ადამიანი, ბიძაჩემი ანზორ კილაძე (რომელიც სამწუხაროდ გარდაცვლილია), წლების განმავლობაში იყო კლუბ ,,გურიას“ პრეზიდენტი და სპონსორი. ასე რომ, ფეხბურთის მოყვარული და განსაკუთრებით კი ,,გურიას“ გულშემატკივარი ვარ ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკიდან. დღეს ყველამ იცის ლანჩხუთის ,,გურიაში“ როგორი ფინანსური სიდუხჭირეა (არ მინდა გამოვიყენო სიტყვა ,,კრიზისი“), ამიტომ ბიზნესის კუთხით ხედვა არასწორად მიმაჩნია.
თუმცა ისეთ ქვეყნებში, სადაც ბავშვთა ფეხბურთია პირველ რიგში განვითარებული, სოლიდური თანხები იდება მათ აღზრდაში, ასეთ ქვეყნებში და კლუბებში ამ ბიზნესიდან სოლიდურ შემოსავალს იღებენ. ხედავთ ალბათ, რამდენი ბრაზილიელი, სამხრეთამერიკელი და აფრიკელი ფეხბურთელი თამაშობს ევროპაში. ეს პრობლემა არა მარტო ლანჩხუთში, მთელ საქართველოშია. ამიტომ ამ ეტაპზე და ამ პირობებში გვრჩება ერთადერთი ინტერესი _ ლანჩხუთის ,,გურიამ“ დაიმკვიდროს ადგილი უმაღლეს ლიგაში, ჰქონდეს შესაბამისი სათამაშო და დასასვენებელი პირობები, სამწვრთნელო ბაზა, სტადიონები და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვა თემაზე ლაპარაკი.
_ გულახდილად გეტყვით, არა მარტო თქვენს ოპონენტებში, თანამოაზრეებშიც კი ღიმილი გამოიწვია თქვენმა განცხადებამ, რომ ,,გურიას“ ჩემპოინობამდე მიიყვანთ. რას ემყარება თქვენი ოპტიმიზმი, ვინ დგას თქვენს გვერდით ან თქვენს ზემოთ თუნდაც?
_ ვინც არ იბრძვის, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი მიზანია გავხდეთ ჩემპიონები და ამ მიზანში ისეთი არაფერია, ვინმეში ღიმილი გამოიწვიოს. ყოველ შემთხვევაში, თუ არ იბრძოლებს კლუბი, რომ ჩემპიონი გახდეს და თასი აიღოს, მაშინ რაა ჩვენი მიზანი?!
ლანჩხუთის ,,გურია“ ქართული ფეხბურთის ბრენდად მიიჩნევა. ბოლო ტურებში წარმატებული თამაშების შემდეგ, რაც ის აქტიური და წარმატებული გუნდი გახდა, ჩემს ტელეფონზე ხშირია ზარები... ერთმა ჩემმა მეგობარმა მეზობელი ქვეყნიდან გახარებულმა მითხრა, უკრაინულ საიტებზე ვკითხულობ, რომ ,,გურიას“ აძლიერებთ, წლების წინ, როცა ,,გურია“სსრკ-ს უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, საქართველოში ვიყავი სტუმრად, თქვენს სტადიონზე მინსკის ,,დინამოსთან“ თამაშს დავესწარი, ის შთაბეჭდილება დღემდე მომყვებაო...
ასე რომ, მინდა ყველამ იცოდეს, საქართველოს ჩემპიონატში ლანჩხუთის ,,გურია“, ქუთაისის ,,ტორპედო“ და თბილისის ,,დინამო,“ _ ეს არის სამი გუნდი, რომლებიც ქართული ფეხბურთის ბრენდებად მიიჩნევა და რომლებსაც, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც იცნობენ. გურია ჩემპიონი რომ გახდეს ან თასი აიღოს, არავის არ უნდა გაუკვირდეს.
_ მოდით, გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ვისაუბროთ. საყოველთაოდ ცნობილია თქვენი კონტაქტები უკრაინასთან, შემთხვევითი არა არის ის ფაქტი, რომ ,,გურიას“ მთავარი მწვრთნელი რომან პოკორა ახლახან უკრაინიდან ჩამოიყვანეთ. დიდი ილიასი არ იყოს, ჩვენ გურულებს მოგვეწონება პოკორა ან მოვეწონებით კი ჩვენ მას?
_ თანამდებობაზე მოსვლისთანავე გავაკეთე განცხადება, რომ დიდი სურვილი მქონდა ,,გურიაში“ მოგვეწვია უკრაინელი მწვრთნელი და უკრაინელი ფეხბურთელები. თანაც დასძენდით, რომ იყოს ფული კეისით, მწვრთნელებს გერმანიიდან ჩამოვიყვანდიო...
_ დიახ, ვამბობდი. მაგრამ მთავარ მწვრთნელად ბატონ რომან პოკორაზე არჩევანი გავაკეთეთ იმიტომ, რომ იგი კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს, კავკასიურ მენტალიტეტს (მუშაობდა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, მუშაობდა აზერბაიჯანში, არის უკრაინისა და აზერბაიჯანის ქვეყნების დამსახურებული მწვრთნელის ტიტულის მფლობელი), პიროვნულად შესანიშნავი ადამიანია, ფანატიკურად უყვარს საქმე, რომელსაც ემსახურება და ბოლოს, არ მოუთხოვია მაღალი ანაზღაურება. სხვათა შორის, ლობანოვსკის სკოლა აქვს გავლილი. როცა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში ჩემს მეგობრებს შევეკითხე, თუ ვის გაუწევდნენ რეკომენდაციას რომ ,,გურიას“ გამოდგომოდა, დაასახელეს ბატონი რომან პოკორა. საკონტაქტო ინფორმაციაც გამომიგზავნეს. მე მას მანამდე არ ვიცნობდი. საბოლოო გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მივიღე, რაც კონსულტაცია ქართველ ვეტერან ფეხბურთელებთან გავიარე.
_ იქნებ დააკონკრეტოთ, კიდევ რომელი ფაქტორების გათვალისწინებით შეარჩიეთ მთავარი მწვრთნელი, ამბობენ რომ მას ფეხბურთელების ფიზიკური მომზადების განსხვავებული მეთოდი და ფსიქოლოგიური მიდგომები გააჩნია ...
_ დიახ, ამასთან ერთად არის ტაქტიკოსი, უყვარს დისციპლინა. სხვათა შორის, მის შესახებ მიმოვიკითხე იმ გუნდებშიც, სადაც მას უმუშავია და ასეთი მრავლად არის.
ჩვენ მისგან შედეგს მოველით, პირველ ეტაპზე ამ ჩემპიონატში აუცილებლად ექვსეულში უნდა შევიდეთ, თუ ექვსეულში შესვლა ვერ შევძელით, მაშინ ეს მის საკონტრაქტო პირობებზე იმოქმედებს.
_ რა ვადით აქვს კონტრაქტი გაფორმებული ახალ მთავარ მწვრთნელს?
_ ჯერ გაფორმებული არ აქვს, მაგრამ ალბათ ერთწლიან კონტრაქტს გავაფორმეთ, ჯერ ექვსი თვე და მერე კიდევ ექვსი თვე, გააჩნია შედეგს...
_რაც შეეხებათ დანარჩენ მწვრთნელებს...
_ დიახ, რაც შეეხებათ დანარჩენებს, არაფერი შეცვლილა ჯერ-ჯერობით. როგორც ბატონმა რომან პოკორამ ითხოვა, ამ ეტაპზე უკრაინიდან თანაშემწე ვერ ჩამოგვყავს და ბატონი დავით მახარაძე დარჩება თანაშემწედ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მას მადლობა გადავუხადო, იმ დროს, როცა კლუბს ძალიან უჭირდა, უყოყმანოდ მიიღო ჩვენი მოწვევა და გვერდით დაგვიდგა. მწვრთნელად გვეყოლება გია ჩხაიძე, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო თავის დროზე. გუნდში კიდევ მეკარეების მწვრთნელია და საბოლოოდ მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება, რამდენს დაიტოვებს. ჩვენ მას არ ჩავერევით მწვრთნელების შერჩევაში. მთავარი მწვრთნელი უახლოეს დღეებში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
_ რამდენად აქვს გუნდს ვარჯიშის და სხვა პირობები, სად სძინავთ, ტრანსპორტი თუ ჰყავთ, ვინ შემოსა ფეხბურთელები ფორმებითა და სპორტული ჩასაცმელით...
_ გუნდი ვარჯიშობს გრიგოლეთის ბაზაზე, ეს ბაზა კომუნისტური წყობილების დროსაც და შემდეგაც იყო ცენტრალური ხელისუფლების ან ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილება. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს ბაზა გადმოცემოდა მუნიციპალიტეტს. წლების განმავლობაში ბაზა მიტოვებული იყო, ამიტომ გარკვეული სამუშაოები შევასრულეთ, რომ ფეხბურთელებს ვარჯიშის საშუალება ჰქონოდათ. ფეხბურთის განვითარებას მაშინ აქვს ფასი, როცა თავად გაგაჩნია მოსამზადებელი ბაზა. ასე რომ, ბაზის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოტანას დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდი კარგა ხანია ვარჯიშობს ზღვის პირას საკუთარ სტადიონზე. მართალია ბაზაზე ფეხბურთელებს ჯერ-ჯერობით არა აქვთ ღამის გასათევი, მაგრამ იქვე სასტუმრო გვაქვს დაქირავებული მათთვის. იკვებებიან ბაზის ტერიტორიაზე სასადილოში, რომელიც ახლახან გავარამონტეთ. ამ ეტაპზე უმაღლესი ლიგის გუნდებს შორის შესაძლოა ვერ შევედაროთ თბილისის ,,დინამოს“ და კიდევ ორ გუნდს. ის ფაქტი, რომ პირობები ნორმალურია, პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ შავი ზღვის პირას გვაქვს 5,5 ჰექტარი ტერიტორია სტადიონით. მალე ბაზაზე მეორე სტადიონი გვექნება. შესაღობი მასალები უკვე მოტანილია. ვაპირებთ, რომ საფეხბურთო კლუბს ერთი მსუბუქი ავტომანქანა გადავცეთ. რაც შეეხება ფეხბურთელების ტრანსპორტირებას, მათთვის ნაქირავები ავტობუსი გვაყავს, ვცდილობთ მოვიძიოთ სპონსორი, რომ სხვა არაერთი პრობლემა მოვაგვაროთ. რაც შეეხება სპორტულ ჩასაცმელებს და ფორმებს, შეძენაზე იზრუნა კლუბის დირექციამ.
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, კიდევ ბევრი ცვლილებაა მოსალოდნელი გუნდის შემადგენლობაში?
_ ფეხბურთის ფედერაციას აქვს გარკვეული სავალდებულო მოთხოვნები, პირველ რიგში ის, რომ უცხოეთიდან მოწვეული მხოლოდ სამი ფეხბურთელის ყოლის უფლება გაგვაჩნია, ჩვენ უკვე გვყავს არნაუ ჩუენსუ (მცველი), ანტონ კოვალევსკი (ნახევარმცველი) და ვიტალი შუმეიკო (ცენტრალური მცველი). უკრაინელები ამჟამად გუნდთან ერთად ვარჯიშობენ ,,გურიის“ ბაზაზე. თუ ამის შემდეგ გადავწყვიტავთ და ფეხბურთელს კიდევ მოვიწვევთ, ფედერაციას უნდა გადავუხადოთ 15 ათასი დოლარი. ამიტომ წლის ბოლომდე ცვლილებებს ვეღარ განვახორციელებთ. ვნახოთ ახლა ეს ფეხბურთელები როგორ გამოგვადგება. რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ტრანსფერი გაიხსნება წლის ბოლოს და მწვრთნელი ალბათ შეხედავს... ჩემი აზრით, გარკვეული ცვლილებები ალბათ მოსალოდნელი იქნება.
_ არსებობს თუ არა იმის რესურსი, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობა დაკომპლექტებული იყოს გურული ბიჭებით?
_ ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით მაგის რესურსს ვერ ვხედავ. ჩვენს ინტერესებში შედის რაც შეიძლება მეტმა ლანჩხუთელმა ითამაშოს ,,გურიაში“. შეძლებისდაგვარად ვესწრები დუბლშემადგენლობის თამაშს. ვფიქრობ, რომ იქ პერსპექტული ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ ჯერ მუშაობა სჭირდებათ, რათა ძირითად გუნდში ითამაშონ. განსაკუთრებით აღვნიშნავ გიგა ჭეიშვილს,........
_ როდის გაიხსნება ლანჩხუთის სტადიონი?
_ ამინდებმა სამწუხაროდ, ხელი არ შეგვიწყო. ამიტომ სამუშაოები ნელა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს სტადიონის მშენებლობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს სპონსორებს და ,,ატუს“ გენერალურ დირექტორს დირექტორს ბატონ კარლო ლეკვეიშვილს მადლობა გადავუხადო. ასე მადლობა მინდა გადავუხადო ადგილზე სამუშაოთა მწარმოებელს ბატონ სოსო ბოლქვაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ამ სტადიონის მშენებლობაში.
ყველამ ვიცით, რომ რაიონის ბიუჯეტი მწირია, კლუბი ჯერ-ჯერობით ბიუჯეტის ხარჯზეა და ვერ უზრუნველყოფს საჭირო თანხებს. ამიტომ ვეძებთ სპონსორს.
საერთოდ, სპონსორის მოძიება ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. პირველი ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადავდგით მაშინ, როცა ჩვენ ბაზა დავიბრუნეთ. ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო სპონსორის დასაინტერესებლად და მოსაზიდად.
_ რა ინფორმაცია შეიძლება მოგვაწოდოთ სპონსორის მოძიების თვალსაზრისით?
_ გარდა იმისა, რომ სპონსორის მოძიება მეტად დელიკატური საკითხია, თავი იჩინა გრიგოლეთის ბაზის, როგორც კლუბის ქონების იურიდიულად დაკანონების პრობლემამ. ამ დეტალებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა სპონსორს ყველა საკითხი იურიდიულად მოწესრიგებული რომ უნდა დახვდეს, ეს კამათს არ იწვევს. სპონსორის მოძიებაზე ვმუშაობთ მეც და კლუბის დირექციაც. ჩვენ უკვე ვიცით რა იურიდიული ფორმით შეიძლება გადაეცეს ბაზა სპონსორს, ვიცით რა პირობები უნდა ჩავუდოთ. პირველი პირობა საფეხბურთი კლუბზე პასუხისმგებლობაა. დანარჩენ დეტალებზე საუბრისაგან ჯერ-ჯერობით თავს შევიკავებ.
_ როგორ წარმოგიდგენიათ ,,გურიას“ გრიგოლთის ბაზის მომავალი?
_ ბაზა, როგორც გითხარით უკვე არის კლუბის საკუთრება. სპონსორის მოსვლამდე შესაძლოა, ეს მუნიციპალიტეტის ბალანსზე დარჩეს, რადგან ძალიან დიდი ქონებაა. მმართველიც და მომვლელიც დავნიშნეთ. ჩვენ სპონსორთან წამგებიან პოზიციაზე არ გავალთ არცერთ შემთხვევაში. ერთი რამ მინდა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით _ ღია გახდება ყველა ინფორმაცია სპონსორთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. კლუბის პერსპექტივა პირდაპირაა დაკავშირებული ამ ბაზასთან. ჩემი აზრით, სპონსორს უნდა გადაეცეს ეს ბაზა, გადაცემა რა ფორმით მოხდება, იჯარით თუ კერძო საკუთრებაში, ამაზე სამუშაო შეხვედრის პროცესში დავკონკრეტდებით. მოკლედ, სპონსორი, რომელიც შემოვა, ჩადებს სოლიდურ თანხას კლუბის წარმატების მისაღწევად, ბუნებრივია ექნება ინტერესები, რომლებსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.
თუკი ვინმეს ჩვენზე უკეთესი მიდგომები გააჩნია ან შეუძლია სპონსორი მოიძიოს, მე მზად ვარ მას გვერდით დავუდგე.
_ მიმდინარე ჩემპოინატის ბოლოსათვის რა მიზანი გაქვთ დასახული?
_ ჯერ დავმკვიდრდეთ პირველ ექვსეულში...
წყარო fci.ge
* * *
“ზესტაფონი” – “გურია” 1:0 (0:0)
29 სექტემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 1200 მაყურებელი
“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, გაგოშიძე, აჯურუ, ჭანტურიშვილი, ალექსანდრე გურული (ენდელაძე, 90), სამუშია (კუტალია, 63), ლომია (შარიქაძე, 63), ქობალია.
მთავარი მწვრთნელი: რატკო დოსტანიჩი
“გურია”: ბობღიაშვილი, ჩუენსუ, იობაშვილი, ჩაგელიშვილი, ჯიშკარიანი, ჯოჯუა, გაჩეჩილაძე, შენგელია (კუკულაძე, 70), კოშკაძე, შალამბერიძე, ისიანი (ტორონჯაძე, 67).
მთავარი მწვრთნელი: რომან პოკორა
გოლები: 1:0 ქობალია (87).
გაფრთხილება: სამუშია (26), იობაშვილი (30), ჩაგელიშვილი (42), ქობალია (65), თორნიკე გრიგალაშვილი (84).
არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე (გორი)
რომან პოკორა: "ასეთი მსაჯობა არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის დონეს"
მშვენიერი ამინდით და შესანიშნავი საფეხბურთო არენით დაუხვდნენ ზესტაფონელები გურულებს, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატში საგარეო მატჩებში ქულა არ ჰქონდათ მოპოვებული. სტუმრებს საკმაოდ ახლდნენ ქომაგებიც, რომლებიც ენერგიულად ამხნევებდნენ საკუთარ ფეხბურთელებს.
შეხვედრის დებიუტი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეტოქენი დიდი თავგამოდებით იბრძოდნენ მოედნის თითოეული მონაკვეთისათვის. რაიმე განსაკუთრებული ხიფათი არცერთი გუნდის კართან შექმნილა. ორჯერ სცადა დარტყმა მასპინძელთა ფორვარდმა ირაკლი ქობალიამ, მაგრამ ორივე შემთხვევაში მას მიზანმა უმტყუნა.
თამაში ისევ იმ ფორმატში გაგრძელდა როგორითაც დაიწყო – სახიფათო მომენტების გარეშე. საწყისი ნახევარი საათი ფაქტობრივად ისე მიილია, არცერთი გუნდის ფეხბურთელს სერიზულად არ შეუწუხებია მოწინააღმდეგის მეკარე. გოლკიპერის პირველი ჩართვა თამაშში, როდესაც მისი კარისკენ ბურთი წავიდა, 36-ე წუთზე იყო. გაგოშიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმამ ბობღიაშვილს ვერაფერი დააკლო. მანამდე იყო შალამბერიძის დარტყმა მასპინძელთა კარის მიმართულებით, მაგრამ არაზუსტი. ტაიმი ისე დასრულდა სახიფათო მომენტი არ შექმნილა და მეტოქეებიც უგოლოდ გავიდნენ შესვენებაზე.
მეორე ნახევარი, წვიმის ფონზე, უფრო ცოცხლად მასპინძლებმა დაიწყეს და თამაშიც მეტად გახალისდა. 48-ე წუთზე სამუშიამ ითამაშა შეტევის მარცხენა ფლანგზე კარგად, მეურვეს გაცდა და გამჭოლი გადაცემის გაკეთება დააპირა ქობალიას მისამართით, მაგრამ ბობღიაშვილმა ითამაშა ჩინებულად და ხიფათიც განიმუხტა.
მალე ზესტაფონელთა შეტევა საპირისპირო ფლანგიდან განვითარდა, სადაც ჩინებულად გაისარჯა თორნიკე გრიგალაშვილი, რომელიც მეურვის ჩამოშორების შემდეგ ბურთიანად შეიჭრა მახვილი კუთხიდან ლანჩხუთელთა საჯარიმოში. თრნიკემაც პასი გააკეთა საჯარიმოს შუაგულისაკენ, მაგრამ ბურთის კარისკენ გაგზავნა მასპინძელთა ვერცერთმა ფორვარდმა მოახერხა.
56-ე წუთზე უკვე სტუმრებმა შეაწუხეს ფეროელთა კიპერი როინ კვასხვაძე სტანდარტული სიტუაციიდან. კოშკაძის მიერ მახვილი კუთხიდან შესრულებული საჯარიმოს მოსაგერიებლად, ზესტაფონელთა კარის დარაჯს მთელი თავისი ოსტატობის გამოვლენა დაჭირდა.
პირველი რეალური საგოლე მომენტი ლანჩხუთელთა კართან შეიქმნა 62-ე წუთზე. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში ალექსანდრე გურულმა ჩააწოდა, სადაც ქობალიამ მცველების გარემოცვაში იბრძოლა და ბურთი მეტოქის კართან ეულად მდგომ სამუშიას მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლივ დაარტყა. წესით, ამ შემთხვევაში გოლი უნდა გასულიყო, რომ არა “გურიას” კარის დარაჯის მინდია ბობღიაშვილის საოცარი ნახტომი, რომლის წყალობითაც გურულები გადარჩნენ, ბურთი კი კუთხურზე გადავარდა.
მალე გურული ურტყამდა ლანჩხუთელთა საჯარიმოს შიგნიდან ვარდნაში, მაგრამ დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.
საქართველოს ორგზის ჩემპიონთა სერბმა დამრიგებელმა შეტევის გასაძლიერებლად ორმაგ შეცვლას მიმართა. ბალკანელმა ლომიას და სამუშიას ნაცვლად თავის გამოჩენის შანსი შარიქაძეს და კუტალიას მისცა. თავის მხრივ შეცვლები განახორციელა “გურიას” უკრაინელმა მწვრთნელმა რომან პოკორამაც, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ ცვლილებებმა სტუმართა თამაში რადიკალურად შეცვალა.
მასპინძლებს სახიფათო მომენტი 77-ე წუთზეც ჰქონდათ, როდესაც სტანდარტულის გათამაშების შემდეგ თედორე გრიგალაშვილი აღმოჩნდა ხელსაყრელ მდგომარეობაში, მაგრამ ზესტაფონელთა მცველმა ბურთისთვის მიმართულების შეცვლა და დარტყმა ვერ შეძლო.
ორიოდ წუთში მასპინძელთა შეცდომის წყალობით კვასხვაძესთან პირისპირ კოშკაძე აღმოჩნდა, რომელსაც ბრაზილიელი ფერეირა ფეხდაფეხ მისდევდა. ზესტაფონელთა საჯარიმოში შეჭრილი “გურიას” კაპიტანი მცველთან კონტაქტისას წაიქცა და პენალტს ითხოვდა, თუმცა მისი მოლოდინის საწინააღმდეგოდ არბიტრმა სიტუაცია სხვაგვარად განსაჯა და ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელების უფლება მისცა. ბუნებრივია, გაგნიძის ამ გადაწყვეტილებამ გურულების, როგორც ფეხბურთელების, ასევე ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.
მასპინძელთათვის სასურველი სიტუაცია 87-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც სტუმართა კარში გოლი გავიდა. ზედიზედ მეორე საშინაო მატჩია პაექრობის გმირად ირაკლი ქობალია იქცა, რომელმაც მოედნის სიღრმიდან, კუტალიასაგან კარგი გადაცემა მიიღო, ბურთიანად ირბინა და საჯარიმოში შეიჭრა, იქ მეურვე ოსტატურად ჩამოიშორა და ცაციათი ბობღიაშვილს შანსი არ დაუტოვა. გოლი ეფექტური და რაც მთავარია, გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა – 1:0.
თამაშის ბოლომდე გურულებს მიეცათ გათანაბრების შანსი, როდესაც სტანდარტულის გათამაშების შემდეგ გაჩეჩილაძეს შეეძლო ბურთისთვის მიმართულების შეცვლა, მაგრამ არეულობაში “გურიას” ნახევარმცველმა ამის გაკეთება ვერ შეძლო.
არბიტრის მიერ დამატებულ დროში კი გატანა მართებდა ლევან შარიქაძეს, რომელმაც ქობალიას აქტიურობის წყალობით ბობღიაშვილთან პირისპირ დარჩენა შეძლო, მაგრამ კიპერს ვეღარ აჯობა და ზესტაფონელები მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას დაჯერდნენ.
რომან პოკორა (“გურია”): “ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მოგეხსენებათ, მე გუნდში ახალი მოსული ვარ და ფეხბურთელების შესაძლებლობებს თანდათან ვეცნობი. ვფიქრობ, დღეს ვინც მოედანზე იყო, მათი დიდი ნაწილი ღირსია ძირითადში ყოფნის. იმედია, მომავალ ტურში უკრაინელი ლეგიონერები დაგვემატებიან და დახმარებას გაგვიწევენ. აქვე ვიტყვი, რომ ასეთი მსაჯობა არ შეესაბამება უმაღლესი ლიგის დონეს. მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა”.
რატკო დოსტანიჩი (“ზესტაფონი”): “უპირველესად, დიდი მადლობა ქომაგებს ბოლომდე მხარდაჭერისათვის. დღევანდელი გამარჯვება დიდწილად მათი დამსახურებაა. მართალია, დღეს წინა მატჩებისაგან განსხვავებით ბევრი საგოლე მომენტი ვერ შევქმენით, მაგრამ საბედნიეროდ გამარჯვება მაინც მოვახერხეთ, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება”.
* * *
საქართველო, უმაღლესი ლიგა, 7 ტურის შემდეგ
დინამო (თბილისი) 7 5 1 1 15 6 9 16
ჩიხურა (საჩხერე) 7 4 1 2 15 10 5 13
მერანი (მარტვილი) 7 4 0 3 11 11 0 12
ტორპედო (ქუთაისი) 6 3 3 0 6 3 3 12
დილა (გორი) 7 3 2 2 10 8 2 11
მეტალურგი (რუსთავი) 7 3 2 2 7 9 -2 11
გურია (ლანჩხუთი) 7 3 0 4 6 9 -3 9
ვიტ ჯორჯია (თბილისი) 6 2 2 2 7 5 2 8
სიონი (ბოლნისი) 7 2 2 3 9 9 0 8
ზესტაფონი (ზესტაფონი) 7 2 1 4 6 7 -1 7
ზუგდიდი (ზუგდიდი) 7 1 2 4 3 10 -7 5
სპარტაკი (ცხინვალი) 7 1 0 6 3 11 -8 3
შემდეგი ტური, 6 ოქტომბერს
გურია - დილა გორი
This post has been edited by guriaaa on 29 Sep 2013, 14:37