რევაზ ჩელებაძე: "ლანჩხუთის "გურია" მეორედ დაიბადა!"
"1982 წელს ევგრაფი შევარდნაძემ მითხრა - ლანჩხუთის "გურია" რომ გავარდეს, მე მოვკვდები და ჩემი სიკვდილი შენი ბრალი იქნებაო!"


გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს,, ქობულეთის შუქურას, ბათუმის დინამოს, თბილისის დინამოს, ლანჩხუთის გურიასა და სსრკ-ს ნაკრების თავდამსხმელს, სსრკ-ს ჩემპიონს, თასის ორგზის მფლობელს, მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს რევაზ ჩელებაძეს 58 წელი შეუსრულდა. ლანჩხუთის "გურიას" პრესსამსახურმა მასთან ინტერვიუ მისივე სახელობის სტადიონზე ჩაწერა.ინტერვიუ შედგა 6 ოქტომბერს, ლანჩხუთის "გურიასა" და გორის "დილას" მატჩის დასრულების შემდეგ.
- აი, ხომ ხედავთ, ლანჩხუთში ფეხბურთი ხელმეორედ დაიბადა, ვიცი, რომ ფინანსური პრობლემები აქვთ, თანაც სტადიონი ჯერ არ დამთავრებულა... ჩვენ ძველთაგან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, რამ გაყო ლანჩხუთი და ქობულეთი? მითუმეტეს, როცა საკითხი ფეხბურთს ეხება. იშვიათია ისეთი გამგებელი, როგორიც თქვენ გყავთ, ამასთან ერთად არსებობს კიდევ ერთი კაცი - თემურ ჩხაიძე, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. მე და თემურს ორმოცწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს, ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, გარდა სიყვარულის, ძმობისა და მოფარებისა, ჩვენს შორის სხვა რამ არასოდეს ყოფილა..."ჩელე არენა" ჩემი სახელობის სტადიონია, აქაურობა შვილივით მიყვარს, "დინამო" თბილისთან მატჩის შემდეგ, ლანჩხუთელებმა აქ ამბავი დაათენეს!...
- იმ დღეს გულშემატკივართა უარყოფითი მუხტი ხომ მსაჯების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია...
- თუ მოგებულ თამაშზე "გურიას" გულშემატკივრები ასეთ მუხტს გამოხატავენ, რომ წააგონ, რაღა გვეშველება?! ეს ისე, ხუმრობით! სინამდვილში ვთვლი, რომ გულშემატკივარი დიდი ძალაა და არა მხოლოდ ერთი გუნდისთვის. "გურია" ასე თავგამოდებით რომ თამაშობს და თითქმის ყველა თამაში რომ მოიგო "შინ" ქობულთში, ეს ხომ გულშემატკივრების დამსახურებაა. ფეხბურთელების დამსახურებას კი არ ვაკნინებ, მაგრამ აქ გულშემატკივრების როლი ძალიან დიდია. მეც ხომ ფეხბურთელი ვიყავი და ჩემს უკან ხომ გულშემატკივარი იდგა, მე მათი გულისთვის მეტის მიღწევას ვცდილობდი.
- რას ფიქრობთ, უკვე შეიძლება თუ არა ვისაუბროთ გურიას მიღწევებზე?
- გაოცებული, გახარებული და სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ, მათი თამაშიდან გამომდინარე. საქართველოს პირობებში, დიდი გუნდები "დინამო", "მეტალურგი", "დილა" რა თანხებს ხარჯავენ, რას არ აკეთებენ და "გურიამ" სამივე გააცამტვერა! სამივე გუნდს მოუგო, რომ იტყვიან "ჟილკით"! ამ თამაშებში ჩადეს ფეხბურთელებმა ყველაფერი და მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ვულოცავ მთელ ლანჩხუთს, რომ ფეხბურთი გაცოცხლდა. თუკი გვერდით დგომა იქნება, თქვენთან ფეხბურთი ისევ აღზევდება.
- არაერთი სკეპტიკოსი გამოუჩნდა ახალი მწვრთნელის, რომან პოკორას უკრაინიდან მოწვევას და განცხადებას, რომ "გურია" პირველ ექვსეულში დაიმკვიდრებს ადგილს, სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს შეფასებას...
- ჩვენ გვჭირდება სერიოზული პროფესიონალები. დავით მახარაძეს მე დიდ პატივს ვცემ, კარგი მწვრთნელია, სერიოზული შედეგიც დადო თავის დროზე, რამდენადაც ვიცი, პოკორა და მახარაძე ერთად იმუშავებენ. საერთოდ, უკრაინელებს აქვთ ძალიან, ძალიან სერიოზული ფიზმომზადება და თუ ფეხბურთელი ტექნიკურია, თუ ფეხბურთელი ჭკვიანია და ქართველებს გვაქვს ეს მადლი, ძლიერი ფიზმომზადების გარეშე, შედეგი შეუძლებელია. პოკორას მოსვლის შემდეგ, გუნდს უკვე მოძრაობაზე ეტყობა ახალი ხელწერა. შესაძლოა, ლანჩხუთში არ არიან მოკაშკაშე ვარსკვლავები, მაგრამ "გურიას" ფეხბურთელების ფიზიკურმა გააქტიურებამ "დილასთან", თამაში დაძაბული და საინტერესო გახადა, მეტიც, ჩანს, რომ "გურია" სერიოზული გუნდი არის!
- თქვენ ხომ ბევრი თბილი მოგონება გაკავშირებთ ლანჩხუთთან...
- ლანჩხუთში მე მაქვს საოცარი ნახევარი წელიწადი გატარებული. ფეხბურთს თავი დავანებე და ბატონმა ევგრაფი შევარდნაძემ მოინდომა ჩემი ხილვა ლანჩხუთის "გურიაში". იყო ასეთი პიროვნება, ბრწყინვალე ადამიანი ჟანგირ მშვიდობაძე, ჩემი ბიძების მეგობარი. ჩამომაკითხა ქობულეთში და რომ იტყვიან, მომიტაცა. შემახვედრა ბატონ ევგრაფი შევარდნაძეს, რომლის სიტყვები დღესაც მახსოვს: "ლანჩხუთის "გურია" რომ გავარდეს, მე მოვკვდები და ჩემი სიკვდილი შენი ბრალი იქნებაო!"
მაშინ გუნდს 26 თამაშში 17 ქულა ჰქონდა. სამაგიეროდ, პირველივე რვა თამაშში ექვსი ქულა მიემატა. ეს იყო 1982 წლის მეორე ნახევარი. ისე, პირველივე ტურის შემდეგ გამაგდეს თამაშიდან, სმოლენსკში მსაჯი ვცემე და სამუდამო დისკვალიფიკაცია მომცეს... მურთაზ ხურცილავამ მოახერხა და მაშინდელ საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა, მომიხსნეს დისკვალიფიკაცია. ამის შემდეგ ბოლო ოთხი ტური ვითამაშე და ვთვლი, რომ ძალიან დიდი წვლილი შევიტანე, რომ "გურია" პირველ ლიგაში დაგვეტოვებინა.
This post has been edited by guriaaa on 8 Oct 2013, 19:15