
პირველ ტაიმში "გურია" დიდ უპირატესობას არ ფლობდა. თამაშის ტემპიც არ იყო მაღალი, მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, იყო დაძაბული ფონი და ინტრიგა - ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად იყო გასული.
პირველ 45 წუთში "მერანს" ერთი სახიფათო მომენტიც არ შეუქმნია. მართალია, ბურთს მასპინძელი აკონტროლებდა, მაგრამ საჯარიმოსთან მიახლოება და კარისკენ დარტყმა უჭირდა. ეს, რასაკვირველია, სტუმართა მცველების დამსახურებაც იყო - ისინი მეტოქის შემტევებს სივრცეს უზღუდავდნენ.
არც გურულები მიდიოდნენ წინ თავქუდმოგლეჯილები. საწყის წუთებში ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ვიხილეთ - ქარქუზაშვილის შეცდომის შედეგად, ბურთი ისიანს მიუვიდა, მაგრამ მისი დარტყმული შეროზიამ გააუვნებელყო.
37-ე წუთზე კოშკაძის ინდივიდუალური ოსტატობა გოლით დაგვირგვინდა - მარცხენა ფლანგზე რამდენიმე მცველს გასცდა და თითქოს ჩაწოდებას აპირებდა, თუმცა დაინახა კარიდან გამოსული შეროზია და ბურთი თავზე გადაუგდო - 0:1.
შესვენების შემდეგ მოედანზე სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა. მასპინძლები დაბნეულები ჩანდნენ, რასაც იმავე კოშკაძის კიდევ ერთი გოლი მოჰყვა - "დინამოს" ექსკაპიტანმა მცველების უხეირო თამაშით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა თავისიანების უპირატესობა ორამდე გაზარდა. სხვათა შორის, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო მიმდინარე სეზონში.
ცოტა ხანში მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ინერტული ბაბუნაშვილის ნაცვლად, მოედანზე კვანტალიანი შეუშვა. ამ უკანასკნელს რამდენიმე წუთში შეეძლო სხვაობის შემცირება, თუმცა მეკარესთან მარტო დარჩენილმა მიზანს მცირე მანძილით ააცილა.
"მერანმა" მაინც გაიტანა - მელიავას დიაგონალური გადაცემის შემდეგ კუჭუხიძე დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა - 1:2. მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად დრო საკმარისად ჰქონდათ, თუმცა გადაცემებში ხშირად სცოდავდნენ...
და მაინც, გაბუნიას გადაცემას თავით მიმართულება შეუცვალა შულაიამ, თუმცა ბობღიაშვილმა საუცხოოდ ითამაშა. შანსი გურულებსაც ჰქონდათ - შენგელიას უძლიერესი დარტყმა შეროზიამ უკუაგდო.
თამაშის ბოლოსკენ რეალური მომენტები აღარ ყოფილა. გურულები ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდნენ, "მერანს" კი მეტისთვის ძალები აღარ ჰყოფნიდა.
ლელო
* * *
კოშკა - ლელოს სიმბოლურში

2013-14 სეზონი
გურულები ლელოს სიმბოლურებში
ტურების მიხედვით
1 -
2 - ჩუენსუ
3 -
4 - ბობღიაშვილი, ჩუენსუ, ჩიკვილაძე, შენგელია, ისიანი და მთ. მწრთნელი დავით მახარაძე
5 -
6 - ჩიკვილაძე, იობაშვილი, შენგელია, გაჩეჩილაძე, შალამბერიძე და მთ. მწრთნელი დავით მახარაძე
7 -
8 - ბობღიაშვილი, იობაშვილი, ჯიშკარიანი, შალამბერიძე და მთ. მწრთნელი რომან პოკორა
9 - ჩუენსუ, შალამბერიძე
10 -
11 - ჩუენსუ, შალამბერიძე
12 - ჩიკვილაძე
13 - კოშკაძე
"გურია" ლიცენზიისა და სტადიონის მოლოდინში
ლანჩხუთის "გურიას" წლევანდელი გამოსვლა ნამდვილი სენსაციაა - ფინანსური პრობლემების მიუხედავად, გუნდი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს. 13 ტურის შემდეგ, 8 გამარჯვებითა და 24 ქულით გუნდი მე-3 ადგილზე მყარად დამკვიდრდა. ბოლო ტურის შემდეგ, როცა თბილისის "დინამომ" შინ გორის "დილასთან" ქულა გაიყო, სწორედ "გურია" დარჩა უმაღლესი ლიგის იმ ერთადერთ გუნდად, რომელსაც საშინაო შეხვედრაში დღემდე ქულა არ დაუკარგავს.
და ეს იმ დროს, როცა "გურიას", დღემდე, ლანჩხუთში ერთი შეხვედრაც არ გაუმართავს და ბიუჯეტიდან თანხა, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. გუნდი მოედანზე ისეთი შემართული გადის, თითქოს, ფეხბურთელებს პრობლემები არ აწუხებდეთ. არადა, სეზონის დაწყების შემდეგ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ "გურიას" ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ ერთხელ დაეხმარა, ოღონდ, იმ თანხით, რაც მხოლოდ დავალიანების ნაწილის დასაფარად იყო საკმარისი...
როგორც ლანჩხუთელთა ერთ-ერთმა მენეჯერმა ედიშერ ჟორდანიამ გვითხრა, კლუბი ლიცენზირებისთვის საბუთებს ამზადებს, პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და იმედი აქვთ, რომ "გურია" უმაღლესი ლიგის ერთადერთი არალიცენზირებული კლუბი აღარ იქნება.
იყო დაპირება, რომ ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონს ოქტომბრის ბოლოს მოაწესრიგებდნენ. მაგრამ გასახდელების, საშხაპეების, მსაჯთა და დელეგატთა ოთახებისა და ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია გაიწელა. როგორც ჩანს, გურულები ლანჩხუთში მეტოქეებს საგაზაფხულო ეტაპზე, ან საშემოდგომო ეტაპის ბოლო შეხვედრებში თუ მიიღებენ.
დღევანდელი "გურია" იმის მაგალითია, თუ როგორ შეიძლება, ფაქტობრივად, არაფრისგან გუნდის შექმნა, რომელსაც არც ერთი მეტოქის არ ეშინია. თანაც ეს შედეგი, ყოველგვარი რებრენდინგის გარეშე, გულიანი და თავდადებული თამაშის ხარჯზე მოხერხდა.
ლელო