
გუშინდელი ღამე: გურიას გაფიცული ფეხბურთელები ისევ თბილისში არიან....
ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე კი ირწმუნება რო პრობლემა გადაიჭრება ....
- ყველაფერი კარგად იქნება! გავაკეთეთ საგარანტიო წერილები გამგეობისა და საკრებულოს სახელით, რომელსაც კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელებს გადასცემენ.
- რას სთავაზობთ ამ წერილებით ფეხბურთელებს?
- დავალიანებას სრულად გავუსტუმრებთ 15 იანვრამდე. უკვე გამოძებნილია თანხა და ამის პრობლემა არ იქნება.
- საერთო ჯამში რა თანხაზეა საუბარი?
- 160 ათას ლარზე, რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაისტუმრებს ფეხბურთელთა სახელფასო დავალიანებას, სოციალური გადასახადის ჩათვლით.
- არცთუ ისე დიდი თანხაა...
- დამერწმუნეთ, რომ ბევრ უმაღლესლიგელს ამაზე მეტი დავალიანება ექნება. ჩვენ პრემიალურს შეძლებისდაგვარად ვაძლევთ ფეხბურთელებს. გვაქვს დარჩენილიც და ვეცდებით, ამ თვეში გავისტუმროთ.
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინელმა რომან პოკორა "გურიიდან" მიდის...
- არასწორი ინფორმაციაა. ამ თვეს დავასრულებთ და მერე ცვლილებები, ალბათ, იქნება, თუმცა პოკორას წასვლაზე ლაპარაკი არ არის.
დაზუსტებული ინფორმაციით, პოკორა უკრაინაში გაფრინდა და თუ გურია თბილისის დინამოსთან 4 დეკემბერს თამაშზე გავიდა მას დავით მახარაძე გაუძღვება
* * *
დღეს
"გურიას" 10 დღიანი ვადა მიეცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ლანჩხუთის “გურიას” ხელმძღვანელობას ფეხბურთელების დავალიანების გასასტუმრებლად 10-დღიანი ვადა მისცა.
“გურიას” ფეხბურთელებმა ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართეს და მათი უფლებების დაცვა სთხოვეს. წერილში ნათქვამია, რომ კლუბს მოთამაშეების მიმართ დიდი ვალი დაუგროვდა და 4-5 თვე ხელფასი არ მიუღიათ. ვითარების არგამოსწორების შემთხვევაში ლანჩხუთელი ფეხბურთელები თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და გაფიცვას აპირებენ. კონკრეტულად, ისინი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის თამაშზე არ გავლენ.
სამშაბათს, აღმასკომის სხდომაზე ძირითადი სამსჯელო სწორედ ეს საკითხი იყო. შედეგად, აღმასკომის წევრებმა შეიმუშავეს წერილი, რომელსაც “გურიას” ხელმძღვანელობას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და რაიონის გამგებელს გაუგზავნიან. წერილში ნათქვამია, რომ კლუბს ვალის გასასტუმრებლად 10-დღიანი ვადა ეძლევა, წინაარმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება სანქციები და საქმე შესაძლოა იქამდეც მივიდეს, რომ “გურია” გათამაშებიდან მოხსნან.
აღმასკომის სხდომის მერე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ განაცხადა, რომ ფიფა-უეფას კანონმდებლობა მის ორგანიზაციას ფეხბურთელების უფლებების დაცვას ავალდებულებს. სიჭინავას თქმით, ძალიან საწყენია, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ გუნდში მსგავსი ვითარებაა შექმნილი. მან ხაზი გაუსვა, რომ “გურიას” მიმართ სიტყვა “თუ” არ უნდა არსებობდეს.