
ლანჩხუთის "გურიაში" არსებული ფინანსური კრიზისის გახმაურებას მოჰყვა სხვადასხვა ციფრის დასახელება - მაინც რამდენი ლარი გამოუყვეს კლუბს?
"გურიას" მმართველების მიერ დამფუძნებლის, ადგილობრივი საკრებულოს მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ თუ პირველ ლიგაში მყოფ გუნდს უმაღლესში გადასასვლელად 1.3 მილიონი გამოუყავით, ახლა 1.7 მილიონის მოთხოვნა არ უნდა გაგიკვირდეთო. თანაც, ამ თანხაში 400-ათასიან საბანკო დავალიანებასაც გულისხმობდნენ.
მაშინ საკრებულოს პასუხი იყო - ასეთი თანხა "გურიასთვის" არასდროს გადაუციათო, ხოლო ძველმა დირექტორატმა დააკონკრეტა, რომ უმაღლეს ლიგაში გადასვლა ადგილობრივ ბიუჯეტს 700 ათას ლარამდე დაუჯდა.
ამ დღეებში კი სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა "გურიას" პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ კლუბს ფედერაციამ (ალბათ, ბიუჯეტს გულისხმობდა, რადგან ფედერაცია კლუბს ფინანსურად არ დახმარებია ) მილიონ ლარზე მეტი გამოუყო და თანხა არასწორად გადანაწილდა.
რა ხდება სინამდვილეში? მარჩიელობას ბოლო მოუღო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის პრესსამსახურმა, რომელმაც საფინანსო სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, თვეების მიხედვით გამოაქვეყნა მიღებული თანხა: თებერვალი - 2 980 ლარი; მარტი - 135 813 ლარი; აპრილი - 127 337 ლარი; მაისი - 111 454 ლარი; ივნისი - 22 416 ლარი; ივლისი - 17 798 ლარი; აგვისტო - 111 384 ლარი; სექტემბერი - 18 300 ლარი; ნოემბერი - 85 000 ლარი.
მიმდინარე წლის განმავლობაში სულ მიღებულია 632 ათასი ლარი, რომელშიც შედის წინა სეზონის მეორე ნაწილი (ანუ 2013 წლის პირველი ნახევარი) და გამოდის, რომ "გურიას" ამ სეზონისთვის დაახლოებით 180 ათასი ლარი აქვს ბიუჯეტიდან გამოყოფილი, რაც სხვადასხვა საჭიროებისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა. ამიტომაც არსებობს სახელფასო დავალიანება.
გარკვეული თანხა კლუბს დირექტორმა, კობა მირზაშვილმა პირადად მოახმარა, თუმცა ერთი კაცი უმაღლესი ლიგის კლუბს ვერ შეინახავს.
რაც შეეხება გასულ სეზონს, როცა კლუბი პირველ ლიგაში იყო, ელიტაში დაწინაურება ბიუჯეტს 650 ათასი ლარი დაუჯდა. ასევე, მოგვიანებით გასტუმრებულ იქნა ნარჩენი დავალიანება - 60 ათასი ლარი.
გამოდის, რომ გასულ და მიმდინარე სეზონებში "გურიას" ჯამურადაც კი არ აქვს მიღებული მილიონი ლარი - ლაპარაკია 880 ათას ლარზე. აქედან 350 ათასი მუნიციპალიტეტს სესხად აქვს აღებული, რასაც ორი წლის წინანდელი სასესხო დავალიანებაც (150 ათასი ლარი) ემატება.
როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა ურუშაძემ "ლელოს" ამას წინათ უთხრა, ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება, დეკემბრის ჩათვლით, 160 ათასი ლარის ფარგლებშია.
ასევე, კლუბს ერიცხება ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და პერსონალის სახელფასო დავალიანებაც.
კობა მირზაშვილი ("გურიას" დირექტორი):
"კლუბში ფინანსური პრობლემებია. მხოლოდ პრემიები დავარიგეთ, ხელფასი კი არ გაგვიცია. გუნდის შენახვაში ჩემი და მეხმარება. რაიონის გამგებელიც გვერდში გვიდგას. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ "გურია" არ დაიშალოს, მაგრამ დღეისთვის მძიმე ვითარებაა. რომ არა ბიჭების მონდომება, ეს შედეგი არ გვექნებოდა. ამ წელს ჩავამთავრებთ, ხელფასებს კი იანვარში გავისტუმრებთ, რაშიც მუნიციპალიტეტი დაგვეხმარება. ლანჩხუთის "გურიას" "პრივატბანკისა" და "პროგრესბანკის" 400 ათასი ლარი მართებს. ეს ვალი კლუბმა პირველ ლიგაში ასპარეზობისას აიღო".
ერეკლე კილაძე ("გურიას" ნახევარმცველი):
"მინდა მადლობა გადავუხადო "გურიას" დირექტორის, კობა მირზაშვილის დას, ქალბატონ მარინა თოთლაძეს, რომელიც ფინანსურად დაგვეხმარა. გუნდისა და ერთმანეთის დიდი სიყვარულით დავთანხმდით თამაშზე. რადგან დღეს მოედანზე გავედით, ამ წელსაც ჩავამთავრებთ".