ბორის ჭყონია: ახალი სპონსორები "გურიას" ევროთასებზე გაიყვანენ
სუფსელმა ბიზნესმენმა ბორის ჭყონიამ შესაძლოა ლანჩხუთის გამგებლის თანამდებობაზე ზაზა ურუშაძე შეცვალოს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს მალე ახალი გამგებელი ეყოლება. ზაზა ურუშაძე, რომელიც ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას ასრულებს, "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არსებობს და არსად წასვლასაც არ აპირებს. თუმცა, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ურუშაძის შეცვლა გარდაუვალია. უფრო მეტიც, არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლად ბორის ჭყონია დაინიშნება, რომელიც წარმოშობით სუფსიდანაა. თავად ჭყონია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი საუბარი არის, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია:
- იყო ასეთი საუბარი. დიახ, განიხილება ჩემი კანდიდატურა
- ვისთან იყო ეს საუბარი, უშუალოდ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თქვენ ლანჩხუთის გამგებელი უნდა გახდეთ?
- მოსახლეობის მოთხოვნაც იყო ეს.
- პირადად თქვენ ვისთან გქონდათ საუბარი?
- გინდა თუ არა, თქვენ უნდა იყოთ გამგებელიო, ასეთი საუბარი არავისთან მქონია. წარმოუდგენელია, ეს ვინმეს ასე გადაეწყვიტა, როცა ამ წუთას გამგებელი ადგილზეა.
- ბატონო ბორის, უშუალოდ ხელისუფლებისგან თუ გქონდათ შემოთავაზება, რომ დაბრუნდეთ ლანჩხუთში და გამგებელი გახდეთ?
- ხელისუფლებისაგან არა. ეს მოსახლეობისგან იყო და კულუარებშიც იყო ამაზე საუბარი. მე ჯერ არც თანხმობა განმიცხადებია და არც ვიცი, რა იქნება მომავალში.
- თუმცა ბოლო დროს მედიაში გამოჩნდით, როგორც ლანჩხუთის გულშემატკივარი...
- დიახ. ეს არის კულტურული და სოციალური დახმარებები. ჩემი მეგობრების დახმარებით, ნამდვილად ვაპირებ პროექტების განხორციელებას.
- რატომ ახლა?
- ეს ახლა გადაწყდა, კეთილი ფორმით, კეთილი ზრახვებით, ეს არის სიყვარულის გამოხატვა ლანჩხუთისა და ლანჩხუთელების მიმართ.
- როდის შეიძლება გიხილოთ ლანჩხუთის გამგებლად?
- ეს არავინ იცის.
- ამ ეტაპზე ლანჩხუთის მეგობრის სტატუსით აპირებთ მოღვაწეობას?
- დიახ, მხოლოდ ეს არის.
- თქვენი და თქვენი მეგობრების დახმარება რამდენად აისახება საფეხბურთო კლუბ "გურიაზე", რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს?
- ძალიან კარგად. უკვე მოლაპარაკება მიმდინარეობს სპონსორებთან. მოგეხსენებათ, რომ ლანჩხუთის "გურია" ლანჩხუთის უსაყვარლესი გუნდია, მაგრამ ეს ლანჩხუთელების კეთილდღეობის ხარჯზე არ უნდა აისახოს. ამიტომ სპონსორები დებენ პირობას, რომ თავიანთ თავზე აიღებენ გუნდის ყველა ხარჯის გასტუმრებას. ლანჩხუთის ბიუჯეტში მოხდება თანხის შეტანა და არა პირიქით, ბიუჯეტიდან გადაქაჩვა გუნდისთვის. ამბობენ, რომ ძალიან უჭირს დღეს ლანჩხუთის ბიუჯეტს და ეს სავალალო სიტუაციაა. არ შეიძლება, ასეთი რამე მოხდეს. სპონსორები გვპირდებიან, რომ ამას ააცილებენ ლანჩხუთის მოსახლეობას და გუნდს გაიყვანენ უეფაზე.
- იცნობთ სპონსორებს?
- კი, როგორ არა, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ დასახელებისგან.
გურია ნიუსი
ისე სჯობს ჯერ გადახტეთ და ჰოპ, მერე დაიძახოთ
This post has been edited by guriaaa on 24 Dec 2013, 19:37