ლანჩხუთის "გურიას" N11
გურულთა ქართლელი ლეგიონერი

ზუსტად ერთ კვირაში, ლანჩხუთის "გურიას" ყველაზე ცნობილი ქართლელი ლეგიონერი 81 წლის გახდება. გორელი ნოშრე ნარიაშვილი ,,გურიაში’’ 24 წლის ასაკში მოვიდა. ჩუმი, უთქმელი, თავისი საქმის ერთგული უცებ შემოიჭრა ლანჩხუთელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, და მალევე გახდა რაიონის საყვარელი ფეხბურთელი. გორიდან ლანჩხუთში გადმოსვლაში ნოშრეს რა თქმა უნდა ხელი შეუწყო ევგრაფი შევარდნაძის ფანატიკურმა სიყვარულმა ფეხბურთისადმი. ევგრაფიმ შვილივით მიიღო ნოშრე და მანაც გაამართლა იმედები, როგორც ფეხბურთით, ისე ადამიანური თვისებებით. ნოშრე ,,გურიას’’ ლიდერი გახდა და ყველა თამაშს სტაბილურად და მაღალი შედეგიანობით ატარებდა. მისი თამაშიდან გამოთიშვა ძალიან ძნელი იყო. შეეძლო სხვადასხვა პოზიციაზე თამაში (მარჯვენა, მარცხენა და ცენტრალურ თავდამსხმელად).
ნოშრევან ნარიაშვილი დაიბადა გორში 1934 წელს. დაამთავრა თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლა. ითვლებოდა ერთ-ერთ დიდი მომავლის ფეხბურთელად. იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სადაც თამაშობდნენ მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, შალვა კაკაბაძე (კაპიტანი), დანტეს ჯეჯელავა, ალიოშა ჩიჩუა...ნოშრე ძალიან უყვარდა ევგრაფი შევარდნაძეს. ერთ დღეს მისცა ხელფასი, რომელიც იმავე დღეს ძმაკაცებში დახარჯა... მეორე დღეს შევიდა ევგრაფისთან კაბინეტში ყურებჩამოყრილი, მოწყენილი, რა გჭირსო, შეეკითხა ამბროსევიჩი, გუშინ რომ ფული მომეცი დავხარჯეო, უპასუხია ნოშრემ, მერე ამიზა ხარ მოწყენილი? რა თქმა უნდა, ისევ მისცა ფული ევგრაფიმ ( თუმცა ამას მარტო ნოშრეს არ უკეთებდა)”
ილია დათუნაშვილის სახელობის პრიზის გათამაშება ტარდებოდა ლანჩხუთში, სადაც ბევრი გუნდი მონაწილეობდა. ადგილზეც შეიქმნა გუნდი, რომელსაც დაერქვა ,,კოსმოსი’’. გაიმარჯვა ,,კოსმოსმა’’. ამას მოჰყვა დიდი, 100 კაციანი პურ-მარილი ნოშრესთან. დილით ადრე მოვიდა თვით ილია დათუნაშვილი და მოიტანა 10კგ. ყველი, არადა ყველიც ნაყიდია და სხვა დანარჩენი, ა, ქსენია, აი ყველი ხაჭაპურისაა, იმისთანა გააკეთე, რომ არ თქვან ყველი ხაჭაპურში გაიპარაო...”

ნოშრეს ჰყავს შესანიშნავი ოჯახი, რომელსაც უძღვება უსაყვარლესი ქალბატონი ქსენია, რომლის ღვაწლი უდიდესია ყველა იმ მოწვეული ფეხბურთელების მიმართ, რომლებსაც წლების მანძილზე უთამაშიათ ლანჩხუთის ,,გურიაში’’. ქსენია მათ დედასავით დასტრიალებდა თავს და ყურადღებას და მზრუნველობას არ აკლებდა. ქალბატონი ქსენია იყო ალბათ პირველი ქალი, რომელიც სტადიონზე, ფეხბურთის საგულშემატკივროდ მივიდა. უნდა გენახათ მის ირგვლივ როგორ მოწიწებით იქცეოდნენ გულშემატკივრები და აბა ვინმეს წამოცდენოდა რაიმე ცუდი სიტყვა.
ნოშრე ფეხბურთთან ერთად გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობით. ნადირობით გატაცებაში ხელი შეუწყო გრიშა წერეთლის (ბაშკირა) ოჯახმა. ის და მისი მეუღლე შვილივით მიიღეს და სულსაც არ იშურებდნენ ნოშრეს ოჯახისათვის. გრიშა თავგადაკლული მონადირე იყო, მან შეასწავლა და შეაყვარა სანადირო ადგილები. მოსწავლემ მასწავლებელს აჯობა. ნოშრეს და ლეო გორდელაძის ირგვლივ შეიკრიბა მთელი თაობა მონადირეების და მეთევზეების, რომლებიც მთელ თავისუფალ დროს ბუნებაში ატარებდნენ: ნოდარ იმნაძე ტუკა წილოსანი, რეზო იმნაიშვილი, შაკო იმნაძე, ხუტუნა ჭყონია, შოთა წილოსანი...
ნოშრეს ოჯახში აღიზარდა ,,გურიას’’ ფეხბურთელთა მთელი პლეადა. თქვენ წარმოიდგინეთ, მატჩების კომისრები, მსაჯები, სტუმრები, როცა ჩამოდიოდნენ, ყველას ნოშრეს ოჯახი მასპინძლობდა. და ყველაზე მთავარი რა იყო იცით? ეს ყველაფერი ნოშრეს მეუღლის, ქალბატონ ქსენიას დამსახურება იყო. ჩვენ, ყველა მომსწრე ვართ იმისა, რომ დღეში სამჯერ და ოთხჯერ იშლებოდა ოჯახში პურ-მარილი. ერთი წარბის შეხრას ვერ ნახავდით მის სახეზე. ყოველთვის მზად იყო ბიჭებისათვის ბოლომდე ემსახურა.
„მამა გარდაეცვალა ნოშრეს, წავედით გასვენებაში. ნოშრეს ძმა ჰყავდა. როდესაც მიცვალებულს წრე დავარტყით, ზური გვარჯალაძემ უჩურჩულა ნოშრეს: შენ რა გატირებს, შენმა ძმამ იტიროს, შენი მამა აგერ მოდისო. ბატონ ევგრაფს გულისხმობდა. გულშემატკივრები ხშირად იხსენებენ, თუ როგორ გაჰქონდა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მეტოქის კარში ილია დათუნაშვილს, ვალერი ლობანოვსკის... მათზე ადრე, ასეთი გოლები გაჰქონდა ნოშრეს, ერთი კია არა, უამრავი.”

„თბილისში ვართ რესტორანში, დაახლოებით 30 კაცი. ჩვენი რაიონის კოლორიტი იოსებ ჩიჩუაც ჩვენთანაა. მას უყვარდა სიმღერა ,,ახ ტრაქტორო, მე შენს გამჩენს’’, მოგეხსენებათ სტალინზეა ეს სიმღერა. კორნელი კუკულაძე მივიდა დამკვრელებთან, მისცა ფული და სთხოვა იმღერეთო, არ იმღერეს. მივედით და ვუთხარით ლანჩხუთის ,,გურია’’ გაგიგიათ-თქო, კიო, ნოშრე ნარიაშვილი, კიო, მაშინ ,,პატარა გორი დიდია’’ დაუკარით მეთქი. დაუკრეს, გადაირია სიხარულით იოსები.
„გორში გვქონდა თამაში გორის გუნდთან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მასპინძლებთან. მატჩის შემდეგაც გრძელდებოდა ჩვენი მეგობრობა. ლანჩხუთელების სიძემ, დუშუ შუღლიაშვილმა, მთელი გუნდი დაპატიჟა რესტორანში. ,,ინტურისტი’’ იყო მაღალი კლასის რესტორანი, 50 კაცი ვიყავით, გადავსებულია რესტორანი, მიდის ქეიფი. მოლხენა, შევთვერით, შეთვრა ნოშრე და ამღერდა:
,,პატარა გორი დიდია
ვით ორი ბუდე გაშლილი,
იქ დაიბადა სტალინი და
ნოშრე ნარიაშვილი’’.
დამთავრდა სიმღერა და მეორე მაგიდიდან წამოდგა ერთი მოქეიფე, მოვიდა ჩვენთან და იკითხა, რომელმა იმღერა ეს სიმღერაო, ნოშრეს გაუხარდა, იფიქრა მოეწონაო და წამოდგა, მე ბატონოო, ,,მე, კი ვიცი, რომ გორში დაიბადა სტალინი და შენ ვინ ხარ’’?-ო და წავიდა გინების კორიანტელი.

))
წყარო ლანჩხუთი პლუსი