აკა მორჩილაძეს არ აქვს ბლოგი?
ან სადმე ხომ არ არის ატვირთული მისი სვეტი, რომელიც გაზეთ სარბიელში იბეჭდებოდა.
მაგის გამო ვყიდულობდი ბავშოBაში მაგ გაზეთს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აგე, რამდენ ხანს არ მოვხვედრივარ აქ და ამ შაბათს ისევ აღმოვჩნდი "კრევინ კოტეჯზე", სადაც თამაშობს ლონდონის პატარა კლუბი "ფულჰემი".
ძველი და პატარა კლუბი ლონდონში იმდენია, რომ ვერ დათვლი, მაგრამ "ფულჰემი" ალბათ ერთადერთია მათ შორის პრემიერლიგაში რომ ირჯება და ადგილსაც აღარ თმობს იოლად.
იოლად პრემიერლიგაში არავინ არაფერს თამაშობს, მაგრამ "ფულჰემი" განსაკუთრებულია.
მაშ მივესალმოთ როი ჰოჯსონის "შავ-თეთრ" ლაშქარს! დიჯეის ამ სიტყვებს ომახიანი მარად ფუჰლემ! - მოჰყვება ხოლმე.
ამ კლუბის ძალიან თავისებური და თბილი გარემო ალბათ ცალკე სასაუბრო თემაა, ამჯერად "კრევინ კოტეჯზე" მოხვედრა ჩემთვის სულ სხვა რამის გამო გამოვიდა მიმზიდველი.
საქმე ისაა, რომ ჯონი ჰეინისის სახელობის ტრიბუნაზე, როგორც აქ იტყვიან "სტენდზე" მოვხვდი. ბილეთს რომ დავხედე, ნაცადმა მეგობარმა მითხრა, კარგი ადგილია, ოღონდ ტრიბუნა ძველია და უშველებელ ნაბიჯგ ბოძებზე დგას, რამაც შეიძლება უჩვევ კაცს თამაშის ხილვაში ხელი შეგიშალოსო.
ნაბიჯგბიოძებიან ტრიბუნაზე ადრეც არაერთხელ მომვხვდარვარ, მაგრამ იმას ხელი არაფრისთვის შეუშლია, მეორეს მხრივ კი ასეთი ტრიბუნები პრემიერლიგის აღარც ერთი კლუბის სტადიონებს აღარ აქვთ, "ფულჰემის" გარდა.
ყოველ შემთხვევაში, პრემიერლიგაში ეს აღარ მინახავს და ყოჩაღ "ფულემ", რომ ეს კვლავ დარჩენილა. თუმცა, არ ვიცი ხელმოკლეობის, არ ვიცი პრინციპის გამო, მგონი ორივესი ერთად და მშვენიერი საქმე კი გამოვიდა.
სტადიონი ჯერ ისედაც სახლსა ჰგავს და ამ ტრიბუნით ხომ საერთოდ.
უნდა მოგახსენოთ რომ ყველა სტადიონს აქვს თავისი განსაკუთრებული "სტენდი", უფრო ხშირად ეს კარს უკანა სტენდებია, რომლებსაც აქ "სპაიონ კიპებს" დაუძახებენ ხოლმე, ერთი სამხრეთაფრიკული მთის სახელის მიხედვით. ესაა ძველი, ფეხზე სადგომი ადგილები, სადაც დღესაც კი ფეხზე დგანან თამაშის უმეტეს დროს. თუმცა, ეს ხანგრძლივი ფეხზე დგომა ინგლისში აკრძალულია და სტიუარდესებს ბევრი შრომა უწევთ. თუნდაც "ენფილდის" ყველაზე განთქმული "კოპი" ავიღოთ, ან მეტიუ ჰარდინგის სტენდი "სტემფორდ ბრიჯზე".
ამ ადგილებიდან ყოველთვის ყველაზე მეტი ხმაური მოდის, ფეხბურთელისა და თამაშის შეფასებაც სწორედ ასეთი ტრიბუნებიდან იწყება. თავისიანსაც და სხვისიანსაც პირველად აქედან აქებემ და აძაგებენ. დახმარებაც აქედან მოდის.
მასპინძლობისას გუნდებს უყვართ, რომ მეორე ტაიმში სწორედ იმ კარში შეუტიონ, ამ "სტენდის" წინ რომ დგას. თუ დააკვირდებით "ლივერპული" ყოველთვის "კოპის" მხარეს უტევს მეორე ტაიმში.
"კრევინ კოტეჯსაც" აქვს ასეთი ტრიბუნა, "ჰამერსმიტ სტენდი", იგივე "ჰამმი", იგივე "სმიტტი". "ჰამმიზე" ადრე მოვხვედრილვარ და რა თქმა უნდა კარის უკანა "სტენდზე" ყოფნა სულ სხვა რამ გახლავთ. საერთოდ, ყველა ტრიბუნას თავისი სული აქვს. ოთხთაგან ერთი ყოველთვის სუსტია, რადგან იქ ყოველთვის სტუმარი გუნდის ფანობა იკავებს ადგილს და ხშირად მასპინძლები იქ კლუბის სტუმრებს და სხვა შინაურ ხალხსაც დასხამენ ხოლმე. მაგალითად, იმავე "სტემფორდ ბრიჯზე", "ისტ სტენდის" ზედა სექტორები უმეტესწილად ტურისტულია ხოლმე. ამიტომ, ეგებ ეს ყველაზე მდუმარე ტრიბუნაც კი იყოს, სამაგიეროდ მეთიუ ჰარდინგის მხარე რომ დასძახებს...
სულ სხვა რამის მოსაყოლად წამოვიწყე ეს ამბავი და გადავუხვიე, ეგრე იცის ფეხბურთზე ლაპარაკმა.
მოკლედ, "ჯონი ჰეინისის სტენდზე" მოვხვდი. ის, მთავარი, "როვერსაიდის სტენდის" საპირისპიროდ მდებარეობს. თავად "როვერსაიდი", ზურგით პირდაპირ ტემზაზეა გადმოკიდებული. ამიტომაც ჰქვია ასეთი სახელი.
ჯიმი ჰეინესი ლამის თვრამეტ წელიწადს თამაშობდა "ფულჰემში." ხელობით ინსაიდი იყო და ინგლისში დღემდე მიჩნეულია პასის კულტურის ერთ-ერთ ფუძემდებლად. ის რომ "მილანში" გადასულიყო, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნებოდა, მაგრამ ის "ფულჰემში" დარჩა. ჯიმი იყო ინგლისის პირველი დიდხელფასიანი ფეხბურთელი, კვირაში ასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით: როგორც კი გამოვიდა კანონი, რომ ფეხბურთელს 20 გირვანქაზე მეტის მიღება შეეძლო კვირაში, პირველი ჯიმი დააფასეს. ის ნაკრების კაპიტანი იყო, მაშინაც კი, როდესაც "ფულჰემი" მეორე დივიზიონში იყო გაჩხერილი. მოკლედ...
ჯიმ ჰეინესი ავტოკატასტროფაში დაიღუპა რამდენიმე წლის წინათ, შოტლანდიაში, სტენდს კი მისი სახელი მიენიჭა. ეს ტრიბუნა გასაოცრად ეხმარება იმ კაცს, ვისი სახელიც ჰქვია. მასზე რომ შეაბიჯებ, თითქოს იმ დროში შედიხარ, რომელშიც ის თამაშს იწყებდა. იწყებდა კი არა, ჰეინესი რომ დაიბადა, ეს სტენდი უკვე არსებობდა. იგი უძველესია დღევანდელ ინგლისურ სტენდებს შორის.
ყველაფერმა შეიცვალა იერი. კლუბებმა ძველი სახლები მიატოვეს, ძველი სკამები დაყიდეს და ახალ, დიდებულ სტადიონებზე გადაბარგდნენ. ანდა, ძველები ისე გადააკეთეს, რომ იმ სიძველისა გარეგნულად აღარაფერია დარჩენილი.
განახლება-გადაკეთება "კრევინ კოტეჯზეც" მთელ საუკუნეს მიმდინარეობდა, მაგრამ "სტენდი" როგორღაც ასცდა სიახლეებს, ბოლოს კი სამუზეუმო სახე მიიღო, ისევე როგორ "კრევინ კოტეჯის" აგურის გალავანმა და ახლა წარმოუდგენელია, რომ "ჰეინესის სტენდზე" ის სკამები შეცვალონ, 1905 წლიდან რომ დგას, ხის სკამები, ისეთი როგორიც ოდესღაც იდგა თბილისის ცირკის პირველ რიგებში.
დიდი, თუჯისგან ჩამოსხმული სამაგრები, ხის იატაკი. მთლად გაცვეთილი ქომაგთა ფეხებით, მაგრამ მაინც მყარი.
საბიჯგი სვუტები ეიფელის კოშკის ეპოქისაა, სახურავი კი ახალია, მაგრამ... რას დაეძებ სახურავს, როცა ასეთ სკამზე ზიხარ და ფეხბურთს უყურებ. ძველი გამომშრალი ხე, ჩამუქებული, მარადიული.
იქ ყოფნა საოცარია. ნამდვილად არ ვაჭარბებ, ეტყობა პირველად რომ მოვხვდი ამ სტენდზე, იმიტომ, თორემ ადამიანები მთელ სიცოცხლეს ატარებენ ამ რიგებში.
წინა რიგები პლასტმასისაა, იმიტომ რომ იქ ოდესღაც ფეხზე სადგომი ადგილები იყო. აქედან ფეხბურთის ყურება დიდი საჩუქარია ნამდვილად.
არ ვიცი სხვაგან თუ კიდევაა სადმე ასეთი რამ. იქნება ალბათ, ინგლისია... "ჰეინესის სტენდი" იმითაა ცნობილი, რომ მას ყველაზე ვიწრო შესასვლელები აქვს ბილეთის კონტროლის კარში. ლაზათიანი ღიპით იქ შეტევა ჭირს, უნდა შეეკვეტო და მორჩა. სიმბოლურობას რომ წავყვეთ, აქ მოხვედრა ძნელია, თუმცა, უკეთესი ადგილი ფეხბურთის საყურებლად, ძნელი სანახავია. არც ის სვეტები გიშლის ხელს, მეტიც, შეათვალიერებ ხოლმე ხანდახან .
"ფულჰემს" გამორჩეული გულშემატკივრები ჰყავს. ისინი ბევრნი არ არიან, პრემიერლიგის მაშსტაბს თუ მივყვევით, მაგრამ ისინი გამოლრჩეულები არიან, იერითაც, ქცევითაც და ხმითაც. თითქოს დღევანდელ სამყაროში საიდანღაც შემორჩენილი ხალხია. "ჰეინესის სტენდისა" არ იყოს, მათ გვერდით ყოფნაც საინტერესოა თამაშის დროს.
რაც მე "დინამოს" ძველ სტადიონზე ამბები მომისმენია, იმის სამიარუსიანობაზე, იმის თაღზე. მგონი, ნაშთები დღევანდელი "დინამოს" ადგილებშიცაა შემონახული. ოღონდაც, ჩვენ უფრო ლაპარაკი გვიყვარს ასეთ რამეებზე, ინგლისელებს კი შენახვა.
აი, სადღაც მაინც გადარჩა.
ეს სტადიონი იმ კაცის აშენებულია, ვინც თავის დროზე გლაზგოში "აიბროქსი" ააშენა. სქოთო კაცი იყო. მოვყვებოდი იმის ამბავსაც, მაგრამ სხვა დროს იყოს.
ის თამაში კი ძალიან შემერგო. ფრე იყო, მაგრამ მაინც. სამაგიეროდ "ჰეინესის სტენდზე" ვიჯექი და რაღაც სხვას ვუყურებდი.
This post has been edited by akkai on 14 Sep 2013, 04:12